Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ლიბერალმა“ სახალხო დამცველის წინააღმდეგ დავა სააპელაციო სასამართლოში მოიგო

29 ივნისი, 2017 14:17

სახალხო დამცველმა, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს, საჯარო ინფორმაციის სრულად გაცემაზე უარის გამო, „ლიბერალთან“ სასამართლო დავა წააგო.

თბილისის სააპელაციო  სასამართლოს მოსამართლემ, ნათია ქუთათელაძემ, დღეს სრულად დააკამყოფილა „ლიბერალის“ სარჩელი, რომლის მიხედვითაც, მედიასაშუალება დაუშტრიხავი სახით მოითხოვდა სახალხო დამცველის აპარატისგან საჯარო ინფორმაციის გაცემას. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახალხო დამცველს გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის დაუშტრიხავი სახით გაცემა დაევალა. ამასთან, სასამართლომ სახალხო დამცველის აპარატს „ლიბერალის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (250 ლარის) ანაზღაურება დააკისრა.

„ლიბერალის" ინტერესებს სასამართლოში იურიდიული კომპანიის, LPC Law Office-ის იურისტები ილია ჭანტურაია და ნინო ცინცაძე იცავდნენ.

რას მოითხოვდა „ლიბერალი“

2016 წლის 30 მარტს „ლიბერალმა“ მოამზადა მასალა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა ავტომობილ Hynday-ს სანაცვლოდ 105 500 ლარის ღირებულების Mercedes-Benz GLA იყიდა.

მასალის მომზადების შემდეგ „ლიბერალი“ დაინტერესდა, ვის სარგებლობაში უნდა ყოფილიყო 105 500-ლარიანი მანქანა და საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა.

„ლიბერალი“ მოითხოვდა ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2014-2016 წლებში შეძენილ ავტომანქანებზე და ასევე იმაზე, თუ ვის განკარგვაში იქნებოდა ეს ავტომანქანები.

სახალხო დამცველის აპარატმა საჯარო ინფორმაციაზე პასუხი 6 აპრილს მოგვაწოდა. პასუხში აღნიშნული იყო, რომ Mercedes-benz GLA აპარატის სხვადასხვა საჭიროებისა და მიზნისთვის შეიძინეს.

მოგვიანებით, „ლიბერალმა“ კვლავ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, ამჯერად მხოლოდ Mercedes-benz GLA-ის შესახებ - აპარატის რომელი თანამშრომელი სარგებლობდა ამ მანქანით.

სახალხო დამცველის აპარატმა მოგვწერა (9 ივნისი, 2016), რომ Mercedes-benz GLA განთავსებულია ავტოსადგომზე და მას საჭიროების შესაბამისად, სამსახურებრივი მიზნებისთვის კონკრეტულ თანამშრომელს გადასცემდნენ.

ვინაიდან „ლიბერალს“ წყაროსგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ Mercedes-benz GLA 2016 წლის 28 მარტის N113 ბრძანებით, სამსახურებრივი მიზნებისთვის ომბუდსმენის მაშინდელი მოადგილის, ნათია კაციტაძის მძღოლს, ნიკოლოზ ბალიაშვილს გადაეცა და საჯარო ინფორმაციის ხელმეორედ გამოთხოვამდე (9 ივნისამდე) ბრძანებაში ცვლილება არ შესულა, ანუ ავტოსადგომზე განთავსებასთან დაკავშირებით ახალი ბრძანება არ გამოცემულა, „ლიბერალმა“ სახალხო დამცველის აპარატს საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის კიდევ ერთხელ, 17 ივნისს მიმართა.

ამჯერად „ლიბერალი“ მოითხოვდა დოკუმენტს (ბრძანებას), რომლითაც გაუქმდა საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 28 მარტის N113 ბრძანება (დაუშტრიხავს). ასევე, თავად 2016 წლის 28 მარტის N113 ბრძანებას და ყველა სახის დოკუმენტს, რომლითაც Mercedes-benz GLA-ზე სამსახურებრივი მიზნებისთვის მოსარგებლე თანამშრომელი განისაზღვრა.

„ლიბერალს“ აღნიშნული ინფორმაცია კანონით გათვალისწინებულ ვადაში არ მიუღია - 10-დღიანი ვადა 2016 წლის 1 ივლისს ამოიწურა. ამის შესახებ „ლიბერალმა“ 6 ივლისს მასალაც მოამზადა, სადაც სახალხო დამცველის პრესსამსახურის წარმომადგენელი ამბობდა, რომ გამოთხოვილი ბრძანებების გამოგზავნა დროში გაიწელა და ინფორმაციას 2-3 დღეში მოგვაწვდიდნენ.

მიუხედავად ამისა, გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია მაინც  არ მიგვიღია.

12 ივლისს „ლიბერალმა“ სახალხო დამცველთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიკითხავდა და გაარკვევდა.

იმის გამო, რომ აღნიშნულის შემდეგ საჯარო ინფორმაცია მაინც არ ჩაგვბარდა, „ლიბერალმა“ 29 ივლისს სახალხო დამცველის აპარატს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა.

