გუდაურის საბაგიროს მწარმოებელი ავსტრიული კომპანია „დოპელმაიერი“ რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელ საბაგიროსაც დააპროექტებს.ეს ინფორმაცია „ლიბერალს“ თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში დაუდასტურეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, „დოპელმაიერის“ იქნება გონდოლები და ტექნიკური აღჭურვილობა, მასვე დაევალება საბაგირო გზის ინსტალაცია. რაც შეეხება სადგურების მშენებლობას, მბჯენების გაკეთებას და სხვა სამუშაოებს, ამაზე ტენდერის გამოცხადება იგეგმება.
პროექტი: როგორი იქნება საბაგიროს სადგურები რუსთაველის #52-სა და მთაწმინდაზე
„დოპელმაიერი“ საბაგირო გზების მწარმოებელი ავსტრიული კომპანიაა. როგორც მის ოფიციალურ ვებ გვერდზე ვკითხულობთ, მას სერვის ცენტრები მსოფლიო მასშტაბით 40 ქვეყანაში აქვს. ამ დრომდე კომპანიას დაპროექტებული აქვს 14 800 საბაგირო მოწყობილობა 92 ქვეყანაში.
სწორედ „დოპელმაიერია“ ბაკურიანსა და გუდაურში არსებული საბაგიროების მწარმოებელი კომპანიაც.
16 მარტს გუდაურში მწყობრიდან გამოვიდა საბაგირო. ის ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც 8 მოქალაქე დაშავდა. ისინი უკრაინის, შვედეთის, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდაურში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ის, ვინც ამაში დამნაშავედ გამოვლინდება.