Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კაცის საშუალო თვიური ხელფასი ქალისას 362 ლარით აღემატება

09 ნოემბერი 2015

„ქალი და კაცი საქართველოში“  - ასე ჰქვია პუბლიკაციას, რომელშიც მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები გენდერული თაბასწორობის 2014 წლის ძირითად ტენდენციებს ასახავს. 

გენდერული სტატისტიკის შესახებ  გამოცემული მერვე პუბლიკაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შვედეთის სტატისტიკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომზადდა.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ გენდერულ თანასწორობას აქვს  როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი ასპექტები. რაოდენობრივი ასპექტი კი გულისხმობს სქესის ნიშნით დიფერენცირებული მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა დემოგრაფია, განათლება, ჯანმრთელობის დაცვა, დასაქმება, სოციალური უზრუნველყოფა, სამართალდარღვევები და სხვა. გენდერული სტატისტიკა - ეს არის სტატისტიკა ქალისა და კაცის მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი და ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროში.

გასულ წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოში 1 მლნ 951 ათასი ქალი ცხოვრობს და 1 მლნ 779 ათასი კაცი.  ქვეყნიდან  კი  გასულია 37 ათასი ქალი და 52 ათასი კაცი.   

გასულ წელს დაქორწინდა სულ 31 ათას 526 ადამიანი, მათ შორის 16-დან 19 წლის ასაკში დაქორწინდა ქალების 13%  და კაცების  2%. 20-დან 29 წლის ასაკში ქალების  54%  და  კაცების 51% .  30-დან 29 წლის ასაკში  კი ქალების 21% დაქორწინდა, კაცების - 29%. 

რაც შეეხება განქორწინების მაჩვენებლებს, 2014 წელს განქორწინდა 9 ათას 119 ადამიანი. ასაკობრივი ზღვარის მიხედვით, განქორწინება როგორც ქალის ისე კაცის  შემთხვევაში ყველაზე მაღალია 30-დან 39 წალმდე პერიოდში.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ მართალია 2000 წლიდან 2012 წლამდე რეგისტრირებული აბორტების რაოდენობა თითქმის 3-ჯერ გაიზარდა, მაგრამ 2014 წელს  რეგისტრორებული აბორტების რაოდენობა 2012 წელთან შედარებით 14%-ით შემცირდა. აბორტების 94%  20-44 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის.

2014 წელს 2005 წელთან  შედარებით, ქალებში თვითმკვლელობათა რაოდენობა 2.1-ჯერ, ხოლო კაცებში 2.5-ჯერ გაიზარდა.

რაც შეეხება განათლების ნაწილს, 2014/2015 სასწავლო წელს 2005/2006 სასწავლო წელთან შედარებით, კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 46%-ით მეტი გოგო სწავლობს და 75%-ით მეტი ბიჭი. ანალოგიური მდგომარეობაა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ამავე  პერიოდში, 10%-ით მეტი სტუდენტი ქალი სწავლობს და 44%-ით მეტი სტუდენტი კაცი.

როგორც ქალი სტუდენტების, ასევე კაცი სტუდენტების რაოდენობა ყველაზე მაღალია სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის და სამართალის პროგრამებზე. ქალი სტუდენტების რიცხოვნობა ყველაზე დაბალია სოფლის მეურნეობის პროგრამაზე, ხოლო კაცი სტუდენტების - განათლების პროგრამაზე.

გასულ წელს ეკონომიკურად აქტიურ ქალთა რაოდენობა 1%-ით გაიზარდა 2010 წელთან შედარებით, ხოლო კაცთა - 3%-ით. დასაქმებული ქალების რიცხოვნობა, ამავე პერიოდში, 6%-ით გაიზარდა, ხოლო კაცების - 8%-ით. 2014 წელს, დასაქმებულთა 47%-ს ქალები, ხოლო 53%-ს კაცები შეადგენდნენ.

ქალებში ეკონომიკური აქტიურობის ყველაზე მაღალი დონე 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფში შეინიშნება - 80% .  თუმცა, დასაქმების დონე ყველაზე მაღალი - 74%  სწორედ იმავე ასაკობრივ ჯგუფშია, ხოლო ყველაზე დაბალი  - 20%  15-24 წლის ასაკში. რაც შეეხება უმუშევრობის დონეს, ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალ ნიშნულს აღწევს 15-24 წლის ასაკის ქალებში -29%.

2014 წელს ეკონომიკურად აქტიურ კაცთა რაოდენობა მაღალი იყო 25-34 და 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფებში (შეადგენს 92%-ს ორივე ასაკობრივი ჯგუფისთვის), ხოლო დასაქმების დონე _ 45-54 წლის ასაკობრივ პერიოდში- 84%. ისევე როგორც ქალებში, ასევე 15-24 წლის კაცებშიც უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია  -32%. ამ ასაკში თითქმის ყოველი მესამე კაცი უმუშევარია.

დასაქმებული მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი საშუალო და ზოგადი განათლების მქონეა. გასულ წელს დასაქმებულ ქალთა 37%-ს, ხოლო კაცთა 43%-ს საშუალო/ზოგადი განათლება ჰქონდა.

უმუშევარი ქალების ყველაზე დიდი წილი უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობას უჭირავს, ხოლო კაცებში საშუალო და ზოგადი განათლების მქონეს. 2014 წელს უმაღლესი განათლება ჰქონდა უმუშევარ ქალთა 46%-ს, ხოლო კაცთა 46%-ს საშუალო განათლება ჰქონდა.

რაც შეეხება ქალის  და კაცის ანაზღაურების შედარებას.  გასულ წელს, ქალების საშუალო თვიურმა ნომინალურმა ხელფასმა 618 ლარი შეადგინა, ხოლო კაცების - 980 ლარი.

2014 წლის მონაცემებით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულ კაცთა შრომის საშუალო თვიურმა ნომინალურმა ანაზღაურებამ 940 ლარი შეადგინა, რაც 351 ლარით აღემატება ამ სფეროშ  დასაქმებულ ქალთა შრომის საშუალო თვიურ ანაზღაურებას.

საქმიანობის სახეების მიხედვით, დასაქმებულ ქალთა მთლიან რაოდენობაში, ქალთა ხელფასი მხოლოდ ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილების სფეროშია შედარებით მაღალი, ხოლო დანარჩენ სფეროებში კვლავაც ჩამორჩება 11%-ით და მეტით კაცების ხელფასის რაოდენობას.

პუბლიკაციაში მოცემულია ოჯახში ძალადობის მხვერპლთა და მოძალადეთა სტატისტიკაც.

2014 წელს  მოძალადეთა 90%-ზე მეტი კაცები იყვნენ. მსხვერპლების თითქმის 90% კი ქალი.  ძალადობის შემთხვევათა საერთო რაოდენობიდან 459 შემთხვევა იყო ფიზიკური ძალადობა, 799 - ფსიქოლოგიური, 75 - ეკონომიკური, 9 - სექსუალური, 83 - იძულება, ხოლო 14 - სხვა სახის.

საქსტატსა და შვედეთის სტატისტიკას შორის თანამშრომლობის პროექტის  ფარგლებში შვედეთის სტატისტიკა საქსტატს ტექნიკურ დახმარებას უწევს სამომხმარებლო ფასების ინდექსის, ეროვნული ანგარიშების, ბიზნეს სტატიტიკის, გენდერული სტატისტიკის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების და სხვა ძირითადი სტატისტიკური კომპონენტების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^