Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„შარდში კრიმინალი არ ჩანს" - ნარკოტესტირების დამამცირებელი პროცედურები

22 ოქტომბერი 2014

„საკმაოდ დამამცირებელი და ღირსების შემლახავი პროცედურაა. წარმოიდგინეთ, ტუალეტში მოგყვება ორი პოლიციელი, გიყურებენ როგორ შარდავ, აღარ ვსაუბრობ თავად პოლიციელების მხრიდან აგდებულ დამოკიდებულებაზე – როგორ მოგმართავენ, საერთოდ როგორ განგიხილავენ წამალდამოკიდებულ ადამიანს“, - იხსენებს „ლიბერალთან“ საუბრისას თემო ხატიაშვილი, რომელიც პოლიციის მოთხოვნით ნარკოტესტირებაზე არაერთხელ გადაიყვანეს.

როგორც თავად ჰყვება, ბოლო შემთხვევის დროს ქუჩაში ნარკომოხმარების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნის პეტიციისთვის ხელმოწერებს აგროვებდა, როდესაც პოლიციამ ის ნარკოტესტირებაზე გადაყვანის მიზნით დააკავა.

„შეიძლება ქუჩაში საქმეზე მიდიოდე ან შემთხვევით ფსიქოტროპულ აფთიაქთან გაიარო, ბოლო შემთხვევა იყო, ხელმოწერებს ვაგროვებდით პეტიციასთან დაკავშირებით, ამ დროს დამაკავეს, იყო შემთხვევები, სახლთან მხვდებოდნენ. როცა ადმინისტრაციული წესით ხარ დაჯარიმებული, შემდეგ ხორციელდება დევნა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ყოველთვის მეთვალყურეობის ქვეშ ხარ, სადაც მოუხერხდებათ იქიდან ავყავართ ხოლმე, განსაკუთრებული ან რაიმე საეჭვო ვითარება არ სჭირდებათ“, - ამბობს თემო ხატიაშვილი.

ხატიაშვილი, ნარკოტესტირებაზე გადაყვანის შემდეგ, ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, პოლიციის მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს.

„ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარის თქმის უფლება გვაქვს, მაგრამ ამ უფლებას ვერ იყენებენ, რადგან ხორციელდება ზეწოლა, მუქარები. გეუბნებიან, რომ თუ ბიოლოგიურ მასალას არ ჩააბარებ, კლინიკური ზემოქმედება დაგეწერება, გადაგიყვანენ კაპეზეზე, შენთვისვე იქნება უარესი, ჩემს შემთხვევაშიც ამგვარ მუქარებს არაერთხელ ჰქონია ადგილი“, - ამბობს თემო ხატიაშვილი.  

ის იმ მოქალაქეთა შორისაა, ვინც პოლიციამ ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით, ქუჩიდან ნარკოტესტირებაზე გადაიყვანა. 2010–2013 წლებში საქართველოს მასშტაბით, ნარკოშემოწმებაზე სულ 142 716 ადამიანი იყო წარდგენილი, - ასეთია შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს, წინა წლებთან შედარებით, ნარკოტესტირებაზე გადაყვანილთა რაოდენობა გაცილებით მაღალია. (წლების მიხედვით რაოდენობა იხ. გრაფაზე)

 

ნარკოტესტირების სტატისტიკური მონაცემები ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის კვლევაშიცაა აღნიშნული ("არაეთიკური ნარკოპოლიტიკა- ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი“, 2014). ანგარიშის მიხედვით, 2007-2012 წლებში შესაბამის დაწესებულებაში წარდგენილი 216 215 პირიდან, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება 78 501 პირს დაუდგინდა, ანუ საერთო რაოდენობის მხოლოდ 36%-ს.  

ამასთან, იძულებით ნარკოტესტირებაზე ყურადღება გამახვილებულია სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშშიც, რომლის მიხედვით მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის ზუგდიდის სამმართველოს მიერ იანვრიდან ივნისის ჩათვლით ნარკოტიკული ნივთიერებების სავარაუდო მოხმარებისთვის 1600 პირი დააკავეს. მათგან მოხმარების ფაქტი მხოლოდ 130 პირს დაუდგინდა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატ კახა კვაშილავას ნარკოტესტირებაზე დაგაყვანილი ადამიანების სამართლებრივი დაცვა ხშირად უწევს ხოლმე. მისი თქმით, ამ შემთხვევაში პატრული ადამიანებს პოლიციის შესახებ კანონით გათვალისწინებული - საფუძვლიანი ვარაუდის საფუძველზე აჩერებს და ნარკოტესტირებაზე გადაჰყავს.

