Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სახლი მარტო ძმისთვის

26 დეკემბერი 2015

„მე მგონია, რომ ბიჭს მეტი უნდა დარჩეს. რაც მამაჩემმა დატოვა, ყველაფერი ბიჭისაა. იმას მე ხომ არ წავიღებ. მე არ მინდა, რომ ჩემი ძმის ქონება მე გამიყონ“.

მეც ასე ვფიქრობ, მზითევი რომ გამატანეს, ისიც ხომ ქონება იყო.

ჩვენ გალში სახლი გავყიდეთ. მყავს მული. ჩვენ  სიმბოლურად 300 დოლარი ვაჩუქეთ მულს. არც ჰქონია პრეტენზია. ძალიან მეწყინებოდა, რომ ჰქონოდა. მეც ძმის სახლიდან არაფერი მინდა, რომ გაყიდონ საერთოდ არ მინდა, არც ერთი თეთრი“.

მე სახლი მაქვს სოფელში და ბინა - ქალაქში. ეს ბინა რატომღაც გოგოს სახელზე მაქვს. რა მნიშვნელობა აქვს ვის სახელზეა, მაგრამ რამდენიმეჯერ მითხრა ბიჭმა, რატომ არის ის სალომეს სახელზეო? ესე იგი, მას ჰგონია...სოფელში ხომ აქვს სახლი, ისიც ჩემია და ესეც ჩემიაო. სახლში არასოდეს მითქვამს, რომ ყველაფერი ბიჭისა, მაგრამ რატომღაც ეტყობა მაინც ფიქრობს, რომ მისია.

ასე ფიქრობდნენ ქალები  ორი წლის წინ. გაეროს  განვითარების პროგრამის დაკვეთით ჩატარებული კვლევის ფარგლებში სამეგრელოსა და კახეთში მცხოვრები ქალები გამოიკითხნენ. 

საქართველოს კანონმდებლობით ქალებსაც და კაცებსაც საკუთრების თანაბარი უფლებები აქვთ. თუმცა ხშირად თანასწორობის პრინციპი ირღვევა, კანონის ნაცვლად მოქალაქეები ტრადიციული შეხედულებებით იღებენ გადაწყვეტილებას და ოჯახის  ქონებაზე საკუთრების უფლებით მხოლოდ მამაკაცი სარგებლობს.  სწორედ ამიტომ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ  ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დაიწყო. „გენდერი და საკუთრება“ ასე ჰქვია პროექტს, რომლის მიზანიც საკუთრების განაწილებისას თანაბარი უფლებების შესახებ საზოგადოების  ინფორმირებაა.

კვლევები აჩვენებს, რომ ქართულ საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრების თანახმად მშობლების ქონების უდიდესი ნაწილი ვაჟიშვილს რჩება. ყველა სახის ქონება უფრო მეტად კაცის საკუთრებად მიიჩნევა. 2013 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად,  ბიჭისთვის ქონების დატოვება ქართული ტრადიციაა, რომელიც ეფუძნება იმ აზრს, რომ ოჯახის ქონება უნდა ერგოს მამაკაცს, ხოლო ქალისთვის კომპენსაციას მზითევი წარმოადგენს. ამავე დროს, ქალი გათხოვების შემთხვევაში ხდება მეუღლის ქონების „მესაკუთრე“, რომელიც მამაკაცს მშობლებისგან დარჩა. თუმცა ეს „მესაკუთრეობა“ უფრო მეტად ქონების მოხმარების უფლებად მოიაზრება და ნაკლებად გულისხმობს მის განკარგვას, განსაკუთრებით განქორწინების შემთხვევაში.  გამოკითხვამ აჩვენა, რომ მამაკაცისთვის ქონების დიდი ნაწილის დატოვების ტრადიცია იმდენად მყარია, რომ ქალებსაც არ მიაჩნიათ მართებულად, ძმას შეეცილონ მათ კუთვნილ ქონებაში.

სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ეკა სხილაძე ამბობს, რომ საქართველოში ქალის ქონებრივი უფლებები დაუცველია და ეს პრობლემა  თავდაპირველად სწორედ მშობლების საკუთრებაში არსებული ქონების განაწილების დროს ვლინდება, სადაც  უპირატესობა ყოველთვის ბიჭს ენიჭება.  ქალები მემკვიდრეობის გარეშე რჩებიან, რაც  შემდგომ უკვე ქალის ქორწინებისას წარმოშობილ ქონებრივ უფლებებზეც ახდენს გავლენას. 

„უფრო დიდი პრობლემა, სადამდეც  ამას მივყავართ, არის ის, რომ  ქალები ხშირად ითმენენ ძალადობას იმის გამო, რომ არ აქვთ წასასვლელი, არ აქვთ ქონება. ჯერ ერთი, მშობლებისგან  მემკვიდრეობით ისინი ვერ  იღებენ  ქონებას და, მეორე, ვერ ახერხებენ  თანასაკუთრებაში არსებული ქონების  წილის მიღებას, რადგან ხშირ შემთხვევაში არ აქვთ ქორწინების რეგისტრაცია.  ხშირად ქმრები მანიპულირებენ ამ საკითხით და ქალი, რომელსაც ჰყავს ბავშვები არჩევს, იცხოვროს ისევ ძალადობრივ გარემოში, ვიდრე წავიდეს და დარჩეს უსახლკაროდ.  ჩვენ მოგვმართავენ ასეთ დროს, ამიტომ ამ პრობლემას ხშირად ვაწყდებით. ეს განპირობებულია ეკონომიკური ფაქტორებით და ქონებრივი უფლებების უგულებელყოფით“.

ეკა სხილაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოების ცნობიერებაში უნდა მოხდეს ცვლილება, ამისათვის კი უფლებების სწავლებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად შვილის სქესისა, კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები და ვალდებულებები ყველაზე თანაბრად ვრცელდება.

 „საკუთრების თანაბარი უფლება კანონითაა დაცული“ - ამ სლოგანით დაიწყო კამპანია საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. ახალი პროექტის „გენდერი და საკუთრების“ ფარგლებში ფართომასშტაბიანი საინფორმაციო შეხვედრებია დაგეგმილი. 

როგორც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, კამპანიის ფარგლებში მოეწყობა შეხვედრები მოსახლეობასთან, მომზადდება შესაბამისი საინფორმაციო მასალები - ვიდეორგოლები, ბუკლეტები, ბროშურები, პოსტერები, იმუშავებს სატელეფონო ხაზიც. მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრების დროს მათ მიეწოდებათ ინფორმაცია, რომ საკუთრების თანაბარი უფლება კანონით დაცული და აღიარებულია. 

პროექტით გათვალისწინებული შეხვედრები კახეთის რეგიონიდან 2016 წლის თებერვალს დაიწყება, სადაც, საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ქალთა საკუთრების მაჩვენებელი განსაკუთრებით დაბალია. მაგალითად, 2014 წელს ყვარელში რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან 70,6% ეკუთვნის კაცს და  29,4% - ქალს, გურჯაანში 61,3% ეკუთვნის კაცს და 38,7% - ქალს. 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურისტი თამარ წიკლაური ამბობს, რომ პროექტის იდეა პრაქტიკული გამოცდილებიდან და სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე გაჩნდა. მონაცემები კი  აჩვენებს, რომ საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონებში, გენდერული თანასწორობის პრინციპი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, დარღვეულია. ეს კი არა მარტო სტერეოტიპებით, არამედ ინფორმაციის ნაკლებობითაცაა განპირობებული: “გადავწყვიტეთ, ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, ხელი შეგვეწყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის და მოქალაქეებისთვის გვეთქვა, რომ საკუთრების თანაბარი უფლება კანონითაა დაცული, ჩვენი წვლილი შეგვეტანა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებასა და ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრაში“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^