ექსპერტიზის დასკვნით, ლევან აბზიანიძის სიკვდილის მიზეზად არ შეიძლება მივიჩნიოთ მის სისხლში აღმოჩენილი ფუროსემიდის (შარდმდენის) კვალი. ექსპერტიზის დასკვნა „ლიბერალს" აბზიანიძის ოჯახის ადვოკატმა მიაწოდა.
ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ აბზიანიძის სიკვდილის მიზეზია გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, განვითარებული გულის ქრონიკული იშემიური დაავადების შედეგად.
ლევან აბზიანიძე ქუთაისში 2015 წლის ივნისში ნარკოტესტირების შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახის განცხადებით, პოლიციელებმა ის ნარკოლოგიურში გადაიყვანეს, სადაც ბიოლოგიური მასალის ჩაბარება მოსთხოვეს. ამისთვის კი შარდმდენი დაალევინეს. ახლობლების განცხადებით, ნარკოლოგიურის დატოვების შემდეგ, აბზიანიძე შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. მისი მეუღლის თქმით, აბზიანიძის გარდაცვალების მიზეზი ამ აბების მიღება გახდა. „დაუვარდა წნევა, 3 ცალი შარდმდენის დალევის შემდეგ, გამოიფიტა ორგანიზმი, სითხისგან დაიცალა და ადამიანი გარდაიცვალა".
აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის პირველადი დასკვნით, აბზიანიძის ორგანიზმში შარდმდენის კვალი აღმოჩნდა, თუმცა გახდა თუ არა აღნიშნული გარდაცვალების მიზეზი, ამის დასადგენად დამატებითი ექსპერტიზა გახდა საჭირო. აღნიშნული დასკვნის მიხედვით კი ექსპერტიზა შარდმდენის მიღებას ლევან აბზიანიძის გარდაცვალებას არ უკავშირებს.
დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ლევან აბზიანიძეს გულზე არსებული მდგომარეობის გამო „ხშირად საჭირო ხდება შარდმდენი საშუალების მათ შორის ფუროსემიდის მიღება“.
„დასკვნაში წერია, თითქოს ჩემი ქმარი იყო ჰიპერტონიკი, ჰქონდა გულის იშემიური დაავადება და გარდაიცვალა იშემიური ინფარქტით. კი აღმოჩნდა სისხლში შარდმდენის კვალი, მაგრამ ამას არ შეიძლება გამოეწვია გარდაცვალებაო ა.შ. აბსურდები. ერთი სიტყვით, ჩავიქნიე ხელი, შემეშინდა მართალი გითხრათ, ერთი შვილი მყავს, ყველაფერზე წამსვლელია ეს ხალხი, იმას ვერ გავაცოცხლებ, კი ვიბრძვი, მინდა ვიბრძოლო და მივაღწიო სამართალს მაგრამ...“, - ამბობს მადონა ჯიქია.
„ლიბერალთან“ საუბრისას აბზიანიძის ოჯახის ადვოკატი, საიას იურისტი გიორგი სანტურიანი ამბობს, რომ საქმის მასალებით ასევე არ იკვეთება, როგორ მოხვდა ეს მედიკამენტი ლევან აბზიანიძის ორგანიზმში.
„პირიქით, ერთი ექსპერტი ამბობს, რომ აბზიანიძეს რადგან გულის დაავადება აწუხებდა და ასეთი დაავადების დროს, როგორც წესი, იღებენ მათ შორის ფუროსემიდსაცო. წარმომავლობა, თუ საიდან მოხვდა ეს წამალი მის ორგანიზმში, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ჩვენ კი ვეყრდნობით გარდაცვლილისა და იმ ადამიანების სიტყვებს, ვინც უსმენდა ამ ყველაფერს“, - ამბობს ადვოკატი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი თქმით, „დღევანდელი მდგომარეობით ისე გამოდის, რომ დანაშაული არ მომხდარა“.
ადვოკატის ინფორმაციით, ფიქრობენ და აქვთ კონსულტაციები, რამდენად ღირს, ჩაატარონ ალტერნატიული ექსპერტიზა.