„გაბედე დეკრიმინალიზაცია" - 10 დეკემბერს, 17 საათზე „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ რესპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით აქციას ჩაატარებს.
აქტივისტების თქმით, ამ აქციით მოძრაობა მიმართავს ხელისუფლებას და მოუწოდებს გაბედოს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება 2016 წელსვე.
აქტივისტები აცხადებენ, რომ ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოძრაობა ბრძოლის უფრო რადიკალურ მეთოდებს მიმართავს.
„2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს უკლებლივ ყველა მსხვილი პოლიტიკური გაერთიანება აცხადებდა, რომ ნარკოტიკების მოხმარების ლიბერალიზაციას უჭერს მხარს. პარლამენტში მოხვედრილი სამივე პოლიტიკური ძალა მხარს უჭერს ლიბერალიზაციის პოლიტიკას, თუმცა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას ვერავინ ბედავს. დგება საფრთხე, რომ ამჯერადაც, როგორც 4 წლის წინ, ამ დაპირების შესრულება კვლავ გადაიდება, თუკი დეკრიმინალიზაციისკენ სასწრაფოდ არ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები", - აცხადებენ ორგანიზატორები.
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიზანია საქართველოში არსებული, მომხმარებლის დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა საკანონმდებლო დონეზე შეიცვალოს ზიანის შემცირებაზე დამყარებული, ჰუმანური ნარკოპოლიტიკით; გაუქმდეს ურინოტესტირება. ასევე, მოხდეს ნარკოტიკული საშუალებების კლასიფიკაცია, განისაზღვროს პირადი მოხმარების დოზების ოდენობები, შეწყდეს მომხმარებლების დევნა, შანტაჟი და დაშინება. დაიცვას მომხმარებელთა უფლებები და იმუშაოს საზოგადოების ინფორმირებაზე წამალდამოკიდებულების და ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით.
მოძრაობა მოუწოდებს მის მხარდამჭერებს, ადამიანებს, ვისაც შეეხო ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა, მათი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და საზოგადოების ყველა სოციალური წრის წარმომადგენელს, ვისთვისაც მიუღებელია ადამიანის ღირსებისშემლახავი ნარკოპოლიტიკა, მოვიდნენ 10 დეკემბერს 17:00 საათზე რუსთაველზე, პარლამენტის ყოფილ შენობასთან და მოითხოვონ დასჯაზე და ჩაგვრაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის, ჰუმანური ნარკოპოლიტიკით შეცვლა.
აღსანიშვანია, რომ ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორა, რომლის წევრი „თეთრი ხმაურის მოძრაობაცაა", ნარკოკანონმდებლობის ცვლილებების კუთხით კონკრეტულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე მუშაობს, სადაც მათი თქმით, ნარკოპოლიტიკის კუთხით არსებული ყველა მნიშვნელოვანი პრობლემისა და საკითხის გადაწყვეტის გზა იქნება ასახული.
აღსანიშნავია, ნარკოტირების მოხმარების დერკიმინალიზებას მოსახლეობის უმრავლესობაც ემხრობა. კერძოდ, მარიხუანის მოხმარებისთვის პატიმრობას მოსახლეობის 69% არ ემხრობა, ინექციური ნარკოტიკისთვის კი 55%. დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯიას" კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობას (69%-70%) მიაჩნია, რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანი უფრო დაავადებულია, ვიდრე კრიმინალი (14%-15%). ყველა ასაკობრივ ჯგუფში ადამიანთა დიდ უმრავლესობას მიაჩნია, რომ მარიხუანისა და ინექციური ნარკოტიკების მოხმარების წინააღმდეგ პატიმრობა შესაფერის ზომას არ წარმოადგენს. პატიმრობას მარიხუანის მოხმარებისათვის მხოლოდ 12%-13% უჭერდა მხარს, ხოლო გამოკითხულთა დაახლოებით მეოთხედი, 25%-26% ფიქრობს, რომ ინექციური ნარკოტიკების მოხმარებისათვის პატიმრობა მისაღებია.
მარიხუანის მოხმარებისთვის პატიმრობას 69% არ ემხრობა, ინექციური ნარკოტიკისთვის - 55%
ნარკოტიკების დოზები - სამართალწარმოება მცირე ოდენობების გარეშე
რატომ არ უნდა ისჯებოდეს ნარკოტიკების მოხმარება პატიმრობით
ნარკოტესტირება საქართველოსა და უცხოეთში
„შარდში კრიმინალი არ ჩანს" - ნარკოტესტირების დამამცირებელი პროცედურები
EMC: ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულთათვის უფლებების ჩამორთმევის კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს