Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინტერვიუ - ყოფილი პროკურორი ქმრის, ძიძებისა და მათი ადვოკატის ბრალდებებზე საუბრობს

08 თებერვალი, 2018 18:30

მას შემდეგ რაც მილენა მითაიშვილმა პროკურორის თანამდებობა დატოვა,  ინტერვიუზე დაგვთანხმდა. ყოფილი პროკურორი მის მიმართ არსებულ ბრალდებებზე და საქმის გარემოებებზე საუბრობს:

„მე პროკურორი ვარ, შენ - არავინ“ - ძიძები პროკურორ მილენა მითაიშვილის წინააღმდეგ

პროკურორმა მილენა მითაიშვილმა თანამდებობა დატოვა

ბოლო ერთი თვის განმავლობაში არაერთხელ ვცადეთ, პასუხი მიგვეღო თქვენგან ძიძების ბრალდებებზე. რატომ გადაწყვიტეთ ეს ახლა?  

პროკურატურის თანამშრომელი ვიყავი. ამიტომ გადაწყვეტილება მე არ მიმიღია. თუმცა მას შემდეგ, რაც საზოგადოებას დეზინფორმაცია მიაწოდეს, გადავწყვიტე, მას სიმართლე გაეგო. 

მიმდინარე გამოძიების გამოსაზოგადოებაში რომ არ დაისვას კითხვის ნიშნები გამოძიების ობიექტურობას თან დაკავშირებით“ – 2 თებერვალს თანამდებობა ამ მიზეზით დატოვეთ, თუმცა გამოძიება 1 თვეზე მეტია, რაც დაწყებულია. რატომ დატოვეთ თანამდებობა ახლა და არა გამოძიების დაწყებისთანავე?  

გამოძიება 2017 წლის 31 ოქტობერს თუ 1 ნოემბერს ოჯახური ძალადობის ფაქტზე დაიწყო. 10 ოქტომბერს გამოვიძახე პატრული, რომელმაც შეადგინა შესაბამისი ოქმი. ოქმი გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი. მე ჩემი ყოფილი მეუღლის, რივერა ბენდელიანის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება მივეცი. ამის შემდეგ დაიგეგმა ჩემ მიმართ თავდასხმები. 2017 წლის დეკემბერში ასევე დაიწყო გამოძიება ინგა არახამიას მიერ ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების ფაქტზე. მან ეს ვიდეო საკუთარ გვერდზე გააზიარა.

საკანონმდებლო ენაზე გაზიარება ნიშნავს გავრცელებას. არ არის აუცილებელი მისი ატვირთვა.

არახამიას და ძიძის მიერ გასაჯაროებული ვიდეომასალა რივერა ბენდელიანის გადაღებულია. ვიდეოშიც ჩანს, მანდ 3 თვის ორსული ვარ, ამ დროს ძიძები არ ყოფილან. ამ ვიდეოს თვითონ აწვდის არახამიას, რომელიც აკეთებს  განცხადებას, რომ ეს დაცვის მტკიცებულება იყო. დაცვის მტკიცებულება, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა, ფეისბუკზე კი არ უნდა გაავრცელოს, უნდა წარადგინოს სისხლის სამართლის საქმეში.

მე ადრე უნდა მიმეღო გადაწყვეტილება და ამაში მართალი ხართ - უნდა მიმემართა მთავარი პროკურორისთვის თანამდებობის დატოვების ან უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, ვინაიდან, როგორც დავინახეთ, შემდგომ ადვოკატი ინგა არახამია სწორედ ჩემი თანამდებობით მანიპულირებდა.

„იმედის კვირასთან“ პროკურორი გვანცა გვიმრაძე ადასტურებს, რომ სამსახურეობრივი შემოწმებით პროკურორის მხრიდან არაეთიკური ქცევის, ასევე პროკურორის სტატუსის პირადი მიზნით სარგებლობის ფაქტები დადასტურდა.

მოკვლევა ძიძების ჩვენების საფუძველზე დაიწყო, რომელთაგან ერთ-ერთი (ნინო ბოჭორიშვილი) კახა შველიძის, ჩემი მსჯავრდებულის ცოლია. ის ჩემს ყოფილ ქმართან ერთად იხდიდა სასჯელს და მისი თქმით, ჩემი მეუღლე იყო საკნის „მაყურებელი“. შესაბამისად, ისინი შურისძიებით მოქმედებდნენ.