„შესაძლებელია შენი სახის გამომეტყველება არ მოეწონოთ, თვალები ამღვრეული ჰქონდეს ადამიანს და ეს ჩათვალონ საფუძვლად, ყოველივე ამას დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ  აკეთებენ“, - ამბობს კახა კვაშილავა.

იურისტი როგორც განმარტავს, პარტულს არ აქვს უფლება, ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ მოსთხოვოს მას ბიოლოგიური მასალის ჩაბარება. მისი თქმით, ადამიანს, რომელიც ტესტირებაზეა წარდგენილი, უფლება აქვს ნიმუშის აღებაზე უარი თქვას.  

„კონსტიტუციის 42-ე მუხლში წერია, რომ ადამიანს აქვს უფლება არ მისცეს თავის საწინააღმდეგო ჩვენება.  აქ საუბარია იმაზე, რომ ადამიანი, რომელიც მიდის ტესტირებაზე, ის თავის საწინააღმდეგო მტკიცებულებას ქმნის. ამიტომ მას უფლება აქვს არ მისცეს ასეთი ჩვენება“, - აცხადებს კვაშილავა.

ადვოკატის თქმით, მის პრაქტიკაში ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც  კონსტიტუციის 42-ე მუხლის საფუძველზე უარი უთქვამთ ნიმუშის ჩაბარებაზე და ყველა შემთხვევაში ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი უარს ამბობს ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე, პოლიციას მხოლოდ სასამართლოს განჩინების საფუძველზე აქვს უფლება მოსთხოვოს მას ნიმუშის ჩაბარება. თუმცა სასამართლო ამგვარ განჩინებას არ გასცემს, თუ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული და ამ სისხლის სამართლის საქმეზე შესაბამისი დადგენილება არ არის  გამოტანილი.

„ასეთ შემთხვევაში გამოძიებას უკვე აქვს ვალდებულება, წარმოადგინოს სასამართლოს განჩინება, რომ პირის ნების საწინააღმდეგოდ მისგან ნიმუში აიღონ, მაგრამ მეორე მომენტია, რომ განჩინებას პოლიციელები ვერ მოიპოვებენ, რადგან მას სასამართლო ჰაერზე ვერ გასცემს. ასეთ შემთხვევაში მას სჭირდება სისხლის სამართლის საქმის არსებობა, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მიმდინარეობს გამოძიება და ამ სისხლის სამართლის საქმეზე გახდა საჭირო ესა თუ ის საგამოძიებო მოქმედება. თუმცა როდესაც ადამიანები ქუჩიდან მიჰყავთ, რომელთა გამომეტყველება და მანერა არ მოსწონთ, ასეთ შემთხევებში რომელ სისხლის სამართლის საქმეზეა საუბარი?!“ - ამბობს კვაშილავა.

კახა კვაშილავა „ლიბერალთან“ საუბრისას ამბობს, რომ ქუჩის ნარკოტესტირებას მასობრივი ხასიათი აქვს და ეს პოლიციის მხრიდან ორი მიზეზით ხდება:  

„ბიუჯეტის შევსება არის ერთ-ერთი კომპონენტი, ეს იყო წინა ხელისუფლების დროსაც და გრძელდება ახლაც. იმ ქვეყანაში, სადაც ნარკოტიკების მოხმარება კრიმინალიზებულია, მოხმარების დადგენის პირველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ჯარიმა 500 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული, ჩვენი სოციალური ფონის გათვალისწინებით ეს დიდი თანხაა. განმეორებითი შემთხვევა კი უკვე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს. მეორე მიზანი კი ამ ადამიანების კონტროლია“, - ამბობს ადვოკატი კახა კვაშილავა.

სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შეფარდებული ჯარიმების საერთო ოდენობის მასშტაბურობაზე საუბარია EMC-ის ზემოთ აღნიშნულ კვლევაშიც.

