საკონსტიტუციო სასამართლო დღეს ნარკოტესტირების პრაქტიკის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული სარჩელის დასაშვებობას განიხილავს.
როგორც სარჩელშია აღნიშნული, გასაჩივრებული აქტები ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ ჩანაწერს, რომ ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია, რომ ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია, რომ თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ასევე, არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით და ა.შ.
სარჩელში აღნიშნულია, რომ „2006 წლიდან მოყოლებული, საქართველოში პოლიცია აქტიურად იყენებს შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, ე.წ. ქუჩის ნარკოშემოწმებას. როგორც შესაბამისი კვლევები ადასტურებს, 2006 წლიდან დღემდე, ნარკოტესტირებაზე წარდგენილი პირების საერთო რაოდენობის მხოლოდ 30 პროცენტს დაუდასტურდათ ნარკოტიკების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტი. აღნიშნული გარემოება ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს ე.წ. რანდომული ნარკოტესტირების ჩატარების სამართლებრივი საფუძვლის და ზოგადად ამგვარი პრაქტიკის საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ადამიანის უფლებებთან შესაბამისობის თაობაზე...".
ამ პროცესის დროს ხდება აბსოლიტურად უდანაშუალო ადამიანების ე.წ. „ადმინისტრაციული წესით დაკავება“ და მათი იძულება ამტკიცონ საკუთარი უდანაშაულობა. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი პოლიტიკის მსხვერპლნი, ნარკოტიკების უკანონო მომხმარებისათვის გათვალისწინებული მკაცრის სანქციების გამო, წარმოადგენენ “ბრალდებულებს” საქართველოს კონსტიტუციის მიზნებისათვის, ისინი არ სარგებლობენ სამართლებრივი დაცვის მინიმალური მექანიზმებითაც კი...
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ე.წ. ქუჩის შემთხვევითი ნარკოლოგიური შემოწმების დროს, უშუალოდ შემოწმებისათვის დაკავებული პირების წარდგენასა და ტესტირებაზე გამოყოფილი თანხების 60-70% პროცენტი იხარჯება ტყუილად, ვინაიდან, ზუსტად გამოკვლეულთა 60-70% პროცენტის შემთხვევაში ტესტირების შედეგი არის უარყოფითი...
„მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ, როგორც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ისე „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის ნორმებში, ნარკოლოგიურ გამოკვლევაზე წარდგენის საფუძვლად, მითითებულია არა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის (ნარკოტიკული სიმთვრალის), არამედ ერთჯერადი მოხმარების თაობაზე ეჭვი ან ვარაუდი. უნდა აღინიშნოს, რომ ერთჯერადი მოხმარების ეჭვი ან ვარაუდი საკმაოდ ფართო ცნებაა და არ არის აუცილებლად დაკავშირებული ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის კონკრეტულ ფაქტთან. ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, სამედიცინო-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევით, შეიძლება დადასტურდეს უშუალო მოხმარებიდან რამოდენიმე დღის, ან თვეების შემდეგაც კი. გასათვალისწინებელია ის, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, ძირითადად, ხდება ფარულად, შესაბამისად, თუ სახეზე არ არის, მაგალითად, ნარკოტიკული სიმთვრალის ძალზედ თვალნათელი კლინიკური ნიშნები, საკმაოდ რთულია მოხმარების ფაქტის ობიექტურად იდენტიფიცირება, განსაკუთრებით კი, არაპროფესიონალი (არანარკოლოგი) პირის მიერ. ამდენად, ნარკოტიკული საშუალების მხოლოდ ერთჯერადი მოხმარების ფაქტის არსებობის ვარაუდი, როგორც უფლებამოსილი პირის მიერ კონკრეტული იძულების ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, თავიდანვე შეიცავს თვითნებობის საკმაოდ მაღალ საფრთხეს...", - ნათქვამია საკონსტიტუციო სარჩელში.