ყველა ბრალდება ცილისწამებაა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩატარდა მოკვლევა, თუმცა მე პირადი განცხადების საფუძველზე ვარ წამოსული და არანაირი მოკვლევის დასკვნა პროკურატურის მხრიდან არ მიმიღია. ვის მიმართ უნდა იმსჯელონ, როცა მე უკვე საჯარო მოსამსახურე აღარ ვარ?

თუმცა, როდესაც თქვენ თანამდებობას იკავებდით მაშინ დაიწყო მოკვლევა.

მაშინ დაიწყო მოკვლევა, კი. ახსნა-განმარტებები მიცემული მაქვს. არანაირი დასკვნა არ ჩამბარებია, ეს ყველაფერი ჩემ მიმართ ცრუ ინფორმაცია და ცილისწამებაა.

ნინო ბოჭორიშვილი (ერთ-ერთი ძიძა) გადანაშაულებთ, რომ მის პირად მიმოწერას ამოწმებდით, ემუქრებოდით, ტელეფონი წაართვით - რას უპასუხებთ ამ ბრალდებებს?

თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ მისი პირადი ფეისბუქგვერდი და საერთოდ თუ შეიძლებოდა მისი ძიძად აყვანა, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

რატომ აიყვანეთ ძიძად? როგორ შეარჩიეთ?

ვიყავი დროში შეზღუდული, როდესაც ბავშვს ძიძა სჭირდებოდა. უკვე სამსახურში გავდიოდი დეკრეტული შვებულების შემდეგ.

ინტერნეტში იდო განცხადებები. მე ამ განცხადებებზე მითითებულ ნომრებზე ვრეკავდი და ვეძებდი ძიძას. ზოგი მპასუხობდა, ზოგი არ მპასუხობდა და ა.შ. მერე ზოგი უკან მირეკავდა. ერთმაც დამირეკა, თქვენ მირეკავდითო, მითხრა.

დარწმუნებული არ ხართ, თქვენ ურეკავდით თუ არა?

არ ვარ. იმიტომ, რომ ბევრი ნომერი იყო და დანამდვილებით არ ვიცი. მირეკავდითო და ალბათ ძიძობასთან დაკავშირებით გირეკავდით-მეთქი. მოვიდა, გავისაუბრეთ და მეორე დღიდან დაიწყო მუშაობა.

თქვენ არ იცოდით, რომ შველიძის (თქვენი ბრალდებულის) მეუღლე იყო?

არა, არ ვიცოდი. ეს მოგვიანებით გავიგე. 23 სექტემბერს მივიღე როგორც ძიძა, გავიგე დაახლოებით 1 თვის შემდეგ პირად საუბარში გავარკვიე. უბრალოდ მკითხა რივერაზე, საიდან  გაიცანიო. მე ვუთხარი, რომ იქიდან გავიცანი, რომ ჩემი ბრალდებული იყო. აი ამ საუბარს მოჰყვა.

თვითონ იცოდა, ვინც იყავით?

ადამიანი, სახელმწიფო ბრალმდებელი, რომელიც შენი მეუღლის ბრალდებას უჭერს მხარს და პროცესზე გამოდის, ის შეიძლება, ვერ იცნო?  აუცილებლად მიცნობდა და აუცილებლად იცოდა, ვინც ვიყავი. ამის შემდეგ ვუთხარით მე და დედაჩემმა, რომ მოეძებნა სხვა სამსახური და ჩვენც მოვძებნიდით სხვა ძიძას...

თქვენ უშვებთ, რომ ბოჭორიშვილი შესაძლოა თქვენი მეუღლისგან იყო მოგზავნილი?

ალბათობის მაღალი ხარისხით, მაგრამ დამადასტურებელი არაფერი მაქვს.

ამბობს, რომ ტელეფონს ართმევდით, კითხულობდით პირად მიმოწერას, ემუქრებოდით...

სრული სიცრუე და ცილისწამებაა. რაში მჭირდებოდა ძიძის ტელეფონი.

ძიძა არის ის ადამიანი, რომელსაც ბავშვს ვუტოვებ დღის განმავლობაში, ანუ ჩემი შვილის ჯანმრთელობა სიცოცხლე და ყველაფერი მის ხელშია. რატომ უნდა გააბოროტო ადამიანი, რომელსაც შეუძლია შენს შვილს მერე რაღაც მოსწიოს. ეს არის იმდენად აბსურდული თემა და საერთოდ სასაცილოც კი არ მგონია.

