ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ჩორჩანის და წაღვლის განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საგუშაგოების მოწყობას ორ ლოკაციაზე განაგრძობენ.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით: „საოკუპაციო ძალები, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ ორ ლოკაციაზე. ხოლო, ოკუპირებულ სოფელ წნელისში განთავსებულია საოკუპაციო ძალების ე.წ. „საგუშაგო".
აღნიშნული წარმოადგენს უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციულ ქმედებას, რაც სერიოზულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
პროცესში ჩართულნი არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარები. ასევე ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი", - აცხადებენ უწყებაში.
28 აგვისტოს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა.
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების „გაღიზიანება“, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, სოფელ ჩორჩანის ტყეში გზის გაყვანას და პოლიციის საგუშაგოს განთავსებას მოჰყვა.