პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ზოგადი განათლების შესახებ კანონში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს ასახავს.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბართში ვკითხულობთ, ცვლილებები მიზნად ისახავს „ძლიერი და დამოუკიდებელი სკოლის არსებობას, რომელიც ორიენტირებული იქნება მოსწავლეებისთვის განათლების მიღებაზე“ და არ მოემსახურება მხოლოდ ერთ კონკრეტულ მიზანს - მოსწავლეების გამოსაშვები გამოცდებისთვის მომზადებას.
„შესაბამისი საგნების სწავლებისას აქცენტი გაკეთდება იმ არსობრივ ზოგადსაგანმანათლებლო სიკეთეებზე, რასაც საგანი ფარავს და არა იმ ტექნიკურ სტანდარტებსა თუ უნარებზე, რაც საჭიროა მოსწავლემ გამოიმუშაოს იმისათვის, რომ წარმატებით ჩააბაროს სკოლის გამოსაშვები გამოცდები“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
პროექტის თანახმად, წარმოდგენილი ცვლილების შედეგად, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი გაიცემა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის შედეგად სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების გარეშე.
ატესტატს მიიღებენ ის პირები, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა არ მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში.
ასევე ატესტატს მიიღებენ ის პირები, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, თუმცა ვერ დააგროვეს ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება.
განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ გამოსაშვები გამოცდების ორგანიზებისთვის ბიუჯეტით გათვალისწინებული 1.5 მილიონი ლარი მიმართულ იქნება ცენტრის მიერ განსახორციელებელ სხვა ღონისძიებებზე, მათ შორის საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევების ხარჯების დასაფინანსებლად.