ბოჭორიშვილი იმას ამბობდა, რომ ეუბნებოდით ცრუ ჩვენება მიეცა თქვენი ქმრის წინააღმდეგ...

სისულელეა და ამას ვერც მისცემდა. ნინო ბოჭორიშვილი არ შესწრებია ფაქტს, რივერა ბენდელიანი ფიზიკურად როგორ ძალადობდა ჩემზე.

რა გარემოებაში გაიცანით რივერა ბენდელიანი?

რივერა ბენდელიანი საკმაოდ ცუდ გარემოებაში გავიცანი - 2013-ში, სისხლის სამართლის იმ საქმეზე, რომელზეც მე ვახორციელებდი საპროცესო ზედამხედველობას. ის ჩემი შუამდგომლობის საფუძველზე დააკავეს ყაჩაღობის ბრალდებით.

აი ამ გარემოებაში მოხდა ჩვენი გაცნობა, შემდეგ ის ციხიდან სულ მიგზავნიდა თაიგულებს, წერილებს და ა.შ. სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ჩვენ ვიქორწინეთ და საერთო შვილიც გვყავს.

მარიამ მინდიაშვილი (მეორე ძიძა) რა გარემოებაში აიყვანეთ?

თავად რივერა ბენდელიანმა მოიყვანა მისი მეგობრისგან. მეორე ძიძა მისი დაქალი იყო. თავად იყო ანგრიშვალდებული, თვითონ უხდიდა ანაზღაურებას, აკეთებინებდა ყველაფერს და ა.შ. ამ ძიძამ სრულიად გამძარცვა, პროდუქტების მოპარვა ვერ ავუკრძალე ქალს. რივერა ბენდელიანი მაგას საერთოდ კლავდა ჩემთან სახლში, გურიაში. მანქანით ეჯახებოდა, მთელი ოჯახი მოწმეა.

ამის შესახებ პოლიციას აცნობეთ?

არა. მარტყამდაო მანქანასო ეს თვითონ კიოდა. რაც შეეხება პროდუქტების ქურდობაა, ამაზე პოლიციას არ მივმართავდი. ძალიან სამარცხვინო ამბავია - ძიძა მპარავს პროდუქტს. თავად რივერა ბენდელიანს თანხა მოპარა, რაზეც დიდი გამიშვი-დამაკავე იყო აქ, ნარდს ურტყამდა თავში და რავი...

ამაზე გამოძიება არ დაწყებულა?

მე არც მქონდა საშუალება, რომ მიმემართა საგამოძიებო ორგანოსთვის. რივერა ბენდელიანს პოლიციის მიმართ ისეთი აგრესიული დამოკიდებულება აქვს, მე რომ მიმემართა, ძიძის ამ საქციელის გამო, აქ საოცრება მოხდებოდა.

ჯერ კიდევ 7 თვის ორსული ვიყავი, კარი რომ შემომიმტვრია და მცემა. პატრულიც მოვიდა ჯიქიაზე, ოღონდ მე არ გამომიძახებია, სხვამ გამოიძახა.

თქვენ თვითონ რატომ არ მიმართავდით?

მე ამ ადამიანისგან ვიყავი ორსულად. ველოდებოდი შვილს და უფრო მეტიც, რომ მოვიდა საპატრულო პოლიცია, არ განმიცხადებია, რომ რივერა ბენდელიანი ძალადობდა და მან შემოამტვრია კარი. თუმცა ეს ყველასთვის ნათელი გახდა, როცა ცხვირდასისხლიანებული დავხვდი და კარიც შემომტვრეული იყო, თან კარი იყო რკინის. ჩვენი განცხადება ასეთი იყო, რომ კარი ჩვენ შემოვამტვრიეთ და ცხვირიდან სისხლი იმიტომ მომდის, რომ ცხვირის ოპერაცია მაქვს გაკეთებული. მე კანონით მაქვს მონიჭებული უფლება, რომ არ მივცე ოჯახის წევრის წინააღმდეგ მამხილებელი ინფორმაცია. ამის უფლება მქონდა და არ მივეცი. შესაბამისად, ეს არ არის პრობლემა, თუმცა მერე მაინც მივეცი.  

