ამ დროისთვის დევნილები „დირსის“ ერთ, მე-15 კორპუსში რჩებიან და მათთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. ამის შესახებ „ლიბერალს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ ისინი თითოეული ოჯახის სიტუაციას და ბინით დაკმაყოფილების საკითხს ცალ-ცალკე განიხილავენ.
გუშინ „დირსის“ მე-13 კორპუსი დატოვეს იძულებით გადაადგილებულმა პირებმა. მათსა და ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა წარმატებით დასრულდა. საინიციატივო ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსგან 2020 წლამდე ბინებით დაკმაყოფილების პირობა მიიღეს.
კომპანია „დირსის“ კორპუსებში 150-მდე დევნილი ოჯახი 1 აპრილს შევიდა და ბინები დაიკავა. მას შემდეგ კორპუსებთან პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველები შენობაში შესვლის უფლებას არავის არ აძლევდნენ, არც ჟურნალისტებს და არც გარეთ დარჩენილ დევნილებს.
გუშინ შენობის გარეთ შეიკრიბნენ დევნილების ახლობლები, რომლებიც ცდილობდნენ, საკვები მიეწოდებინათ შიგნით მყოფი ოჯახებისთვის. ერთ-ერთი მათგანი „ლიბერალთან“ ჰყვებოდა, რომ შიგნით ბავშვები და მოხუცებიც არიან, მათ არ აქვთ წყალი და საკვები. ასევე, შენობაში ცივა და გაუსაძლისი პირობებია.
„აქ იმისთვის ვართ, რომ დევნილებს მოგვცენ ჩვენი კუთვნილი ჭერი, სხვას არაფერს ვითხოვთ, სხვისას არ ვითხოვთ, რაც გვეკუთვნის მხილოდ იმას“, - ამბობდა ერთ-ერთი დევნილი „ლიბერალთან“.