„ლიბერალს“ 14 სექტემბერს ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე სახალხო დამცველის აპარატიდან 17 ივნისს გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია ჩაბარდა. გამოთხოვილი ბრძანებებით „ლიბერალი“ ცდილობდა, გადაემოწმებინა სახალხო დამცველის ოფისის წევრების კომენტარები და თავის დროზე ოფიციალურად მიღებული საჯარო ინფორმაციის სისწორე, რომ 9 ივნისის მდგომარეობით ავტომობილი Mercedes-benz GLA ავტოსადგომზე იყო განთავსებული და აღარ იყო გადაცემული სახალხო დამცველის მაშინდელი მოადგილის ნათია კაციტაძის მძღოლისთვის.
აპარატიდან „ლიბერალისთვის“ მიწოდებულ ინფორმაციაში შესულია 2016 წლის 5 აპრილით დათარიღებული N118 ბრძანება, სადაც აღნიშნულია, რომ ამ ბრძანებით 105 500 ლარად ღირებული Mercedes-benz GLA „განთავსდეს ავტოსადგომზე“. იგივე ბრძანება ასევე ეხება ავტომობილ Ford Turneo Custom-სა და „ტოიოტა კოროლას“.
აღნიშნული ბრძანების მიღების შემდეგ „ლიბერალს“ წყარომ 2016 წლის 5 აპრილის N 118 ბრძანებაც მიაწოდა, რომელიც სხვა შინაარსისაა. კერძოდ, წყაროს მიერ მოწოდებული ბრძანება ეხება მხოლოდ ავტომობილ Ford Turneo Custom-სა და „ტოიოტა კოროლას“ და მასში არაა ნახსენები ჩანაწერი Mercedes-benz GLA-ის შესახებ.
წყაროს ინფორმაციით, N118 ბრძანების შინაარსი იმიტომ შეიცვალა, რომ ზეპირი კომენტარებისა თუ საჯარო წესით გაცემული ინფორმაცია გამართლებულიყო.
რატომ არის ეს ბრძანება მნიშვნელოვანი?
30 მარტს „ლიბერალმა“ მოამზადა მასალა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა ავტომობილ Hynday-ს სანაცვლოდ 105 500 ლარის ღირებულების Mercedes-Benz GLA იყიდა.
მასალის მომზადების შემდეგ „ლიბერალი“ დაინტერესდა, ვის სარგებლობაში უნდა ყოფილიყო 105 500-ლარიანი მანქანა და საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა.
„ლიბერალი“ მოითხოვდა ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2014-2016 წლებში შეძენილ ავტომანქანებზე და ასევე იმაზე, თუ ვის განკარგვაში იქნებოდა ეს ავტომანქანები.
სახალხო დამცველის აპარატმა საჯარო ინფორმაციაზე პასუხი 6 აპრილს მოგვაწოდა. პასუხში აღნიშნული იყო, რომ Mercedes-benz GLA აპარატის სხვადასხვა საჭიროებისა და მიზნებისთვის შეიძინეს.
მოგვიანებით, „ლიბერალმა“ კვლავ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, ამჯერად მხოლოდ Mercedes-benz GLA-ის შესახებ - აპარატის რომელი თანამშრომელი სარგებლობდა ამ მანქანით.
სახალხო დამცველის აპარატმა მოგვწერა (9 ივნისი, 2016), რომ Mercedes-benz GLA განთავსებულია ავტოსადგომზე და სამსახურებრივი მიზნებისთვის მისი კონკრეტული თანამშრომლისთვის გადაცემა საჭიროების შესაბამისად მოხდება.
ვინაიდან „ლიბერალს“ წყაროსგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ Mercedes-benz GLA 2016 წლის 28 მარტის N113 ბრძანებით, სამსახურებრივი მიზნებისთვის ომბუდსმენის მაშინდელი მოადგილის ნათია კაციტაძის მძღოლს, ნიკოლოზ ბალიაშვილს გადაეცა და საჯარო ინფორმაციის ხელმეორედ გამოთხოვამდე (9 ივნისი) მასში ცვლილება არ შესულა, ანუ ავტოსადგომზე განთავსებასთან დაკავშირებით ახალი ბრძანება არ გამოცემულა, „ლიბერალმა“ სახალხო დამცველის აპარატს საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის კიდევ ერთხელ, 17 ივნისს მიმართა.
ამჯერად „ლიბერალი“ ითხოვდა დოკუმენტს (ბრძანებას), რომლითაც გაუქმდა საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 28 მარტის N113 ბრძანება.
„ლიბერალს“ აღნიშნული ინფორმაცია კანონით გათვალისწინებულ ვადებში არ მიუღია - 10-დღიანი ვადა 1 ივლისს ამოიწურა. ამის შესახებ „ლიბერალმა“ 6 ივლისს მასალაც მოამზადა, სადაც სახალხო დამცველის პრესსამსახურის წარმომადგენელი ამბობდა, რომ გამოთხოვილი ბრძანებების გამოგზავნა დროში გაიწელა და ინფორმაციას 2-3 დღეში მოგვაწვდიდნენ.
მიუხედავად ამისა, გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია მაინც არ მიგვიღია.
12 ივლისს „ლიბერალმა“ სახალხო დამცველთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიკითხავდა და გაარკვევდა.
იმის გამო, რომ აღნიშნულის შემდეგ საჯარო ინფორმაცია მაინც არ ჩაგვბარდა, „ლიბერალმა“ 29 ივლისს სახალხო დამცველის აპარატს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა.
ერთი თვის შემდეგ - 29 აგვისტოს, ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაგვიკმაყოფილდა და 9 სექტემბერს 17 ივნისს გამოთხოვილი ბრძანებები გამოგვეგზავნა.
2016 წლის 5 აპრილის N118 ბრძანება
როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ლიბერალს“ აქვს სახალხო დამცველის აპარატიდან საჯარო ინფორმაციის წესით მიღებული 2016 წლის 5 აპრილის N118 ბრძანება და წყაროს მიერ მიწოდებული ამავე თარიღისა და ნომრის სხვა შინაარსის ბრძანება.
1. აღნიშნულ ბრძანებებთან დაკავშირებით „ლიბერალი“ სახალხო დამცველის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს ილია ჭანტურაიას ესაუბრა, რომელიც 2016 წლის 11 ივლისამდე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი იყო.
როგორც ჭანტურაია „ლიბერალთან“ საუბრისას ამბობს, „ლიბერალისთვის“ წყაროს მიერ მიწოდებული N118 ბრძანება ხელმოწერილი სახით ნანახი აქვს, ვინაიდან, მისივე თქმით, მას სამსახურებრივი უფლება-მოვალეობიდან გამომდინარე ბრძანებებზე ხელი მიუწვდებოდა. მისი თქმით, თავდაპირველად N118 ბრძანების შინაარსი მხოლოდ Ford Turneo Custom-სა და „ტოიოტა კოროლას“ ეხებოდა და მასში არ იყო ნახსენები ჩანაწერი Mercedes-benz GLA-ის შესახებ.
„თუ თქვენ ომბუდსმენის აპარატმა გადმოგცათ N118 ბრძანება, სადაც Mercedes-benz GLA-ზეც არის ჩანაწერი, ნებისმიერ შემთხვევაში, შესაძლებელია, სხვა შინაარსის დოკუმენტი იყოს ჩანაცვლებული. ვინაიდან სახალხო დამცველის აპარატში ამ ტიპის ბრძანების მომზადება საქმისწარმოების ელექტრონული პრორამა e- doc-ით კი არ ხდება, არამედ ბრძანება ჩვეულებრივად ამოიბეჭდება და შემდეგ ხელს აწერენ. შესაბამისად, ნებისმიერ დროს, მათ შეეძლოთ აეღოთ N118 ბრძანება, შეეტანა მასში ცვლილება, ჩაემატებინა ჩანაწერი და ხელმოწერილი ვარიანტები ჩაენაცვლებინა“, - ამბობს ჭანტურაია.
როგორც ჭანტურაია ამბობს, Mercedes-benz GLA-ზე მაისის ბოლომდე 28 მარტის N113 ბრძანების გარდა, სხვა ბრძანება არ გამოცემულა.
სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ, რომ მათთვის სხვა შინაარსის N118 ბრძანების წარმომავლობა უცნობია. მათი თქმით, ყველანაირი პროცედურა კანონმდებლობის სრული დაცვით შესრულდა და ეს დოკუმენტებით დასტურდება.
