„პანორამა თბილისის“ მშენებლობიდან ჩამოვარდნილი მუშების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ორი მათგანი „ამტელ ჰოსპიტალში“ მკურნალობს.
„ჩვენს კლინიკაში მოყვანილია ორი ახალგაზრდა კაცი. ერთი არის 19 წლის, მეორე – 21-ის. მათი თქმით, მუშაობის დროს სიმაღლიდან ჩამოვარდნენ. საუბარია დაახლოებით 8-9 მეტრზე. მათ მიიღეს როგორც ქალა-ტვინის, ასევე სხეულის ზოგადი ტრავმა. თვითონ მხოლოდ იმას ამბობენ, რომ სიმაღლიდან გადმოვარდნენ, სხვა გარემოებები არ ახსოვთ. ამ დროისთვის შეიძლება ითქვას, რომ მათი მდგომარეობა სტაბილურია,” – აცხადებს ექიმი.
ერთი დაშავებული ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული. ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობაც სტაბილურია.
„აქ არის ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მოტეხილობა, ფილტვების დაჟეჟილობა, მუცლის დახურული ტრავმა, თუმცა საოპერაციო არ არის,“ – აცხადებს ექიმი.
გუშინ, რუსთაველის #1-ში, სადაც პანორამა თბილისის მშენებლობა მიმდინარეობს, მშენებლობიდან 3 მუშა გადმოვარდა.
შს სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
„თბილისი პანორამის“ მშენებლობაზე სამი მუშა დაშავდა
„თბილისი პანორამაზე“ მუშების დაშავების ფაქტზე შსს გამოძიება დაიწყო
ვიდეო ► „მკვლელები არიან, არანაირი ზომები არაა დაცული“ - „პანორამაზე“ დასაქმებული მუშა
„თბილისი პანორამის“ სამშენებლო სამუშაოები ინსპექციის შემოწმების შემდეგ შეაჩერეს