
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებული არიან ტყიბულის შახტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, - ამის შესახებ სამინისტრომ ბრიფინგი გამართა.
პოლიციამ დააკავა 5 აპრილს მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევის გამო შახტის დირექტორი, მთავარი ინჟინერი, მენეჯერი, 1-ელი უბნის უფროსი, მისი მოადგილე და თანაშემწე. მათ ბრალი ედებათ სამთო და სამშენებლო სამუშაოების დროს, უსაფრთხოების წესების დარღვევაში(240-ე მუხლი), რამაც ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 5 აპრილს მინდელის შახტში სამუშაო პროცესის დროს დაიღუპა 6 და დაშავდა 2 მეშახტე.
ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 1983 წელს დაბადებული ერთი პირი(ინდმეწარმე) 2018 წლის 2 ივნისს მომხდარი შემთხვევის გამოც. 2 ივნისს ღია კარიერული წესით მოპოვების ადგილზე მომხდარი შემთხვევის დროს დაიღუპა ორი ადამიანი.
რაც შეეხება 16 ივლისს მომხდარ შემთხვევას, შს სამინისტროს ცნობით 260-ე მუხლით, მიმდინარეობს გამოძიება. კერძოდ, დანიშნულია ექსპერტიზები და ამის შემდეგ მიიღებს სამინისტრო გადაწყვეტილებას.
16 ივლისს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მეშახტე დაიღუპა, 6 კი დაშავდა.