
უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე, თავდაცვის მინისტრის პორტფელის გარეშე დარჩენილი ლევან იზორიას კანდიდატურის დასახელებამ, იურისტთა წრეებში გარკვეული შეკითხვები გააჩინა. ამ შეკითხვების ლეგიტიმურობას იწვევს „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ” კანონში მიმდინარე წლის 2 აპრილს შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვით, უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებად დასახელებულნი არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური.
ამავე კანონის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უშიშროების საბჭოს მდივნის ფუნქციას საბჭოს ერთ-ერთ მუდმივ წევრს აკისრებს.
მიუხედავად კანონის დათქმისა, ლევან იზორიას კანდიდატურის დანიშვნაში პრობლემას ვერ ხედავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე. „არ არის აუცილებელი მას მინისტრის პოსტი ეკავოს. ეს გაწერილია კანონით. შესაძლებელია იყოს მინისტრიც, მაგრამ ეს შესაძლებელია უამისოდაც. აქედან გამომდინარე, პრობლემა, მით უმეტეს კანონისმიერი, აქ არ არის,“ - განაცხადა მდინარაძემ.
უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის ლევან ბოძაშვილისთვის გაუგებარია მამუკა მდინარაძის მხრიდან კანონის ამგვარი ინტერპრეტაცია და იზორია უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშვნის შესაძლებლობას გამორიცხავს, თუ კი კანონი არ შეიცვალა. იგი ამგვარი ცვლილების საჭიროებაზეც ამახვილებს ყურადღებას:
„მივესალმები, თუ კანონში ცვლილება მოხდება. უშიშროების საბჭო არის პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო და არ არის სასურველი მისი მდივნის ფუნქციას რომელიმე მინისტრი, მით უმეტეს ძალოვანი მინისტრი ითავსებდეს. ეს არა მხოლოდ ინტერესთა კონფლიქტს იწვევს, არამედ თავად საბჭოს ეფექტურობისთვის არ არის სასურველი. ამ დროს მინისტრის ფუნქციები არამიზნობრივად იზრდება, ხოლო საბჭოსი კნინდება. თან მინისტრს ისედაც ბევრი საქმე აქვს და საბჭოს ხელმძღვანელობისთვის პრაქტიკულად დრო აღარ რჩება. საბჭოს მოწვევის საკითხი შეიძლება ხშირად დადგეს და მისი კურატორობა დამოუკიდებელმა პირმა უნდა განახორციელოს“ - აცხადებს „ლიბერალთან" ლევან ბოძაშვილი.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ დღეს ამ თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ თავდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი ლევან იზორია უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს.