„ლევან აბზიანიძის გარდაცვალების ფაქტი არის სამარცხვინო ლაქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში", - ასე ეხმაურება „თეთრი ხმაურის მოძრაობა" ნარკოტესტირების შემდეგ გარდაცვლილი ლევან აბზიანიძის შესახებ ექსპერტიზის დასკვნას, რის მიხედვითაც ლევან აბზიანიძის სიკვდილის მიზეზად არ შეიძლება მივიჩნიოთ მის სისხლში აღმოჩენილი ფუროსემიდის (შარდმდენის) კვალი.
„თეთრი ხმაურის მოძრაობა" აცხადებს, რომ სრულ უნდობლობას უცხადებენ გამოძიებას, თუ ცალკეულ ინსტიტუტებს, „რომლებიც მახინჯი სისტემის მიერ ადამიანის წამებით მკვლელობის ფაქტის უბედურ შემთხვევად შენიღბვას ცდილობენ".
„მიგვაჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნას არავითარი არსებითი ღირებულება არ გააჩნია. ლევან აბზიანიძის თუნდაც გულის შეტევით გარდაცვალება არათუ ასუსტებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, არამედ პირიქით, კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას. ფაქტია, აბზიანიძის გარდაცვალება მისი რამდენიმე საათიანი წამების პირდაპირი შედეგია.
ჩვენ, შარშან, 17 ივნისს, სწორედ ლევან აბზიანიძს გარდაცვალების ერთი წლის თავზე გავმართეთ მასშტაბური და ხმაურიანი აქცია-მსვლელობა რუსთაველის გამზირზე, რომელსაც ათასობით ჩვენი მოქალაქე შემოუერთდა. ვდებთ პირობას, რომ აბზიანიძის, დემურ სტურუას თუ დღემდე მოქმედი ნარკოპოლიტიკის შედეგად მოკლული იმ ადამიანების უკვდავსაყოფად, რომელთა ვინაობაც უცნობი დარჩა, არ შევწვეტთ ხმაურს სისტემის ძალადობრივი მექანიზმის ძირეულ გარდაქმნამდე!", - აცხადებს „თეთრი ხმაურის მოძრაობა".
ლევან აბზიანიძე ქუთაისში 2015 წლის ივნისში ნარკოტესტირების შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახის განცხადებით, პოლიციელებმა ის ნარკოლოგიურში გადაიყვანეს, სადაც ბიოლოგიური მასალის ჩაბარება მოსთხოვეს. ამისთვის კი შარდმდენი დაალევინეს. ახლობლების განცხადებით, ნარკოლოგიურის დატოვების შემდეგ, აბზიანიძე შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. მისი მეუღლის თქმით, აბზიანიძის გარდაცვალების მიზეზი ამ აბების მიღება გახდა. „დაუვარდა წნევა, 3 ცალი შარდმდენის დალევის შემდეგ, გამოიფიტა ორგანიზმი, სითხისგან დაიცალა და ადამიანი გარდაიცვალა".
ექსპერტიზის დასკვნით, ლევან აბზიანიძის სიკვდილის მიზეზად არ შეიძლება მივიჩნიოთ მის სისხლში აღმოჩენილი ფუროსემიდის (შარდმდენის) კვალი. ექსპერტიზის დასკვნა „ლიბერალს" აბზიანიძის ოჯახის ადვოკატმა მიაწოდა.
ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ აბზიანიძის სიკვდილის მიზეზია გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, განვითარებული გულის ქრონიკული იშემიური დაავადების შედეგად.
აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის პირველადი დასკვნით, აბზიანიძის ორგანიზმში შარდმდენის კვალი აღმოჩნდა, თუმცა გახდა თუ არა აღნიშნული გარდაცვალების მიზეზი, ამის დასადგენად დამატებითი ექსპერტიზა გახდა საჭირო. აღნიშნული დასკვნის მიხედვით კი ექსპერტიზა შარდმდენის მიღებას ლევან აბზიანიძის გარდაცვალებას არ უკავშირებს.
დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ლევან აბზიანიძეს გულზე არსებული მდგომარეობის გამო „ხშირად საჭირო ხდება შარდმდენი საშუალების მათ შორის ფუროსემიდის მიღება“.
დასკვნა - ლევან აბზიანიძის სიკვდილის მიზეზი შარდმდენის მიღება არ გამხდარა
Genpud: ნარკოტესტირების შემდეგ ქუთაისში მამაკაცი გარდაიცვალა
ლევან აბზიანიძის ქვრივი: გარდაცვლილის ორგანიზმში შარდმდენის კვალი აღმოჩნდა
ფოტო ► აქცია კანცელარიასთან - "ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ!