Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას ცვლის მთავრობის ალტერნატიული კანონპროექტი ნარკოტიკული საშუალებების ოდენობებზე

29 მარტი, 2018 18:49

იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავ უწყებებს შემუშავებული აქვთ ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობების ცვლილებას შეეხება.

პროექტი ოდენობებს 8 ნარკოტიკულ ნივთიერებაზე განსაზღვრავს, მათგან 6-ს დღეს მოქმედი კანონმდებლობით არ აქვს განსაზღვრული, თუ რა უნდა ჩაითვალოს მის მცირე ოდენობად.

სამოქალაქო საზოგადოების შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები ფრაგმენტულია და ერთი კონკრეტული მიმართულებითაც კი (ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობები), სრულად ვერ აგვარებს არსებულ პრობლემებს. მათი განცხადებით, კანონპროექტი უგულებელყოფს მთელ რიგ უსამართლობებს და სისტემურ პრობლემებს არსებულ ნარკოპოლიტიკაში.

ზოგადად, ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობები მცირე, დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობებად იყოფა. ასევე, არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობა. იმ შემთხვევაში, თუ ნივთიერებაზე არაა განსაზღვრული მცირე ოდენობა, მისი მცირეოდენი, ნაწილაკის აღმოჩენა ავტომატურად იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

მაგალითისთვის, ნარკოტიკულ საშუალება MDMA-ზე კანონმდებლობთ არაა განსაზღვრული მცირე ოდენობები, რაც ნიშნავს იმას, რომ მაგ. 0.000305 გრამი MDMA-ს ფლობა, მოქმედი კანონმდებლოთ, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ითვალისწინებს და პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.

MDMA-ს მსგავსად, 207 ნარკოტიკული ნივთიერებიდან 147-ზე არ არის განსაზღვრული მცირე ოდენობა.

მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, მცირე ოდენობებს მხოლოდ 6 ნივთიერებაზე განსაზღვრავს (ამფეტამინი, დეზომორფინი, მდმა, LSD, ეფედრონი, მეტამფეტამინი) და 2-ზე (ჰეროინი და მეთადონი) მცირე ოდენობებს ამცირებს.

პროექტის მიხედვით, 8 ნივთიერება შეირჩა პრაქტიკაში მათი განსაკუთრებული დიდი სიხშირით გავრცელებისა და მოხმარების ფაქტიდან გამომდინარე.

რა იცვლება?

კანონპროექტით, ამფეტამინის მცირე ოდენობად მიჩნეულია 0.005 გრამი ანუ ამფეტამინი 0.005 გრამის ჩათვლით ექცევა მცირე ოდენობაში. დეზომორფინზე - 0,001, LSD - 0,00002, მდმა - 0,05, ეფედრონი - 0,005, მეტამფეტამინი - 0,005;

რაც ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, უკვე 0.006 გრამი ამფეტამინი (ანუ მცირე ოდენობაზე მეტი) ისევე გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 6 წლამდე. ასევე იქნება 0,00003 გრამ LSD-ზე, 0.06 MDMA-ზე, 0.006 ეფედრონსა და ა.შ. (დღეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად);

თვალსაჩინოებისთვის, 2018 წლის 7 თებერვალს 24 წლის სერგო შიშმანიძეს სასამართლომ 0.13 გრამი MDMA-ს ფლობისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იმ შემთხვევაში, თუ ეს ცვლილებები ძალაში იქნებოდა, სერგო ციხეში მაინც მოხვდებოდა, მას თავისუფლების აღკვეთა ვადით 6 წლამდე დაემუქრებოდა.

როგორც უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა, აღნიშნული ცვლილება ხორციელდება იმისათვის, რომ „ცარიელი შპრიცებზე“ ადამიანები ციხეში აღარ წავიდნენ.

რას ნიშნავს „ცარიელი შპრიცები“?

თუ ადამიანს დააკავებენ, აღმოუჩენენ მოხმარებულ შპრიცს, შემდეგ ტარდება ექსპერტიზა და იზომება, თუ რამდენია მოხმარებულ შპრიცში ჩარჩენილი ნარკოტიკული ნივთიერება.  

როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმ შემთხვევაში, თუ მასში აღმოჩნდება ისეთი ნარკოტიკული ნივთიერება, რაზეც არაა განსაზღვრული მცირე ოდენობა, მისი ნებისმიერი ნაწილაკი, ნებისმიერი ოდენობა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს. მცირე ოდენობების განსაზღვრით კი უნდათ, რომ მსგავსი შემთხვევები გამოირიცხოს.

თუკი ამ ნივთიერებებზე განისაზღვრება მცირე ოდენობები, შპრიცში მისი ნაწილაკების აღმოჩენის შემთხვევაში ადამიანს არა სისხლის სამართლის, არამედ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება (დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით);

თუმცა აღსანიშნავია, რა ხდება ისეთ შემთხვევებში, თუ ადამიანს შპრიცში აღმოჩენილი ნაწილაკის გამო/მცირე ოდენოთ ფლობისთვის 1 წლის განმავლობაში ხელმეორედ დააკავებენ. ამ შემთხვევაში მას მაინც დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა (სსკ 273-ე მუხლი), რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე.

