Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოფლად მცხოვრები ქალები კაცებზე მეტს შრომობენ

26 აპრილი 2016

სოფელში მცხოვრები ქალები კაცებთან შედარებით მეტს შრომობენ. მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობაში ქალები საშუალოდ 80 დღით მეტს მუშაობენ, თუმცა  მათი ჩართულობა ამ ძირითადად უფასო შრომაში აღიარებული არ არის. არსებული ტრადიციული გენდერული შეხედულებების გამო, ქალები ნაკლებად არიან ჩართული აქტივობებში თავიანთი შინამეურნეობის გარეთ. ქალების უმეტესობას საბავშვო ბაღების ნაკლებობა აწუხებს.  სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს ძირითადი სერვისის ხელმისაწვდომობა. გამოკითხული მოსახლეობის 30.9% ვერ სარგებლობს ნაგავსაყრელით, 72.4% კი - კანალიზაციის სისტემით.  მოსახლეობის დაახლოებით 90%-ს აქვს ფინანსური პრობლემები, რესპონდენტების 43,9%  ძლივს ახერხებს საკვების ყიდვას. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა (94.6%) არ მონაწილეობს სოფლის ბიუჯეტის განხილვაში. შეზღუდულად მიუწვდებათ ხელი სასოფლო-სამეურნეო განათლებაზე, - ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი განვითარების სისტემების გენდერულ შეფასებას ისახავდა მიზნად. კვლევა კომპანია „ეისითიმ“ ჩაატარა, გაერო-ის ქალთა ორგანიზაციის (UN Women), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით.

2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის თებერვლამდე პერიოდში ჩატარებულმა კვლევამ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან ერთად ხუთი რეგიონი მოიცვა: კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი და სამეგრელო-ზემო სვანეთი. დასკვნები და რეკომენდაციები თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების ანალიზს ეყრდნობა. შესაბამისი კვლევებისა და ლიტერატურის მიმოხილვასთან ერთად ჩატარდა 30 ინტერვიუ ძირითად ინფორმატორთან, 16 ფოკუს-ჯგუფური დისკუსია და  სამიზნე რეგიონებში 2400 რესპონდენტის  (ქალი - 53%, კაცი - 47%) გამოკითხვა.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, კონტექსტისთვის სპეციფიკური სოციალური თუ კულტურული ბარიერები და არაანაზღაურებადი სამუშაო ხელს უშლის ქალებს, გასცდნენ არსებობისთვის საკმარის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და აფერხებენ მათ ჩართვას აქტიურ, შემოსავლის მომტან სასოფლო-სამეურნეო ბიზნესში.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ სიტუაცია თითქმის ერთნაირია ყველა სამიზნე რეგიონში. თუმცა აღსანიშნავია ქალების პასიურობა (ენობრივი და კულტურული ბარიერების გამო) ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში ‒ ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. თუმცა გენდერული სტერეოტიპები ხელს არ უშლის ქალების ჩართულობას საარსებო სასოფლო- სამეურნეო აქტივობებში: კაცებთან შედარებით ქალები საშუალოდ 80 დღით მეტს მუშაობენ მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობაში. ქალები ასევე არიან ოჯახის  წევრების მთავარი მომვლელები და საოჯახო საქმიანობაც უმეტესწილად სწორედ მათ ეკისრებათ.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყოველდღიურ აქტივობებზე ქალისა და კაცის მიერ დახარჯული დრო თანაბარი არ არის. ამას აჩვენა 2006 და 2008 წლებში ჩატარებულმა კვლევებმაც, რომელთა  მიხედვით კაცებს ქალებზე ორჯერ მეტი თავისუფალი დრო ჰქონდათ. დასაქმებული ქალების 77% დამატებით საოჯახო საქმეებზე 2 საათზე მეტს ხარჯავს. ქალების მიერ შესრულებული უსასყიდლო სამუშაოს ოდენობა კაცებისას 13-ჯერ აღემატება.

ფოკუსჯგუფის მონაწილე ქალებისა და კაცების მიერ ცალ-ცალკე შევსებული დროის ცხრილი აჩვენებს,  რომ ქალები კაცებზე დიდხანს შრომობენ. ეს შრომა ძირითადად უსასყიდლო საოჯახო საქმეების შესრულებას უკავშირდება. დღის განმავლობაში შრომაზე დახარჯული საათების რაოდენობა რეგიონების მიხედვით განსხვავდება. სამეგრელოში ქალები კაცებზე 2.5 საათით მეტ შრომობენ, ქვემო ქართლში - 3 საათით, აჭარაში - 3.5 საათით, სამცხე-ჯავახეთში - 4 საათით, ხოლო კახეთში - 8 საათით მეტს. კაცები ქალებზე მეტს მხოლოდ შიდა ქართლში შრომობენ. აქ ეს განსხვავება 2 საათს უდრის.