„სახალხო დამცველის აპარატში დაცული საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 5 აპრილით დათარიღებული N118 ბრძანება სახალხო დამცველის აპარატის ბალანსზე რიცხულ შემდეგ ავტომობილებს ეხება: FORD Turneo Custom და Toyota Сorolla-სა და Mercedes-benz GLA. ეს ერთადერთი ბრძანებაა აღნიშნული თარიღითა და ნომრით. შესაბამისად, ილია ჭანტურაიას მიერ თქვენთვის მიწოდებული ინფორმაცია შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტებს და შესაძლოა მიზნად სახალხო დამცველის ინსტიტუტისათვის ზიანის მიყენებას ისახავდეს.
აქვე გაცნობებთ, რომ აპარატში ყოველთვიურად ავტომანქანებთან დაკავშირებით ათეულობით ბრძანება მზადდება, რომელთა დედნები შესაბამის სამსახურებში ინახება. აღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენს არა კონკრეტული თანამშრომლების, არამედ აპარატის ინსტიტუციურ მეხსიერებას“, - აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.
აღსანიშნავია ისიც, რომ „ლიბერალმა“ სახალხო დამცველის აპარატს მაია ლიპარტელიანთან კომენტარის ჩაწერა სთხოვა, რომელიც იურიდიულ საკითხებში სახალხო დამცველის აპარატის მთავარი მრჩეველია და 2016 წლის მაისის ბოლომდე ბრძანებების მომზადება სწორედ მას ევალებოდა. „ლიბერალს“ სურდა, თავად მოესმინა იმ პირის განმარტება, რომელსაც 5 აპრილის მდგომარეობით უშუალოდ ევალებოდა ბრძანებების მომზადება.
მიუხედავად იმისა, რომ ომბუდსმენის აპარატს ამ მოთხოვნით არაერთგზის მივმართეთ, ჩვენ მაია ლიპარტელიანთან გასაუბრების საშუალება არ მოგვეცა.
2. აღსანიშნავია ისიც, რომ „სტუდია მონიტორმა“ 9 ივნისს ასევე გამოითხოვა Mercedes-benz GLA-ის განკარგვასთან დაკავშირებით გამოცემული ყველა ის სამართლებრივი აქტი, რომელიც იმ დროისთვის იყო მომზადებული.
როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტი გიორგი მგელაძე აცხადებს, მან გამოთხოვილ ინფორმაციაზე პასუხად მხოლოდ ერთი - 28 მარტის N113 ბრძანება მიიღო.
„ლიბერალი“ დაინტერესდა, იმ შემთხვევაში, თუ 5 აპრილს გამოცემული N118 ბრძანება Mercedes Benz GLA-ს ეხებოდა, რატომ არ გაეგზავნა „სტუდია მონიტორს“ ის 9 ივნისს.
ამ შეკითხვაზე სახალხო დამცველის აპარატიდან მოგვწერეს: „2016 წლის 9 ივნისის განცხადებით, „სტუდია მონიტორის“ მიერ მოთხოვნილი იყო სახალხო დამცველის 2016 წლის 28 მარტის N113 ბრძანების ასლი. იმავე დღეს „სტუდია მონიტორის“ მეორე განცხადებით, ასევე მოთხოვნილი იყო სახალხო დამცველის მიერ გამოცემული ყველა იმ ბრძანების ასლი, რომლითაც ავტომანქანა Mercedes Benz GLA სახალხო დამცველის აპარატის კონკრეტულ თანამშრომელს გადაეცა. აღნიშნული განცხადებები, სახალხო დამცველის აპარატის მაშინდელი საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის - ილია ჭანტურაიას - დავალებითა და მითითებით აპარატის საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში მოქმედი წესების დარღვევით დარეგისტრირდა. კერძოდ, ერთ-ერთი რეგისტრირებული განცხადება მისი მითითებით წაიშალა და მის ადგილას მეორე განცხადება დარეგისტრირდა. ამის გამო „სტუდია მონიტორისათვის“ მხოლოდ 2016 წლის 28 მარტის N113 ბრძანების ასლი გაიგზავნა. ამ ქმედებების გამო, რომელიც სახალხო დამცველის აპარატში მოგვიანებით იქნა დადგენილი, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსს ილია ჭანტურაიას დისციპლინური პასუხისგებლობის ზომა შეეფარდა“.