„2008-2009 წლებში, სსკ-ის 260-ე მუხლით მსჯავრდებულ პირთათვის, დაკისრებულ ჯარიმათა საერთო რაოდენობამ 24 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, ხოლო სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, იმავე პერიოდში, თითქმის 11 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა იქნა დაკისრებული. რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით დაკისრებულ ჯარიმებს, ამ თანხამ 8 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. საერთო ჯამში, აღნიშნული სამი მუხლით პასუხისგებაში მიცემული პირებისთვის მხოლოდ ორ წელიწადში დაკისრებულმა ჯარიმამ 44 491 414 ლარი შეადგინა“, - ვკითხულობთ EMC-ის კვლევაში.

უზენაესი სასამართლოს 2012 წლის ანგარიშის მიხედვით, 2007-2009 წლებთან შედარებით მომდევნო სამ წელიწადში ჯარიმათა წილი სასჯელების საერთო რაოდენობაში კიდევ უფრო მაღალი იყო. „აღნიშნული კი იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ჯარიმის სახით დაკისრებული თანხის ოდენობა მომდევნო წლებშიც ისეთი მასშტაბური იქნებოდა, როგორც 2007-2009 წლებში“, - წერს EMC.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ერთი ნარკოლოგიური შემოწმება მიახლოებით 52 ლარი ჯდება. 2013 წელს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე დახარჯული თანხის რაოდენობამ  3 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა (EMC).

როგორც „ლიბერალს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციას უფლება აქვს, გადამოწმების მიზნით გააჩეროს მოქალაქე და პოლიციის შესახებ კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება ჩაუტაროს.

„გარდა ამისა, საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მეორე ნაწილის მიხედვით, საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ დააკავონ პირი ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით. შესაბამისად, კონსტიტუციის 42-ე მუხლის დარღვევას ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს“, - ამბობენ შსს-ში.

როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ პოლიციელების მხრიდან მუქარას ექნება ადგილი, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია, ადამიანს უფლება აქვს მიმართოს პროკურატურას, რომ მას პოლიციელი დაემუქრა. რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას, ხმალაზე ამბობს, რომ ის დეკრიმინალიზაციის მომხრეა.  

„მოხმარება არ უნდა იყოს სისხლის სამართლის დანაშაული, თუმცა მიმაჩნია, რომ მოხმარება უნდა ისჯებოდეს. ნარკოტიკების მოხმარება ძალიან დიდი ცდუნებაა და მას ხელი რამით უნდა შევუშალოთ, რადგან შესაძლოა უფრო და უფრო მეტი ადამიანი გახდეს ნარკოტიკების მომხმარებელი, ვიღაცა სასჯელის შიშით მაინც შეიკავებს თავს“, - ამბობს ხმალაძე.

რამდენად ეფექტურია ქუჩის ნარკოტესტირება?

იმის დასადგენად, თუ რა ზეგავლენას ახდენს მკაცრი სამართლებრივი ზომები საქართველოში არსებულ ნარკოსიტუაციაზე, დამოკიდებულების კვლევითმა ცენტრმა „ალტერნატივა ჯორჯიამ“ ეკონომიკური კვლევა ჩაატარა (რამდენად ეფექტურია ქუჩის ნარკოტესტირება, 2012 წ.)

კვლევის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო გაერკვია, უბიძგებს თუ არა სადამსჯელო ზომები ნარკოტიკების მომხმარებლებს, შეწყვიტონ არალეგალური ნივთიერებების გამოყენება. ამის გათვალისწინებით, კითხვარში რამდენიმე შეკითხვა დასჯის შემდგომ ქცევის ცვლილებებს ეხებოდა. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ შერჩევაში ჩართული იმ პირებიდან, რომელთა ანალიზმაც დადებითი პასუხი აჩვენა და რომლებიც შემოწმების დროს ნარკომომხმარებლები იყვნენ, 177-მა ადამიანმა (ქვეშერჩევის 54%) თავისი ქცევა ნარკოტიკების მოხმარების მხრივ საერთოდ არ შეცვალა; 36-მა ადამიანმა (11%) ნარკოტიკების მოხმარება შეწყვიტა, ხოლო დანარჩენი ნარკოტიკების მოხმარების სხვა ფორმებზე გადავიდა.

