საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ტყიბულის მუნიციპალიტეტს 1 მლნ 800 ათასი ლარი გამოუყო.
განკარგულებაში წერია, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტს ეს თანხა გამოეყო 2018 წლის ბოლომდე დასაფინანსებელი ღონისძიებების შეუფერხებლად დაფინანსების მიზნით.
„ლიბერალმა“ შეკითხვით მიმართა ტყიბულის მუნიციპალიტეტს იმის გასარკვევად, თუ რატომ გახდა საჭირო დამატებით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მლნ ლარზე მეტის გამოყოფა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მიერ „ლიბერალისთვის“ გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა მუნიციპალიტეტმა იმიტომ მოითხოვა, რომ „საქნახშირმა“ გადასახადები ვერ გადაიხადა.
„ბოლო პერიოდში, ტყიბულის შახტში განვითარებული მოვლენების გამო, ,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფმა“ ვერ გადაიხადა საწარმოთა ქონებისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადები . აქედან გამომდინარე, ტყიბულის მუნიციპალიტეტმა, თხოვნით მიმართა ფინანსთა სამინისტროს, წლის ბოლომდე დასაფინანსებელი ღონისძიებების შეუფერხებლად დაფინანსების მიზნით, ბიუჯეტი შეევსო 1 977 000 ლარით. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ტყიბულის მუნიციპალიტეტს, სარეზერვო ფონდიდან გამოუყო 1 800 000 ლარი.
2018 წლის ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, შემოსავლების ნაწილში, საწარმოთა ქონების გადასახადი დაიგეგმილია 1 250 000 ლარით, სადაც 6 ივლისის მდგომარეობით შემოსულია 36 900 ლრი. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადი არის 780 000 და შემოსულია 16 000 ლარი. ორივე ნაწილში ძირითდი გადამხდელია ,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“, "- მოგვწერეს ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან.
„საქნახშირში“ კი გვითხრეს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე და საწარმოს არამომგებიანი მდგომარეობის გათვალისწინებით, შემოსავლები მხოლოდ სახელფასო ფონდს ხმარდება.
ტყიბულის 2018 წლის ბიუჯეტი 10 მლნ 747 ათას 200 ლარს შეადგენს. აქედან, 5 მლნ, 235 ათასი ლარი გამოყოფილია ცენტრალური ბიუჯეტიდან, ხოლო 5 მლნ, 512 ათას 200 ლარი ტყიბულის საკუთარი შემოსავალია. ამაში შედის „საქნახშირის“ მიერ გადახდილი გადასახადები. კომპანია ტყიბულში წიაღით სარგებლობის მოსაკრებელსა და ქონების გადასახადს იხდის. საერთო ჯამში, კომპანიას ტყიბულის ბიუჯეტში 2 მლნ, ლარი შეაქვს.