მცირეწლოვანის ორგანიზმში ოპერაციის შემდეგ დოლბანდის ჩატოვების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ სააავადმყოფოში განმარტებას აკეთებენ. შესაბამისი განცხადება კლინიკიდან „ლიბერალს“ გამოუგზავნეს.
კლინიკის მიერ მომზადებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ჩარევა, როგორც ოპერაციული, ისე პოსტოპერაციული, საერთაშორისო პროტოკოლის შესაბამისად ჩატარდა, რამაც ბავშვის გადარჩენის შესაძლებლობა მოგვცა.
კლინიკაში ასევე ამბობენ, რომ მათ არ მიუღიათ რაიმე სახის ოფიციალური ინფორმაცია ან დოკუმენტაცია საფრანგეთის კლინიკიდან და შესაბამისად, ბავშის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებენ.
„პაციენტი შემოვიდა იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალურ სააავადმყოფოში 2016 წლის 28 აპრილს, 1 დღის ასაკში. მდგომარეობის სიმძიმის გამო მოთავსებული იქნა ახალშობილთა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, სადაც დაისვა სანაღვლე გზების ატრეზიის (განუვითარებლობის) დიაგნოზი. ეს მდგომარეობა მიეკუთვნება იშვიათ დაავადებებს და სტატისტიკით გვხვდება 1 შემთხვევა ყოველ 10.000-15.000 ახალშობილზე, ანუ საშუალოდ წელიწადში საქართველოში 3-5 ასეთი ახალშობილი იბადება. ღვიძლის ტრანსპლანტაციის დანერგვამდე ასეთი ბავშვების უმრავლესობა 5 წლის ასაკამდე იღუპებოდა ღვიძლის უკმარისობის გამო, ამიტომ ასეთი ბავშვების გადარჩენის ერთადერთი გზაა ურთულესი ქირურგიული ოპერაციის (ე.წ. კასაის ოპერაცია) ჩატარება დაბადებიდან რაც შეიძლება სწრაფად, რათა მოხერხდეს მათი მიყვანა 1-2 წლის ასაკამდე, როდესაც ღვიძლის გადანერგვა უკვე შესაძლებელია.
იაშვილის კლინიკაში სანაღვლე გზების ატრეზიის დიაგნოზის დასმისთანავე ჩატარდა კასაის ოპერაცია, რამაც საშუალება მოგვცა გაგვეხანგრძლივებინა ბავშვის სიცოცხლე და მიგვეყვანა ის ღვიძლის გადანერგვამდე. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ ოპერაციის გარეშე ბავშვის გადარჩენა შეუძლებელი იყო და ის დაიღუპებოდა ძალიან მოკლე პერიოდში. კასაის ოპერაცია სულ რამდენიმე წელის დაინერგა საქართველოში და ამ ოპერაციამდე ყველა ბავშვი სანაღვლე გზების ატრეზიით იღუპებოდა სიცოცხლის პირველი წლების განმავლობაში.
ოპერაციის ჩატარებიდან ორი თვის შემდეგ ბავშვი გაეწერა ბინაზე გაუმჯობესებულ, სტაბილურ მდგომარეობაში, ღვიძლის ფუნქციური სინჯების საშუალოდ მომატებული მაჩვენებლებით.
ერთი წლის ასაკში, ოპერაციიდან 10 თვის შემდეგ პაციენტი განმეორებით იყო ჰოსპიტალიზებული გამოხატული სიყვითლით და ღვიძლის ფუნქციური სინჯების მკვეთრად მომატებული მაჩვენებლებით, რის გამოც მიეცა რეკომენდაცია მიემართა ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალისთვის, სადაც უკვე წლებია წარმატებით წარმოებს ღვიძლის ტრანსპლანტაცია. მისი შემდგომი მკურნალობის საკითხი შეთანხმებული იყო ქირურგ-ტრანსპლანტოლოგთან, თუმცა პაციენტის მშობლებმა არჩიეს მისი საზღვარგარეთ წაყვანა.კიდევ ერთხელ გვინდა ავღნიშნოთ, რომ არა იაშვილში ჩატარებული ოპერაცია, ღვიძლის გადანერგვის ჩატარება ვერ მოხერხდებოდა, "- ნათქვამია იაშვილის კლინიკიდან გამოგზავნილ წერილში.
იაშვილის კლინიკის დირექტორი: მცირეწლოვანს ოპერაცია სწორად ჩაუტარდა
ნენეს დედა: ფრანგმა ექიმებმა გვითხრეს, ასეთი რამ აფრიკის ქვეყნებშიც აღარ ხდება
მშობელი იაშვილის კლინიკას 2 წლის შვილის სხეულში დოლბანდის ჩარჩენის გამო უჩივის