პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების „მოპოვება, შენახვა, გავრცელებასთან" დაკავშირებით ანი აროშიძის სახელით, პარტია „გირჩმა" საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა.
მოსარჩელე მოითხოვს იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელების ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფისათვის ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. მოსარჩელემ ასევე დააყენა შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
„ჩემი დანაშაული ისაა, რომ მე ვნახე ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და გავუგზავნე ის სამ მეგობარს არა საჯაროდ, არამედ პირად ჩატში, ისევე, როგორც სხვა უამრავმა ადამიანმა გააკეთა ეს.
არ მგონია, რომ ეს საქციელი მისაბაძია და ბოდიშს ვუხდი ქალბატონ ეკა ბესელიას ჩემი ბავშვური, უაზრო გართობის გამო, მაგრამ მე კრიმინალი არ ვარ, არასდროს ვყოფილვარ...", - წერდა ანი აროშიძე გამოქვეყნებულ ღია წერილში.
საკონსტიტუციო სარჩელში ვკითხულობთ, რომ მოსარჩელემ მხოლოდ საჯარო სივრცეში განთავსებული ფაილი გაგზავნა და მას არ ხელუყვია სხვისი პირადი სივრცე და არც პირველწყარო ყოფილა აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების. საკონსტიტუციო სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ ყოველივე ამის გათვალისწინებით, ანი აროშიძის მოქმედება, გამოხატვა სრულად ჯდება კონსტიტუციით დაცულ სფეროში - გამოხატვის თავისუფლებაში.
როგორც სარჩელში წერია, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლება შესაძლოა, შეიზღუდოს მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული, ვიწრო და განჭვრეტადი ნორმების საფუძველზე. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ნორმა, რომლის საფუძველზეც იზღუდება გამოხატვის თავისუფლება იყოს საკმარისად ცხადი და განჭვრეტადი. პირი წინასწარ უნდა ხვდებოდეს აკრძალული ქმედების შინაარსს. განსაკუთრებით მაშინ, თუკი ნორმა პასუხისმგებლობის დამკისრებელია (მით უფრო სისხლისსამართლებრივი), ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ ნორმა ვერ დააკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულობის ხარისხს.
„შესაბამისად, ნორმა, რომელიც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, წინასწარ განჭვრეტადი და ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, წინასწარ გასაგები უნდა იყოს, თუ კონკრეტულად რა ქმედებაა აკრძალული. აკრძალული ქმედების შინაარსი გასაგები უნდა იყოს არაორაზოვნად, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ქმედებაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.
ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ ნორმა ვერ დააკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულობის ხარისხს, თუკი ის პირს არ აძლევს საშუალებას, რომ წინასწარ განჭვრიტოს, განსაზღვროს აკრძალული ქმედების არსი და ამის მიხედვით დაარეგულიროს საკუთარი ქმედება", - ვკითხულობთ სარჩელში.
მოსარჩელის აზრით, აღნიშნული ნორმა ვერ პასუხობს განსაზღვრულობის სტანდარტებს, ვინაიდან, ნორმაში მოცემული სიტყვები „მოპოვება“, „შენახვა“ „გავრცელება“ არ არის ვიწროდ განმარტებული და ის ინტერპრეტაციის უამრავ საშუალებას იძლევა.
„მაგ. პროკურატურის აზრით, „მოპოვება“, „შენახვა“ და „გავრცელება“ გულისხმობს, მეგობრისთვის ინტერნეტბმულის თხოვნას, ისევე, როგორც გავრცელება გულისხმობს, საკუთარი აქტიური ჩარევის გარეშე, ფეისბუქ-აპლიკაციის მიერ ფაილის ავტომატურად შენახვას.
მოსარჩელის აზრით, გაუგებარია, „მოპოვებით“, „შენახვით“ ან „გავრცელებით“ სად გადის ზღვარი, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის მოპოვებაზე და პირადი ცხოვრებაში შეჭრით მოპოვებას შორის. აღნიშნული ნორმა და მისი სიტყვები „მოპოვება“, „შენახვა“ და „გავრცელება“ იძლევა ფართოდ ინტერპრეტაციის საშუალებას, რაც შემდეგ საფუძველს იძლევა, მოხდეს პირის კონსტიტუციით დაცულ სფეროში - გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევა", - ნათქვამია სარჩელში.
პირადი ცხოვრების ჩანაწერების საქმეზე 18 ბრალდებულიდან მხოლოდ ერთია ამტვირთავი
გიორგი გასვიანის „დანაშაული" - ბრალდებული, ვინც პირადი ცხოვრების კადრებს უყურა
ბრალდებული, ვინც პირადი ცხოვრების კადრებს უყურა და მეგობარს გაუგზავნა, საკონსტიტუციოს მიმართავს
ეკა ბესელია ჩანაწერების გამო დაკავებულებზე: არ მინდა ვატარო მათი ტკივილი და ტრაგედია