პარლამენტმა სექსუალური შევიწროების შესახებ ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.
სექსუალური შევიწროების თემაზე ცვლილებები შევიდა ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, შრომის კოდექსში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსსა და სახალხო დამცველის შესახებ კანონში. კანონპროექტი პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ მოამზადა.
როგორ დაისჯება სექსუალური შევიწროება
საქართველოს კანონმდებლობა ტერმინს - სექსუალური შევიწროება, არ იცნობს. მიღებული საკანონმდებლო პაკეტით შემოდის განმარტება, თუ რა მიიჩნევა სექსუალურ შევიწროებად და როგორ დაისჯება.
ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის მიხედვით, 166-ე მუხლს დაემატა პრიმა მუხლი, სადაც წერია:
სექსუალური შევიწროება არის საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს. ეს ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
სექსუალური შევიწროება ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით.
სექსუალური შევიწროება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით. ხოლო ამ ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში ან ორი ან მეტი პირის მიერ გამოიწვევს დაჯარიმებას 800-დან 1000 ლარამდე ოდენობით, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.
შენიშვნა: ამ კოდექსის მიზნებისთვის სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან/და მიმართვა, გენიტალური ორგანოების ჩვენება, ნებისმიერი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ფიზიკური ქცევა.
კანონპროექტის ავტორების თანახმად, ცვლილების ძირითადი არსია, დაარეგულიროს სექსუალური შევიწროების საკითხი საჯარო სივრცეში.
სექსულური შევიწროების განმარტება შრომის კოდექსში
საქართველოს შრომის კოდექსი იცნობს შევიწროების ტერმინს, როგორც დისკრიმინაციის ზოგადი დეფინიციის ერთ-ერთ ნაწილს, თუმცა არ განმარტავს სექსუალურ შევიწროებას.
ცვლილების ძირითადი არსია, დაარეგულიროს სექსუალური შევიწროების საკითხი, შრომით ურთიერთობებში.
მიღებული ცვლილება ეხება შრომის კოდექსის მეორე მუხლს, რომლის მიხედვითაც, მეორე მუხლის მე-4 პუნქტში შევიდა ცვლილება კერძოდ, კი ცვლილების მიხედვით:
დისკრიმინაციად (მათ შორის სექსუალურს შევიწროებად) მიიჩნევა პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.
ამავე მუხლს დაემატა 4 პრიმა პუნქტი. აღნიშნული ცვლილების მიხედვით, საქართველოს შრომის კოდექსს დემატება სექსუალური შევიწროების განმარტება, რომელიც მოიცავს პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევას, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.
რა უნდა ვიცოდეთ სექსუალური შევიწროების შესახებ - ინტერვიუ თამარ საბედაშვილთან
ვიდეო ►როგორც ამოვიცნოთ სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე
ომბუდსმენმა სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა - უფლებადამცველები კანონის საჭიროებაზე საუბრობენ