გამოდის, რომ კანონმდებლობაში რჩება შესაძლებლობა, ადამიანს შპრიცში აღმოჩენილი ოდენობების გამოც პატიმრობა შეეფარდოს, ვინაიდან ოდენობების განსაზღვრის პარალელურად არ ხდება კანონმდებლობით უკვე გაწერილი სასჯელის გადახედვა და შეცვლა.

„ლიბერალთან“ საუბრისას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი (EMC) გურამ იმნაძე განმარტავს, რომ თუ დეკრიმინალიზაცია არ მოხდა, მოხმარებული შპრიცის გამოც ადამიანი ისევ შეიძლება გახდეს (მეორეჯერ იმავე შემთხვევის გამო)  კრიმინალიზების მსხვერპლი.

„ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ თუნდაც უკვე გამოყენებული შპრიცების გამოც კი ადამიანი შესაძლოა, წავიდეს ციხეში. იქიდან გამომდინარე, რომ არ ხდება მოხმარების დეკრიმინალიზიაცია. კომისიის სხდომაზე ამაზე საუბარიც არ ყოფილა. ხდება პრობლემების დანაწევრება. ოდენობებზე მსჯელობა შეუძლებლია, შეძენა-შენახვაზე სასჯელის ზომის გარეშე. ეს ორი საკითხი ერთმანეთთან ბმაშია. მინიმალურ ოდენობის განსაზღვრაზე მსჯელობას აზრი ეგარკება თუ არ გაქვს მკაფიო ხედვა, რას უშვრები ნარკოტიკის მოხმარების თემას, ტოვებ კრიმინალიზებულს, თუ აკეთებ დეკრიმინალიზაციას“, - ამბობს იმანაძე.

მისივე თქმით,  კანონპოექტში შეტანილ ნარკოტიკულ საშუალებებზე იმდენად მცირე გრამებია გაწერილი, რომ მომხმარებლებისთვის არანაირი ნარკოლოგიური თრობის შემცველი არ არის. განსაზღვრული მცირე ოდენობები შპრიცში ჩარჩენილი ნივთიერების კვალის ოდენობა შეიძლება იყოს და მისი გამოყენება ნარკოლოგიური თრობისთვის ნაკლებსავარაუდოა.

„მომხმარებლის საშუალო დოზა, რომელსაც მინიმალური ტოლერანტობა აქვს, ნარკოტიკის მიმართ, მათთვის ეს ოდენობა ნამდვილად არაფრის მომცემი არ იქნება. გამოდის, რომ მხოლოდ ტექნიკურ საკითხთან გვაქვს საქმე, რომ „მოხმარებული შპრიცის გამო ადამიანები ციხეში აღარ გავუშვათ“...  ქვეყნისთვისაც და ხელისუფლებისთვის სამარცხვინოა, რომ ისინი მოხმარებულ შპრიცში აღმოჩენილი მილიგრამების გამო ადამიანებს წლობით უშვებენ ციხეში. ეს სირცხვილი რომ ჩამოიშორონ, მხოლოდ ამიტომ შემოაქვთ ეს ინიციატივა“, - ამბობს იმნაძე.

შედარებისთვის, ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ შემუშავებული ოდენობებით, ამფეტამინის მცირე ოდენობად მიჩნეულია - 0.120 გრამი, დეზომორფინზე - 0.002; LSD - 0.00015;  მდმა -0.4; მეთადონი - 0.06; მეტამფეტამინი - 0.3 და ა.შ.

გურამ იმნაძე ამბობს, რომ უწყებათაშორისი კომისიის ბოლო სხდომაზე საუბარი იყო მხოლოდ ოდენობებთან დაკავშირებით, არაფერი თქმულა დეკრიმინალიზეციაზე (სსკ 273-ე მუხლი). მისი თქმით, ზოგადად ითქვა, რომ შემდეგი შეხვედრის ერთ-ერთი თემა უნდა იყოს 273-ე მუხლი.

„ამასთან, უწყებათაშორისი კომისიის სხდომის ფარგლებში გადმოგვეგზავნა სასჯელებთან დაკავშირებით პროკურატურის პოზიცია. დოკუმენტში  საერთოდ არ არის ყურადღება გამახვილებული 273-ე მუხლზე, დეკრიმინალიზაციაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დეკრიმინალიზაციას საერთოდ არ განიხილავენ“, - ამბობს გურამ იმნაძე.

გურო იმნაძე: ხდება ნარკოპოლიტიკის რეფორმის გახლეჩა და დანაწევრება

EMC: ალტერნატიული კანონპროექტი უგულებელყოფს ნარკოპოლიტიკაში მთელ რიგ სისტემურ პრობლემებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^