გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) ახალი პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ წარადგინა. ამ პროექტის ფარგლებში მომზადდა კვლევა საქართველოში ქალთა ეკონომიკური აქტივობის შესახებ.
ანგარიში იკვლევს საქართველოში ქალების ეკონომიკური არააქტიურობისა და არაფორმალური დასაქმების მიზეზებსა და შედეგებს. კვლევა ჩატარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაკვეთით სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით. კვლევის დიზაინის შემუშავებას, მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზს აწარმოებდა CRRC-საქართველო, დოქტორ ალექსის დაიმონდი და დოქტორ მარგარეტ ჯენკინსი.
გაიმართა ფოკუსჯგუფები და ინტერვიუები ექსპერტებთან. გამოკითხვა 2018 წლის აპრილსა და მაისში ჩატარდა. გამოიკითხა 1438 რესპონდენტი.
კვლევის შედეგად გამოვლენილი გამოწვევები:
- ეკონომიკურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა (უძრავი ქონება, ფინანსური რესურსები);
- გენდერული სტერეოტიპები და აუნაზღაურებელი შრომის უთანაბრო გადანაწილება;
- განათლების სექტორისა და შრომის ბაზრის გენდერული სეგრეგაცია;
- პოლიტიკისა და სერვისების ნაკლებობა/ნაკლები ეფექტიანობა;
- დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში (შევიწროება და სხვა).
რა აჩვენა კვლევამ
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ქალთა დაბალ ეკონომიკურ აქტივობასთან მთელი რიგი ფაქტორებია დაკავშირებული. მათ შორის უპირველესი იმ აუნაზღაურებელი შრომის არაპროპორციულობაა, რასაც ქალები ეწევიან. როგორც რეგიონში ჩატარებული რამდენიმე კვლევა ადასტურებს, თუ ქალის მოვალეობები ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით შემცირდება, მისი ეკონომიკური ჩართულობა გაიზრდება (საქართველოსთვის იხილეთ AYEG, 2014).
ქალთა მსოფლიო ორგანიზაციის 2015-2016 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ქალების შემოსავალი კაცების შემოსავლის 64%-ია. მსგავსი სახელფასო განსხვავება ვლინდება იმ სექტორებშიც, სადაც ძირითადად ქალები არიან დასაქმებულები (საქსტატი, 2014). ეს აჩვენებს, რომ პრობლემა არ არის მხოლოდ სამუშაოს სეგრეგაციით გამოწვეული.
„შინამეურნეობები, რომლებშიც ქალი (რესპონდენტი) არ მუშაობს, 26%-ით უფრო ღარიბები არიან.“
მსოფლიო ბანკის შეფასებით, ქალთა ნაკლები ჩართულობა ეკონომიკურ საქმიანობაში ამცირებს საქართველოს მშპ-ს 12%-ით (მსოფლიო ბანკი, 2017). სხვა კვლევებიც ადასტურებს, რომ ეკონომიკა და კომპანიებიც უფრო ეფექტურები არიან ქალთა ეკონომიკური ჩართულობის ზრდის პირობებში (მსოფლიო ბანკი, 2012).
„უფრო მეტიც, ქალთა ეკონომიკური ჩართულობის ბარიერები აფერხებს ინოვაციებს, რადგან საუკეთესო შესაძლებლობები არაეფექტიანადაა გადანაწილებული (მსოფლიო ბანკი, 2012).“
კვლევის მიხედვით, სამუშაო ძალა საქართველოში მთლიანი მოსახლეობის 63%-ს შეადგენს (18+), მათგან 79% არის კაცი, ხოლო 50%-ქალი. სამუშაო ძალაში მონაწილეობის მხრივ მნიშვნელოვანი განსხვავება დასახლებებს შორის არ შეინიშნება. თბილისში, სხვა ქალაქებსა და სოფლებში კაცების დაახლოებით 80% მონაწილეობს სამუშაო ძალაში, ქალებთან მიმართებით კი ეს მაჩვენებელი 50%-ია. კვლევის ფარგლებში სამუშაო ძალის დაყოფა დასაქმებულებად და უმუშევრებად აჩვენებს, რომ მოსახლეობის დაახლოებით 18% (18+) უმუშევარია. უმუშევრებს შორის მნიშვნელოვანი გენდერული განსხვავება არ შეინიშნება (უმუშევრების 17% კაცია, 20% - ქალი).
„საქართველოში ქალი ფერმერები მიწის ნაკვეთების 20%-ს მართავენ, დანარჩენი 80% კი კაცი ფერმერების მიერ იმართება“.
კვლევის მიხედვით, ქალების ეკონომიკური აქტიურობის დონე 57%-ია, კაცების - 77%.