ილია ჭანტურაიას თქმით, ის ფაქტი, რომ „სტუდია მონიტორს“ N118 ბრძანება არ გაეგზავნა, კიდევ ერთხელ ამყარებს მის მოსაზრებას, რომ 9 ივნისის მდგომარეობით N118 ბრძანება აღნიშნული შინაარსით არ არსებობდა, ანუ ის არ ეხებოდა Mercedes Benz GLA-ს.
ამასთან, როგორც ჭანტურაია ამბობს, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი უშუალოდ იყო ჩართული Mercedes Benz GLA-სთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის გაცემაში - ვისთვის რა პასუხი უნდა გაეცათ.
„მონიტორისთვის“ გასაცემი მასალის მომზადებაში სახალხო დამცველმა პირადად მოამზადა ტექსტი, ამის დამადასტურებელი მიმოწერაც მაქვს შენახული. შესაბამისად, ჩემზე გადაბრალება, თავისთავად ცხადია, რომ აბსურდულია“, - ამბობს ჭანტურაია.
3. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „ლიბერალმა“ თავდაპირველად სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2014-2016 წლებში აპარატის მიერ შეძენილ ავტომანქანებზე გამოითხოვა ინფორმაცია და ასევე იმაზე, თუ ვის განკარგვაში იქნებოდა ეს ავტომანქანები.
სახალხო დამცველის აპარატმა საჯარო ინფორმაციაზე პასუხი 6 აპრილს მოგვაწოდა. ოფიციალურად მიღებულ ინფორმაციაში Mercedes-benz GLA-ზე მოსარგებლე პირად მითითებულია მძღოლი.
თუმცა 5 აპრილის N118 ბრძანებაში, რომელიც აპარატმა სექტემბერში მოგვაწოდა, აღნიშნულია, რომ Mercedes-benz GLA განთავსდა ავტოსადგომზე.
„ლიბერალმა“ აღნიშნული შეუსაბამობის გასარკვევად აპარატს მიმართა. სახალხო დამცველის აპარატში მიიჩნევენ, რომ ამ ორ დოკუმენტს შორის შეუსაბამობა არ არის.
„ლიბერალისთვის“ გაგზავნილ პასუხშივე მითითებულია, რომ მანქანა აპარატის სხვადასხვა საჭიროებისთვის არის შეძენილი. აქვე განგიმარტავთ, რომ, როგორც წესი, ავტომანქანით მოსარგებლე პირები, როგორც ამ ავტომანქანის, ასევე აპარატის ბალანსზე რიცხული სხვა ავტომანქანების შემთხვევაში, არიან მძღოლები ან/და აპარატის სხვა თანამშრომლები“, - ასე გვიპასუხეს სახალხო დამცველის აპარატში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კითხვა ამჯერად ავტომანქანის შეძენის მიზანს კი არა, იმას ეხებოდა, ავტომანქანა მძღოლზე იყო გაფორმებული თუ იდგა ავტოსადგომზე.
რამდენად კანონიერია გამოცემული/ხელმოწერილი ბრძანების შინაარსის გადაკეთება - ამ კითხვით „ლიბერალმა“ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძეს მიმართა.
„ლიბერალთან“ საუბრისას მშვენიერაძე აცხადებს, რომ სამართლებრივად აქტების შინაარსის შეცვლა მხოლოდ სხვა აქტის გამოცემის საფუძველზეა შესაძლებელი.
„სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანა მხოლოდ ამავე ძალის აქტით არის შესაძლებელი. თუკი უკვე გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მისივე გამომცემი ორგანო ან თანამდებობის პირი გადააკეთებს, ეს, რა თქმა უნდა, სამართლებრივი თვალსაზრისით პრობლემაა. მსგავსი ქმედება დოკუმენტის გაყალბებადაც კი შეიძლება შეფასდეს. აქვე ხაზს ვუსვამ, რომ ეს ზოგადი კომენტარი და თეორიული მსჯელობაა და არა ამ კონკრეტული ფაქტის შეფასება“, - ამბობს მშვენიერაძე.