ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის, ნიკა ლატარიას განცხადებით, კონსერვატიული პარტია ნანა კოსტავას პარტიიდან გარიცხვის საკითხზე იმსჯელებს. ნანა კოსტავა კონსერვატიული პარტიის წევრია.
მისი განმარტებით, პარტიის ლიდერს, ზვიად ძიძიგურს აღნიშნულ საკითხზე უკვე რამდენჯერმე ესაუბრა და კოსტავას პარტიიდან გარიცხვის თაობაზე პარტია იმსჯელებს.
„ჩვენ რა ბერკეტიც გვქონდა საკრებულოს, მაქსიმალურად გავაკეთეთ, მან დატოვა თანამდებობა ჩვენთან კონსულტაციის შემდეგ, მას ასევე დაატოვებინეს გენდერული საბჭო. ამის მეტი ბერკეტი ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს. უკვე მან უნდა გადაწყვიტოს უღირს, იქნება საკრებულოში დეპუტატად თუ წავა და დატოვებს საკრებულოს“, - განუცხადა ლატარიამ ჟურნალისტებს.
ქუთაისის საკრებულოს წევრი ნანა კოსტავა საკრებულოს დატოვებას, სავარაუდოდ, აღარ აპირებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, კოსტავამ პირველ არხს სატელეფონო ინტერვიუში განუცხადა, რომ მისმა ამომრჩეველმა „აიძულა, არ მიეტოვებინა ისინი“.
„კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ასეთი წარწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ ბლოგერის სალომე ბარკერის ერთ-ერთი ვიდეოშარჟი. კოსტავამ მოგვიანებით პოსტი წაშალა. 27 მაისს ცნობილი გახდა, რომ სალომე ბარკერის 16 წლის და ლაგოდეხის ნაკრძალში დაიღუპა. კოსტავას ამ პოსტს საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, უკვე რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა ქუთაისში ნანა კოსტავას საკრებულოდან წასვლის მოთხოვნით. ნანა კოსტავამ აღნიშნული პოსტის გამო ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ტრაგედიის შესახებ არ იცოდა.