მას შემდეგ, რაც პაპუნა უგრეხელიძემ, რომელსაც რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, თანამდებობა დატოვა, საჯარო რეესტრის ხელმძღვანელის მოვალეობას ივანე ცარციძე ასრულებს.
ივანე ცარციძე 2006 წლიდან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა: 2009 წლიდან თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა; 2006-2008 წლებში ტექნიკური აღრიცხვის არქივში მთავარი არქივარიუსის, შემდეგ კი ამავე სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებდა.
იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, დავით ჯანდიერი კი ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ პაპუნა უგრეხელიძე კვლავ დადის სამსახურში, თათბირებს მართავს და თანამშრომლებს მითითებებს აძლევს.
„ლიბერალი“ საჯარო რეესტრის პრესსამსახურს დაუკავშირდა, პრესცენტრის თანამშრომლის თქმით, „პაპუნა უგრეხელიძე არავითარ თათბირებს არ ატარებს, და არ დადის. მან გადააბარა თავისი უფლებამოსილება მოვალეობის შემსრულებელს და მორჩა".
რაც შეეხება რეესტრის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის საკითხს, იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ მედიას აცნობებენ, როცა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა შეკითხვაზე, თუ როდის მოხდება ეს, პრესსამსახურში არ გვპასუხობენ.
პაპუნა უგრეხელიძის საქმე ► მოკლედ
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, პაპუნა უგრეხელიძეს თანამშრომლები სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთმა სახალხო დამცველს მიმართა. ომბუდსმენმა დიკრიმინაცია დაადასტურა.
2017 წლის 3 მაისს მიღებული დასკვნის მიხედვით, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ „პაპუნა უგრეხელიძემ, სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით შევიწროება განახორციელა".
ორი ყოფილი თანამშრომელი კი სასამართლოს გზით აპირებს პაპუნა უგრეხელიძის წინააღმდეგ დავას. მათი სარჩელები მოხვდა კოალიცია „თანასწორობისთვის" ანგარიშშიც.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მოსარჩელეების მიმართ მუშაობის პროცესში არაერთხელ ყოფილა მოსარჩელეთა შევიწროება და სამუშაოს კეთილსინდისიერად შესრულებაში ხელის შეშლა. საქმეში წარდგენილია მხარეებს შორის პირადი მიმოწერის ამსახველი დოკუმენტაცია, რომელშიც იკვეთება სექსუალური შევიწროება.
2018 წლის 27 მარტს პაპუნა უგრეხელიძემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა.
იგი სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებებს შურისძიებას უწოდებს და ამბობს, რომ თანამდებობას ტოვებს, რათა განცხადებების თავისუფლად გაკეთება შეძლოს.
„ვთავისუფლდები საჯარო მოხელის სტატუსისგან, რომ არ ვიყო განცხადებებში შებოჭილი, თავისუფლად ვილაპარაკო სიმართლე და ვებრძოლო ტყუილს, რომელიც ქალთა უფლებების სახელით ხორციელდება" - წერს უგრეხელიძე.
პაპუნა უგერეხელიძეს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ორი ყოფილი თანამშრომელი ადანაშაულებს
საჯარო რეესტრის ხელმძღვანელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
კიდევ ერთი საქმე უგრეხელიძის მხრიდან სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე სასამართლოშია
ვოლსკი: პაპუნა უგრეხელიძე იქნება თუ ნებისმიერი სხვა, პასუხი უნდა აგოს
SMS-ები ►რას სწერდა სექსუალურ შევიწროებაში მხილებული პაპუნა უგრეხელიძე თანამშრომელ ქალს
თეა წულუკიანმა პაპუნა უგრეხელიძის განცხადება, თანამდებობის დატოვების შესახებ, დააკმაყოფილა
პაპუნა უგრეხელიძე: ღირსებისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობის გამო მივმართავ სასამართლოს