ერთი თვის შემდეგ - 29 აგვისტოს, ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაგვიკმაყოფილეს და 9 სექტემბერს გამოთხოვილი ბრძანებები გამოგვიგზავნეს, თუმცა რიგ ბრძანებებზე დაშტრიხული იყო სახელი და გვარები.

„ლიბერალის“ სასარჩელო მოთხოვნა

„ლიბერალი“ მოითხოვდა სახალხო დამცველის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და აღნიშნული ბრძანებების სრული სახით გაცემას, სადაც არ იქნებოდა დაშტრიხული სახელები და გვარები.

ომბუდსმენის აპარატის არგუმენტი აღნიშნული ბრძანებების დაშტრიხვის შესახებ იყო ის, რომ ჩვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს.

აპარატი მიუთითებდა, რომ ისინი თავად ამ პირების თანხმობის გარეშე, სრულყოფილი სახით/დაუშტრიხავად ვერ გასცემდნენ ბრძანებებს, რომელიც შეიცავს ამ პირთა პერსონალურ მონაცემებს. მათი თქმით, ბრძანებებში მითითებული თანამშრომლების ნაწილმა უარი განაცხადა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების გაცემაზე.

„ლიბერალი“ სარჩელში მიუთითებდა, რომ ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ეხებოდა სახალხო დამცველის აპარატის მიერ საბიუჯეტო სახსრებით შეძენილი ავტომანქანის თაობაზე გამოცემულ ბრძანებებს, რაც საჯარო ინფორმაციაა და არ მიეკუთვნება საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსით დადგენილ საიდუმლო ინფორმაციათა კატეგორიას.

„მოცემულ საკითხზე საზოგადოების მაღალ ინტერესს ადასტურებს მედიასაშუალებების მიერ ამ ფაქტის არა ერთი გაშუქება და ინტერესი მოცემული საკითხისადმი (დამადასტურებელი მასალა თან ერთვის სარჩელს). შესაბამისად, თუ პირს  გადაეცემა მოქალაქეთა გადასახადებით შეძენილი ქონება (ავტომანქანა), ეს შეიძლება გახდეს საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესის საგანი და  პირს არ შეიძლება ჰქონდეს გამხელისგან დაცვის გონივრული მოლოდინი, შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების გამო:

ა) გამოთხოვილი ინფორმაცია (დოკუმენტი) შეეხება სახელმწიფო უწყების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით შეძენილი ავტომანქანის ამავე უწყების მიზნების განსახორციელებლად ერთ–ერთი თანამშრომლის სარგებლობაში გადაცემის ფაქტს;

ბ) თანამშრომელმა აღნიშნული ავტომანქანით მომსახურება უნდა გაეწიოს ამავე უწყების ხელმძღვანელი პირებს ან გამოყენებული იქნეს სხვა საჭიროებისათვის, სამსახურებრივ უფლებამოვალეობათა ხელშეწყობის მიზნით.

გ) უდავოა, რომ პირი, რომლის სარგებლობაშიც არის აღნიშნული ავტომანქანა გადაცემული, აცნობიერებს, რომ იგი აღნიშნული მოძრავი ნივთით ისარგებლებს მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ეფექტიანად წარსამართავად და ვერ განკარგავს მას პირადი ინტერესების შესაბამისად", - აღნიშნული იყო „ლიბერალის" სარჩელში.

სახალხო დამცველი აღნიშნულის საპასუხოდ მიუთითებდა, რომ სარჩელზე დართული სტატიები  არ და ვერ ადასტურებს ბრძანებაში მითითებული შესაბამისი პირების სახელისა და გვარების მიმართ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს. მათი თქმით, ბრძანებებში მითითებული არც ერთი პირი არ წარმოადგენს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თანამდებობის პირს. მათი თქმით, არც ერთ დეპერსონალიზებულ მონაცემთა სუბიექტის ქმედებას არ გამოუწვევია ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ყურადღება.

ბრძანებაში მითითებული პირების სახელებისა და გვარების და მათი ქმედებების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მიმართული არ არის, რის გამოც ისინი შეიძლებოდა „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად საჯარო პირებად ჩათვლილიყვნენ.

„ლიბერალი" კი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესახებ მიუთითებდა, რომლის თანახმად, მონაცემთა დამუშავება დასაშვებია: თუ „მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად"; შესაბამისად, მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის არსებობისას, პერსონალური მონაცემები უნდა გასაჯაროვდეს და ხელმისაწვდომი გახდეს მესამე პირებისათვის.

როგორც „ლიბერლის“ ჟურნალისტმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, გამოცემის ინტერესს მძღოლების სახელი და გვარის გაგება იმიტომ წარმოადგენდა, რომ შემდეგ გაგვეგო, სახალხო დამცველის აპარატის რომელ თანამშრომელს ემსახურებოდა აღნიშნული ავტომანქანა და მძღოლი.

ომბუდსმენის აპარატიდან მიღებული საჯარო ინფორმაცია - კითხვები დოკუმენტის ავთენტურობაზე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^