მეცხოველეობასა და მიწათმოქმედებაზე დახარჯული სამუშაო დღეების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს ყველა რეგიონში ქალები კაცებზე გაცილებით მეტს შრომობენ სასოფლო- სამეურნეო მიმართულებით. ამასთან ერთად, ქალები სხვადასხვა საოჯახო საქმესაც ასრულებენ, რაც სხვაობას კიდევ უფრო ზრდის. ყველაზე დიდი სხვაობა ქვემო ქართლში დაფიქსირდა, მას აჭარის რეგიონი მოსდევს, ხოლო ყველაზე მცირე სხვაობა შიდა ქართლის რეგიონშია აღრიცხული.

„ისეთი საოჯახო საქმეები, როგორიცაა საჭმლის მომზადება, სარეცხისა და ჭურჭლის რეცხვა და დაუთოება - ქალის მოვალეობაში შედის. კვლევის სამიზნე რეგიონებში არ გამოვლენილა ჭურჭლის სარეცხი მანქანის ფლობის არცერთი შემთხვევა. ქალები ამბობენ, რომ ჭურჭლის რეცხვა და დაუთოება მუდმივად მათ უწევთ და ამას „დაუსრულებელ სამუშაოს“ უწოდებენ. იგივე შეიძლება ითქვას საჭმლის მომზადებაზეც. გამოკითხული რესპონდენტების 5%-ს სახლში სასმელი წყალი არ აქვს, ხოლო 14.5%-ს არასასმელი წყალიც კი არ აქვს. საშუალო პროცენტული მაჩვენებელი ყველა რეგიონს არ წარმოადგენს, რადგან ქვემო ქართლის რეგიონში მოსახლეობის დიდი ნაწილი 73.3% სახლში წყლის სისტემის არარსებობას უჩივის“, - ნათქვამია კვლევაში. 

გამოკითხვა აჩვენებს, რომ  გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალების მხოლოდ მცირე ნაწილია ჩართული: საკრებულოში დასაქმებული ქალების პროცენტული მაჩვენებელი კასპში, წალკასა და მარნეულში (ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონები) 0%-დან მერყეობს, თეთრიწყაროში ‒ 24%-მდეა (ქვემო ქართლის რეგიონი) და წალენჯიხაში ‒ 26%-მდე (სამეგრელო ‒ ზემო სვანეთის რეგიონი). კვლევის სამიზნე რეგიონებში საკრებულოში დასაქმებული ქალების საშუალო მაჩვენებელი 9%-ს შეადგენს. გამგეობაში დასაქმებული ქალების საშუალო პროცენტული მაჩვენებელი 34%-ია.

კვლევის რესპონდენტების 87.7%-ის თანახმად, ისინი არ არიან ჩართულნი ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მათი უმრავლესობა ‒ 78.4% - არ არის ამით დაინტერესებული, ხოლო 15.1% ფიქრობს, რომ მათი ჩართულობა არაფერს შეცვლის, რადგან მათ ხმით არაფერი შეიცვლება. ამ კუთხით გენდერული განსხვავებები არ დაფიქსირებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში მონაწილეობისგან თავის შეკავებაზე ქალებისა და კაცების თანაბარი რაოდენობა საუბრობს.

ფოკუსჯგუფის მონაწილეებმა იციან, რომ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებებს ძირითადად კაცები იღებენ. მათი შეფასებით, ადგილობრივი მთავრობის 80%-ს კაცები შეადგენენ, თუმცა არათანაბარ განაწილებას პრობლემად არც ქალები აღიქვამენ და არც კაცები. კაცი მონაწილეები თანხმდებიან, რომ ქალები ჩართულნი უნდა იყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თუმცა, მათი მოსაზრებით, ქალის მთავარი მოვალეობა ბავშვების აღზრდა და საოჯახო საქმეების შესრულებაა.

ამავე კვლევის მიხედვით, სოფლებში გენდერული ცნობადობის ნაკლებობაა. მაგალითად, წალკის რაიონის სოფლების, აშკალასა და კუშჩის რწმუნებულები აცხადებენ, რომ ქალი სახლში უნდა იჯდეს, რეპროდუქციული ფუნქციები შეასრულოს და სხვა აქტივობებში არ უნდა ჩაერთოს. ეს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლებია, სადაც ადგილობრივი ქალები ნაკლებად ფლობენ ქართულ ენას, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ ჩართვას კიდევ უფრო ართულებს. იგივე ბარიერი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჩატარებული ფოკუსჯგუფების დისკუსიების დროსაც გამოვლინდა, სადაც ადგილობრივმა კაცებმა თავიანთი ოჯახის ქალ წევრებს მათთვის „უცნობებთან შეხვედრის“ აკრძალვის მოტივით ფოკუსჯგუფებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.

გამოკითხული მოსახლეობის დაახლოებით 20% აცხადებს, რომ მათ შემოსავლები არა სასოფლო- სამეურნეო გზით, არამედ ხელფასების სახით აქვთ, დაახლოებით 10% კი თვითდასაქმებულია. მონაცემები გვაჩვენებს, რომ აშკარაა გენდერული სახელფასო უთანასწორობა: საშუალო წლიური ხელფასი კაცებისთვის 4000 ლარია, მაშინ, როცა ქალების შემთხვევაში ის 3000 ლარს შეადგენს. საშუალო წლიური შემოსავალი კაცებისთვის თვითდასაქმების შემთხვევაში 4000 ლარია, ქალებისთვის კი - 2000 ლარი.

სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს ზოგიერთი ძირითადი სერვისის ხელმისაწვდომობა. მოსახლეობის 30.9% ვერ სარგებლობს ნაგავსაყრელით, 72.4% კი - კანალიზაციის სისტემით.

რესპონდენტების 30.8%-ისთვის პრობლემას წარმოადგენს საბავშვო ბაღების სერვისზე ხელმისაწვდომობა. ამ რესპონდენტების 52.7% ქალია, 47.3% კი - კაცი. პროცენტულობა განსხვავდება რეგიონების მიხედვით. საბავშვო ბაღების არარსებობის საკითხი მწვავედ დგას შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.

კვლევამ აჩვენა, რომ ქალები კაცებზე ნაკლებად ინფორმირებულნი არიან და იშვიათად მონაწილეობენ საჯარო, ადგილობრივ სათემო შეხვედრებსა და ადგილობრივი მთავრობის, საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურების, ტექნიკური პროფესიული განათლებისა და ტრენინგების ცენტრის თუ განვითარების ორგანიზაციების ტრენინგებში.

”მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი სტრატეგია და კანონი, რომელიც გენდერული თანასწორობის მუხლებს შეიცავს, რეალობა აჩვენებს, რომ: ა) გენდერული თანასწორობის დებულებების უმრავლესობა ფურცელზე რჩება, არის განხორციელებისა და პასუხისმგებლობების მკაფიო განაწილების ნაკლებობა; ბ) გენდერული თანასწორობის დებულებებს აკლიათ დროში გაწერილი მიზნები, საფუძვლები თუ ინდიკატორები პროგრესის გასაზომად, ასევე, არსებობს მონიტორინგისა და ანგარიშგების მექანიზმების ნაკლებობა; გ) არსებობს ბიუჯეტური სახსრების ნაკლებობა და ზედმეტი მოლოდინი, რომ ინიციატივები დონორების მიერ დაფინანსდება და დ) მიუხედავად ბოლო წლებში მომხდარი გარკვეული გაუმჯობესებისა, ზოგიერთ რეგიონში კვლავაც არ ხდება სქესის მიხედვით დაყოფილი მონაცემების მოპოვება და /ან გაანალიზება. საქართველოში ჩატარებული ბოლოდროინდელი კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობა იღებს კანონებსა და სხვა დოკუმენტებს, თუმცა არ გამოყოფს თანხას მათი განხორციელებისათვის“, -  ნათქვამია კვლევაში.

გაერო-ის ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა ამბობს, რომ მნიშვნელოვანია კვლევის შედეგად შეგროვებული მონაცემების, განსაკურებით თვისობრივი მონაცემების ანალიზი, იმისათვის, რომ უფრო კარგად გავიგოთ სოფლებში კაცებისა და ქალების სამუშაო როლების განაწილების საკითხი, ასევე ბარიერები და მიზეზები, რათა  შემდგომში  ქალების აუნაზღაურებელი სამუშაო დაფასდეს და  უკეთესი ცხოვრების პირობები შეექმნათ.  ასევე, მნიშვნელოვანია, გავიგოთ რა წვლილი შეაქვთ ქალებსა და კაცებს იმ საზოგადოების  განვითარებაში, სადაც ცხოვრობენ, რა საჭიროებების და გამოწვევების წინაშე დგანან, რათა შესაბამისი ღონისძიებებით დავეხმაროთ ცხოვრების გაუმჯობესებაში.  

კვლევაში საუბარია რეკომენდაციებზეც. აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია ეროვნული და რეგიონული სტრატეგიების კოორდინაცია და გენდერული მეინსტრიმინგი; გენდერული სტერეოტიპების მართვა; მიზნობრივი ინიციატივების შემუშავება და განხორციელება; ადგილობრივ დონეზე ქალების და კაცების უფრო თანაბარი და აქტიური ჩართულობა; ქალების მხარდამჭერი/ მათზე ორიენტრირებული ინიციატივები განხორციელება; 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^