
„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთო კახიძე მიიჩნევს, რომ საჭიროა შსს-მ შეიმუშაოს ერთიანი ნარკოპოლიტიკა და ნარკოტიკების გასაღებაზე მკაცრი კონტროლი დააწესოს.
„ხელისუფლებას მართებს ამ რაღაც ქაოტური მიდგომების უნიფიკაცია. რაღაც ერთიანი პოლიტიკის შემუშავება იმისთვის, რომ უმკაცრესი იყოს სახელმწიფოს გზავნილი ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ იყოს მკაცრი კონტროლი განსაკუთრებულ სარისკო ვითარებებზე. ეს პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და წარმოადგინოს პარლამენტში. ასე იქცევიან პასუხისმგებლიანი მთავრობები,“ - თქვა ოთო კახიძემ.
შსს-მ 5 მაისს ორი პირის სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირებით გარდაცვალებაზე განხადება გააკეთა. ბოლო პერიოდში ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია სხვა მოქალაქეების შესახებაც, რომლებიც სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერებით ინტოქსიკაცის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს ან გარდაიცვალნენ.
ექიმი-ნარკოლოგის, ზურა სიხარულიძის თქმით, ის კლინიკური ნიშნები, რაც ზედოზირების ბოლო შემთხვევებში გამოვლინდა ჰგავს ძლიერმოქმედი ოპიატის ან ძლიერმოქმედი საძილე საშუალებების მოქმედებას, ვინაიდან სიკვდილი დგება სუნთქვის მწვავე უკმარისობით.
„ეს მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლებელია იყოს ე.წ. სინთეზური ჰეროინი, ან კარფენტანილი, რომელიც დღეს ძალიან გავრცელებულია მსოფლიოში და არის ეპიდემია მისი მოხმარების მხრივ. 2017 წელს აშშ-ში დაახლოებით 60-65 ათასი ადამიანი გარდაიცვალა ზედოზირებით. ამ ნარკოტიკის მოხმარება არის გახანგრძლივებული მოქმედების, იწვევს სუნთქვის უკამარისობას მიღებიდან ზუსტად 24 საათის შემდგომ. პირველი ტალღა არის ეიფორია, შემდგომ კი დგება ძილიანობა“, - ამბობს სიხარულიძე.
სიხარულიძე: მომხმარებელმა თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი უცნობი ნივთიერების მიღებისგან