იმ გამოკითხულებს (36 რესპონდენტი), რომლებმაც ნარკოტიკების მოხმარებას სადამსჯელო ზეგავლენის გამო დაანებეს თავი, დაუსვეს დამატებითი შეკითხვა – რამდენი ხნით შეწყვიტეს ნარკოტიკების მიღება. პასუხმა აჩვენა, რომ მათმა უმრავლესობამ  ნარკოტიკების მიღება დასჯის შემდეგ სამი თვის განმავლობაში ისევ დაიწყო, უკლებლივ ყველა მათგანი კი ნარკოტიკებს 11 თვის თავზე მიუბრუნდა.

მაშასადამე, დასჯიდან თერთმეტი თვის გავლის შემდეგ განხორციელებული სადამსჯელო ზომების ეფექტი საერთოდ გაქრა და ნულს გაუტოლდა.

წინამდებარე კვლევის შედეგების საფუძველზე ავტორები ასკვნიან, რომ ნარკომომხმარებელთა დასჯა და დაპატიმრება საქართველოში არანაირ ან მხოლოდ უმნიშვნელო ზეგავლენას ახდენს შემოწმებული პირების ნარკოტიკებთან დაკავშირებულ შემდგომ ქცევაზე.

„სადამსჯელო ზომები არ იძლევა რაიმე კონკრეტულ შედეგს ნარკოტიკების მოხმარების შემცირების კუთხით და ამის ნაცვლად ყოველწლიურად 1,600 ადამიანის კრიმინალიზაციას იწვევს“, - წერია კვლევაში.

"გარდა იმისა, რომ ნარკოტიკებზე რანდომული შემოწმება  ვერ ახდენს ზეგავლენას ნარკოტიკების მოხმარების შემცირებაზე, მას ასევე საგრძნობი ეკონომიკური ხარჯები მოაქვს საქართველოს საზოგადოებისათვის, ისეთ არამატერიალურ ხარჯებთან ერთად, რომელთა ფულადი მნიშვნელობის დადგენაც რთულია (შემოწმებულ პირთა დამცირება, ოჯახების განცდები, იმ ნარკომომხმარებლების კრიმინალიზაცია, რომლებიც არანაირ (სხვა) უკანონო საქმიანობაში არ იყვნენ ჩართულნი და სხვ.)".

კვლევაში აღნიშნულია, რომ 2008 წლისთვის, რანდომული შემოწმების ხარჯებმა 17.95 მინიონი ლარი შეადგინა. ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში 2008 წელს 18,076,245 მილიონი ლარი შევიდა იმ პირებისგან, რომელთა შარდის ანალიზმაც დადებითი პასუხი აჩვენა და რომელთაც შემდეგ ჯარიმის გადახდა დაეკისრათ.

ამის გათვალისწინებით, ორგანიზაცია წერდა, რომ 17.95 მილიონი ლარი, რომელიც ნარკოტიკებზე რანდომული შემოწმების აღსრულებისთვის პოლიციის, პროკურატურისა და სასამართლოების მიერ დაიხარჯა, შეიძლება გამოყენებულ იქნას საშიში დანაშაულის პრევენციის, აღმოჩენისა და დევნისთვის, ნაცვლად მარტივი ნარკოტიკების მოხმარების ნებაყოფლობითი დანაშაულის გამოვლენისა (რაც ზიანს არავის აყენებს, გარდა თავად ნარკომომხმარებლისა) და ამგვარად არსებითად გააუმჯობესებს უსაფრთხოებას ქვეყანაში;

ჯარიმების სახით შეგროვებული 18,076,245 მილიონი ლარი შეიძლება გამოყენებულ იქნას ნარკომომხმარებლების, კერძოდ, მათი ოჯახების რეგულარული საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად და, ამგვარად მოსახლეობის არცთუ უმნიშვნელო ნაწილის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად;

8.061 მილიონი ლარი (პატიმრობის ხარჯი) შეიძლება გამოყენებულ იქნას მკურნალობისა და ზიანის შემცირების პროგრამების ფართო დაფინანსებისთვის, რაც შედეგად სულ მცირე 17 მილიონი ლარის ხარჯების თავიდან აცილებას მოიტანს.

  

სტატია მომზადებულია ევროკავშირის  მიერ   დაფინანსებული პროექტის "მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა წამალდამოკიდებულთა უფლებების დასაცავად საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი".  სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირის პოზიციის გამომხატველად.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^