ანანოს მამა, ბესიკ გურგენიძე 2018 წლის 5 აპრილს მინდელის შახტში აფეთქებისას დაიღუპა. ამ დღეს მასთან ერთად კიდევ 5 ადამიანი მოკვდა, 3 დაშავდა.
ანანო ახლა 16 წლისაა, სწავლობს ტყიბულში.
მასთან ინტერვიუ მამის დაღუპვიდან რამდენიმე კვირაში ჩავწერეთ. ის ჰყვება მამაზე, იხსენებს 5 აპრილის დილას და საუბრობს იმ სირთულეებზე, რაც ტყიბულში მცხოვრებ ადამიანებს ყოველდღიურად ხვდებათ: „მასწავლებელმა სახლში გამიშვა და უკვე ყველაფერი ცხადი იყო ჩემთვის, მაგრამ გზაში ვლოცულობდი. უბრალოდ, მინდოდა, მამაჩემი ცოცხალი ყოფილიყო“.
ანანო ამბობს, რომ ტყიბულში ცხოვრება არ უნდა. აქ ახალგაზრდებს განვითარების შესაძლებლობები არ აქვთ: „ამიტომ, ვფიქრობ, რომ სკოლის დამთავრებისთანავე წავალ და ჩემს ქალაქს დავტოვებ".
5 აპრილს, დილის 4 საათზე, 49 წლის ბესიკ გურგენიძესთან ერთად შახტში აფეთქებას მისი ხუთი მეგობარი შეეწირა. მათ შორის იყო 25 წლის პავლე გამეზარდაშვილიც. მეშახტეები 10 აპრილს დაკრძალეს. 3 დაშავებული საავადმყოფოში მკურნალობდა. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ, უცნობია, რა მიზეზით და ვისი ბრალეულობით მოხდა აფეთქება.
ტყიბულის შახტები კომპანია „საქნახშირს" (ჯი-აი-ჯი ჯგუფს) ეკუთვნის. ქალაქში ორი - მინდელისა და ძიძიგურის შახტები მუშაობს.
შარშან ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში 4 მუშა მოკვდა, წელს კი ამავე შახტში - 6 მუშა. რამდენიმე კვირის წინ კიდევ ორი მუშა დაიღუპა. შემთხვევა „ჯი-აი-ჯი ჯგუფის სალიცენზიო ზონაში“ მოხდა, სადაც ნახშირს ღია კარიერული წესით 30-მდე წვრილი კომპანია მოიპოვებს.
________________________________
ვიდეო მომზადებულია პროექტის - „ლიბერალი მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისთვის" ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამა.