„რას აკეთებდა ზვიად დევდარიანი ისეთს, რასაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?! მიმოწერაზე არის საუბარი. თუ ავკრძალოთ ქვეყანაში პირადი მიმოწერა, კომუნიკაცია? სად გადის ეს ზღვარი დანაშაულსა და კერძო, პრივატულ ურთიერთობებს შორის, ეს არის დასადგენი“, - განაცხადა ზვიად დევდარიანის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განცხადებით, მათ აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ მომხდარი პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული იყო ზვიად დევდარიანის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად არჩევასთან დაკავშირებით და, რომ კონკრეტულმა ჯგუფებმა ააგორეს კამპანია ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ, რათა დევდარიანს კანდიდატურა მოეხსნა.
„კონკრეტულად ამ ადამიანების სახელებისა და გვარების დასახელებას ამ ეტაპზე მე არ ვაპირებ, სამართლებრივ ჭრილში არის საუბარი, მე აქ ჭორაობას ვერ დავიწყებ, გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, მივმართავ გამოძიებას ხვალ. ვიცი სახელები და გვარები, მაგრამ არ გეტყვით, ისევ და ისევ გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, რათა არ მოხდეს მტკიცებულების ფალსიფიკაცია.
მე ხვალ მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, პროკურატურას კონკრეტული საქმის აღძვრის მოთხოვნით, მივმართავ სასამართლოს სარჩელით და იქ გაიგებთ კონკრეტულად, ვინ არიან ეს ფიზიკური პირები. ვინც არიან ანგაჟირებულნი კონკრეტული მიზნის მისაღწევად“,- განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ადასტურებს თუ არა იმ ისტორიებს, რაც მედიაში გავრცელდა? ზვიად დევდარიანი პასუხობს: „ეს არის დავის საგანი და ზუსტად აქ გვინდა, რომ სიმართლე დადგინდეს. ჩემი კომენტარი არის ეს. ეს არის ჩემს ინტერესში, უპირველეს ყოვლისა".
მორიგ შეკითხვაზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით შეხვედრია თუ არა ქალებს, რომლებსაც სამსახური აინტერესებდათ და ამის ნაცვლად უსაუბრია თუ არა სექსზე? „მგონი, ამ კითხვას უკვე ვუპასუხე", - ამბობს დევდარიანი.
დიმიტრი გაბუნია კი განმარტავს: „ჩვენ აქ, პრესკონფერენციაზე არ ვაპირებთ, გავმართოთ სასამართლო პროცესი. ჩვენ კონკრეტული არგუმენტები გვაქვს, ამ ეტაპზე ამ შეკითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებთ. მზად ვართ, შსს-ში გამოვცხადდეთ და სრული ჩვენება მივცეთ. გამოძიების ინტერესებიდან და ჩვენი სამართლებრივი სტრატეგიიდან გამომდინარე, ამ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ. მედიის წინააღმდეგ რაიმე ტიპის განცხადების ან სარჩელის შეტანას არ ვაპირებთ. არც კონკრეტული გაერთიანების წინააღმდეგ მივმართავთ სასამართლოს. ჩვენ ვიმოქმედებთ კონკრეტული სუბიექტების, პირების წინააღმდეგ, რომლებმაც, ჩვენი აზრით, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს".
შეკითხვაზე - ვის მიმართ და რა ფორმით ჩაიდინეს დანაშაული? „ეს ყველაფერი ჩვენს განცხადებაშია მოცემული და შსს-ში, როცა წავა, დაიწყება ძიება და გეტყვით", - თქვა გაბუნიამ
ადვოკატი: სასამართლოს დევდარიანის და მისი ოჯახის ღირსების შელახვის გამო მივმართავთ
ზვიად დევდარიანი: მე გამოვდივარ ფეისბუქსასამართლოს წინააღმდეგ
ზვიად დევდარიანის საქმე ► მოკლედ
ზვიად დევდარიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას” აღმასრულებელი დირექტორი იყო.
16 მარტს ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა.
ომბუდსმენმა საზმაუს ბორდის წევრობის კანდიდატად ზვიად დევდარიანი დაასახელა
17 მარტს „ქალთა მოძრაობამ” გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარი იყო, რომ ზვიად დევდარიანი მხილებულია სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში.
სექსუალური შევიწროების ბრალდება და ზვიად დევდარიანის პასუხი
„ლიბერალმა“ ჩაწერა კონფიდენციალური წყარო, რომელიც სექსუალური შევიწროების შესახებ ჰყვება.
ზვიად დევდარიანმა საპასუხოდ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ქალთა ჯგუფების მხრიდან ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობს. განცხადება ექსკლუზიურად Ipress-მა გაავცელა.
„ლიბერალის“ სატელეფონო ზარს ზვიად დევდარიანი არ პასუხობდა.
იმავე დღეს მან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის კონკურსში თავისი კანდიდატურა მოხსნა.
ზვიად დევდარიანს პასუხს მოჰყვა ორგანიზაცია „სიდას” თანამშრომლების განცხადება, რომ მისი მხრიდან თანამშრომლებზე სექსუალური შევიწროების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მან არ იცოდა ამ ფაქტების შესახებ.
ზვიად დევდარიანი მედიას ღიად არ ესაუბრებოდა.
18 მარტს ნინო ლომჯარია „ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენლებს და იმ პირებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობენ.
სახალხო დამცველი სექსუალური შევიწროების ყველა შესაძლო ფაქტს შეისწავლის
არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადებები, რომლითაც სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე სათანადო რეაგირებას მოითხოვენ.
„კოალიცია თანასწორობისთვის" სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე სათანადო რეაგირებას ითხოვს
ორგანიზაციები TI, GDI და IDSD სექსუალური შევიწროების შესახებ განცხადებას ავრცელებენ
ზვიად დევდარიანმა ორგანიზაცია „სიდა“ დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანის საქმეზე მოკვლევა დაიწყო და მოუწოდა სავარაუდო მსხვერპლებს მიმართონ შსს-ს.