„ის ფაქტი, რომ თითქმის 5-დან 1 ქალი (17%) საქსტატის მონაცემებით) დიასახლისობას ასახელებს ძირითდ საქმიანობად მიუთითებს იმაზე, რომ ტრადიციული გენდერული როლები არის ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტიურობის საფუძველი, საზოგადოება არ ახალისებს ქალთა დასაქმებას, არამედ პირიქით, „- ნათქვამია კვლევაში.
2018 წლის გაეროს ქალთა კვლევის წინასწარი შედეგებით, ის ქალები ვინც არ მუშაობს ამას ოჯახური პასუხისმგებლობებით ხსნის - 49%, კაცების მხოლოდ 22% ასახელებს იგივე მიზეზს.
„24% ქალების და 2% კაცების ამბობს, რომ მათი არჩევანია სახლში ყოფნა ბავშვებთან. საქართველოში 5 ქალიდან 1 ამბობს, რომ მის ქმარს სურს, ის არ მუშაობდეს (50-1 კაცმა თქვა იგივე).“
საქართველოში ქალთა 49%-ის თქმით, ისინი საოჯახო ვალდებულებების გამო არ მუშაობენ. სამუშაო ძალაში ქალებისა და კაცების მონაწილეობის განსხვავების უპირველესი მიზეზი საოჯახო საქმიანობაა.
„საქართველოში დასაქმებული ქალები 41%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე კაცები. ქალთა დიდი ნაწილის თქმით, ისინი არ მუშაობენ, არ უძებნიათ სამსახური ან წამოვიდნენ სამსახურიდან არასაკმარისი ანაზღაურების გამო“.
კვლევის მიხედვით, თუ გავითვალისწინებთ, რა დრო ეხარჯებათ ქალებს ოჯახის მოვლასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობების გამო, ნათელია, რატომ სახელდება ეს მიზეზი ყველაზე ხშირად უმუშევრობის განმაპირობებელ ფაქტორად.
ქალები მიუთითებენ, რომ საშუალოდ, საოჯახო საქმეებზე ეხარჯებათ კვირაში 45 საათი: ეს იგივეა, რაც სრულ განაკვეთზე მუშაობა, რეგულარული ზეგანაკვეთური სამუშაოთი. ოჯახის მოვლის ტვირთი არც დასაქმებულ ქალებშია ნაკლები. აღნიშნული მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ქალაქის ტიპის დასახლებებში, თბილისის გარდა. ქალები სხვა ურბანულ დასახლებებში მიუთითებენ, რომ აუნაზღაურებელ შრომას სახლში უთმობენ 56 საათს. ეს მაჩვენებელი 43 საათია თბილისისათვის და 37 საათი სოფლის ტიპის დასახლებებში. ქალებისაგან განსხვავებით, კაცები საოჯახო საქმიანობას კვირაში 15 საათს უთმობენ. დასაქმებულ და უმუშევარ კაცებს შორის ამ კუთხით რამე მნიშვნელოვანი განსხვავება არ ფიქსირდება, ისევე, როგორც არ არის განსხვავება დასახლების ტიპების მიხედვით.
კვლევის დროს ქალის საშუალო წლიური შემოსავალი იყო 1830 აშშ დოლარი (4517 ლარი), კაცის კი - 3110 აშშ (7681 ლარი). ეს 41%-იანი სახელფასო სხვაობა. თბილისში ეს სხვაობა 43%-ია, სხვა ურბანულ დასახლებებში 53%, ხოლო სოფლებში - 26%. სოფლის ტიპის დასახლებებში შედარებით მცირე განსხვავება, სავარაუდოდ, განპირობებულია ასეთ დასახლებებში არსებული სამუშაოების სპეციფიკით: თვითდასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში და დასაქმება საჯარო დაწესებულებებში, მაგალითად - სკოლებში.
კვლევამ აჩვენა, რომ დასაქმებული ქალები შედარებით ნაკლებად ფიქრობენ, რომ „ქალებმა უნდა მოითმინონ ძალადობა ოჯახის შენარჩუნების ხათრით“ (შესაბამისი მაჩვენებლებია 10% და 6%). დასაქმებული ქალები ასევე უფრო ხშირად (33%) არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ „სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის უკეთესია, თუ დედა არ მუშაობს“, ვიდრე უმუშევარი ქალები (28%). დასაქმებული ქალები ასევე 5%-ით ნაკლებად ფიქრობენ, რომ „სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის უკეთესია, თუ დედა არ მუშაობს“.
გარდა კვლევისა, პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ მიზნად ისახავს სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ქალების, განსაკუთრებით კი ღარიბი და მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ქალების, ეკონომიკურ გაძლიერებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მათი ჩართულობის მხარდაჭერას. საქართველოში პროექტი სამ სამიზნე რეგიონს — კახეთს, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთს მოიცავს.
სოფლად მცხოვრები ქალები კაცებზე მეტს შრომობენ