პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, გამოსაშვები გამოცდები ამჟამინდელი მე-12- კლასელებისთვისაც გაუქმდება.
როგორც განათლების რეფორმის ფარგლებში გამართული პრეზენტაციისას დაანონსდა, წელს იგეგმებოდა, რომ გამოსაშვები გამოცდები მოხსნილიყო მე-11-კლასელებისთვის, ხოლო მე-12- კლასელებისთვის არსებული ფორმატით ჩატარებულიყო და მათთვის ატესტატის გაცემის წესი არ შეცვლილიყო. 2020 წლიდან კი გამოსაშვები გამოცდები მე-12-კლასელებისთვისაც მოიხსნებოდა. ამ განცხადებას აბიტურიენტების პროტესტი მოჰყვა, ისინი მოითხოვდნენ, რომ მე-11-კლასელების მსგავსად გამოსაშვები გამოცდები მათთვისაც წელს მოხსნილიყო.
„ჩვენ გვჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სკოლა, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლების მიღებაზე და არა იმაზე, რომ გამოცდებისთვის მოვამზადოთ ჩვენი მომავალი თაობა. განათლების მიღება სკოლაში - ეს არის ყველაზე დიდი პრიორიტეტი. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ სკოლა და მისი ფუნდამენტი გავაძლიეროთ. ამასთან ერთად, განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საატესტატო გამოცდების მოხსნასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება 2019 წელს მე-11 კლასელებს, ხოლო 2020 წელს მე-11 და მე-12 კლასელებისთვის. ეს იყო პრინციპულად სწორი მიდგომა, თუმცა ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელეთ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები და მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ, როგორც მე-11, ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს,“ - განაცხადა ბახტაძემ.
აბიტურიენტები მოითხოვენ, გამოსაშვები გამოცდების გაუქმება წელს მათაც შეეხოთ - აქცია დაანონსდა
გამოსაშვები გამოცდების გაუქმება და 3 სავალდებულო მისაღები გამოცდა - ახალი მოდელი
წელს მე-11 კლასში, 2020 წელს კი მე-12 კლასშიც გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები