დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს. ვიზალიბერალიზაციის მიღებამდე შემდეგი პროცედურები რჩება:
კენჭისყრის შემდეგ განახლებული რეგულაცია ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს. ამის შემდეგ, ფორმალურად მას ხელს აწერენ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპარლამენტის პრეზიდენტები. პროცედურულად, განახლებული რეგულაცია ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის ენაზე ითარგმნება (ვიქტორ დოლიძის განმარტებით, დოკუმენტი უკვე ნათარგმნია ყველა ენაზე) და ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში ქვეყნდება. წესისამებრ, ის ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღეში შევა ძალაში.
თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, ზუსტად როდის ამოქმედდება უვიზო მიმოსვლა, რადგან იგი შეჩერების გამარტივებულ მექანიზმთან ერთად უნდა შევიდეს ძალაში.
ევროპარლამენტმა 15 დეკემბერს უყარა კენჭი შეჩერების გამარტივებულ მექანიზმს, თუმცა დარჩენილია დოკუმენტის ტექსტის ოფიციალური თარგმანი, რომელსაც მხარი ევროპარლამენტმა და საბჭომ უნდა დაუჭიროს.
„რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის კორესპონდენტის ცნობით, შეჩერების გამარტივებულ მექანიზმს ევროპარლამენტში 13-16 თებერვლის პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს, ევროკავშირის საბჭოში კი - 27-28 თებერვალს.
სავარაუდოდ, ვიზალიბერალიზაციის საკითხიც ევროკავშირის ჟურნალში კენჭისყრაზე შეჯერების შემდეგ გამოქვეყნდება.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ვარაუდობს, რომ საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მოძრაურობას მარტის დასასრულს/აპრილის დასაწყისში შეძლებენ.
გადაწყვეტილების მოლოდინში - რატომ ფერხდება ვიზალიბერალიზაცია
ეტაპები, რომლებიც საქართველომ უვიზო მიმოსვლის მისაღებად გაიარა
ვიზალიბერალიზაციის მისაღებად საქართველოს ევროკომისიის, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის დადებითი გადაწყვეტილება სჭირდებოდა.
2015 წლის 18 დეკემბერს ევროკომისიამ რიგით მე-4 პროგრესანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველო აკმაყოფილებდ ყველა ნიშნულს, რომელიც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ნაწილში იყო მოცემული. ამით ვიზალიბერალიზაციის ტექნიკური მხარე დასრულდა:
ევროკომისიის ანგარიში გამოქვეყნდა: საქართველო ყველა ნიშნულს აკმაყოფილებს
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად, ჯამში მიღებულია 60-ზე მეტი საკანონმდებლო ცვლილება და 70-მდე კანონქვემდებარე აქტი, ინსტრუქცია, რეგულაცია, 9 ეროვნული სტრატეგია და რატიფიცირება გაუკეთდა 7 საერთაშორისო კონვენციას.
ცვლილებები, რომლებიც საქართველომ უვიზო მიმოსვლის მისაღებად გაატარა
ამის შემდეგ ჯერი უკვე პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე მიდგა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ იმის შესახებ, მიეცათ თუ არა საქართველოთვის ვიზალიბერალიზაცია. ეს პროცესი ევროკავშირის ორი ინსტიტუტის - ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის თანხმობას საჭიროებდა.
ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების საბჭომ (COREPER) საქართველოს ვიზალიბერლიზაციას მხარი 2015 წლის 5 ოქტომბერს ევროკავშირის საბჭოს ეგიდით დაუჭირა.
ევროკავშირის საბჭო საქართველოს ვიზალიბეალიზაციას მხარს უჭერს
ევროპარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილებით პროცესი დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამოქმედების შემდეგ ვიზალიბერალიზაცია ბიომეტრული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში, ოთხ კანდიდატ ქვეყანასა (ბულგარეთში, კვიპროსში, რუმინეთში, ხორვატიაში) და ოთხ არაწევრ ქვეყანაში (ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია) 180-დღიან ვადაში, 90 დღით უვიზო მიმოსვლის საშუალებას მისცემს.
ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი ხმათა უმრავლესობით - 553 მომხრე, 66 - წინააღმდეგი - დაუჭირეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების დონეზე, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას ევროკავშირის უკვე სამივე ინსტიტუტი უჭერს მხარს. 28 დეპუტატმა კენჭისყრაზე თავი შეიკავა.