ბინა ვის სახელზეა?

ბინა ფიქტობრიოვად მამიდაშვილის სახელზე აქვს გადაფორმებული. 2013 წლის მონაცემებით ეს ბინა მისი იყო (ჩხრეკის ოქმში წერია). ამის შემდეგ რივერა ბენდელიანი სულ ამ ბინაში ცხოვრობდა. საპატრიმროს დატოვების შემდეგ ამ ბინაში გადმოვედით. ამიტომ ყველა ბრალდება, რომლებიც ამ ბინასთან მიმართებით გაჟღერდა, არის სიცრუე.

მარიამ მინდიაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც გითხრათ, რომ დედამთილი ავად ჰყავდა, გადასამოწმებლად მის ოჯახს პატრულის თანამშრომლები მოუგზავნეთ. მისი თქმით, ამის მოწმეები ოჯახის წევრები და მეზობლები არიან - რას უპასუხებდით ამ ბრალდებას?

სიცრუეა.

მარიამ მინდიაშვილს დედამთილთან ურთიერთობა საერთოდ არ ჰქონია. აბსურდია, რომ მარიამმა დედამთილის მოსავლელად გვთხოვა წასვლა. უფრო სარწმუნოა, რომ მე მოძალადე რივერა ბენდელიანის დედას მოვუარო, ვიდრე მარიამ მინდიაშვილმა თავის დედამთილს. ამას საზოგადოება მალე იხილავს.

 24 საათი დედამთილს წყევლიდა.

 რატომ წავიდა, რა მოხდა?

არაფერი მომხდარა, რივერა ბენდელიანის დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ ეგ ქურდი სახლში არ მომიყვანო, „დაგბრიდავო“.

მარიამი თვითონ მეუბნებოდა, ექსპეტიზა ჩაიტარეო. ჩემ მიმართ ყველანაირად დადებითად იყო განწყობილი. შვილო ვის აკლავ თავსო. მაგ დებილ კრიმინალს როგორ აკლავ თავსო.

თუ დაპირისპირება ჰქონდა თქვენს მეუღლეს და მარიამს, მაშინ რატომ მიიჩნევთ მას რივერას მხარდამჭერად? მარიამი ამბობს, რომ ჩემს შვილებს მილენამ დაურეკა და ემუქრებოდაო.

სიცრუეა. მის შვილებს ფოტოებს რომ ვუგზავნიდი მესტიიდან, ის ფოტოები დღემდე შენახული მაქვს, დედამისი ცხენზე რომ არის ამხედრებული და როგორ ისვენებს მესტიაში, 5-ვარსკვლავიან სასტუმროში.

მარიამ მინდიაშვილი ამბობს, რომ თქვენ უფასოდ ისვენებდით სასტუმრო „თეთნულდში“. რადგან მის მეპატრონეს „საქმე გაუკეთეთ“. არახამია ამბობს, რომ ეს იყო ნადავ საპირი - თქვენ მიმართ გამოძიება მიმდინარეობს მოქალაქის განცხადების საფუძველზე ქრთამის სავარაუდო აღების ფაქტზე. რას უპასუხებდით ამ ბრალდებებს?

გარდა მეგობრობისა, ჩემთან რაიმე სხვა ფორმით დაკავშირებული პირის დახმარებით თუ თხოვნით არასდროს დამისვენია. თუმცა ვინ არ მომცა საშუალება, რომ გადამეხადა, ამაზე თავს შევიკავებ.

საპირი ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე იყო ჩემი დაზარალებული. არ ვიცი, საპირი მფლობელია თუ არა. ვიცი, რომ საპირს საერთოდ 4% ჰქონდა მაგ სასტუმროში და როგორ დამპატიჟებდა? ჩვენებებიც აქვს მიცემული, რომ საერთოდ სასტუმროში ვერ ადიოდა და მე როგორ უნდა დავეპატიჟებინე?

თქვენ როდესაც განცხადება დაწერეთ პროკურატურიდან წამოსვლის შესახებ, დროებით დატოვეთ თანამდებობა. აპირებთ დაბრუნებას?

არ გამოვრიცხავ. თუმცა ჯერ არ მსურს ამაზე საუბარი, რადგან გამოძიება და  შესაბამისი პროცესებია გასავლელი. არ უნდა იძახონ ჩემი, როგორც პროკურორის სახელი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
^