თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების ბრენდ „აიისას“ დამფუძნებელი ანა გაჩეჩილაძე 500 ლარით დააჯარიმა და პრეზერვატივების არსებული შეფუთვის გამოყენება აუკრძალა. გადაწყვეტილება მოსამართლემ, ლაშა თავართქილაძემ მიიღო.
სასამართლომ „აიისას" დამფუძნებელი 500 ლარით დააჯარიმა
„ყვითელი ზეციური ფერია, ისევე, როგორც ცისფერი" - მერიის არგუმენტები „აიისას“ წინააღმდეგ
როგორც „აიისას“ დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძე „ლიბერალთან“ აცხადებს, პრეზერვატივზე გამოსახული ორი თითი მაკურთხებელ მარჯვენად აღიქვეს ოპონენტებმა, თუმცა ორი თითის დიზაინი თავდაპირველ ჩანაფიქრში ლესბო სექსისთვის იყო განკუთვნილი. მოსამართლემ კი იგი არაეთიკურად მიიჩნია.
სასამართლოს გადაწყვეტილება სხვა 3 სახის პრეზერვატივსაც შეეხო: „ძლევაი საკვირველი“, „სამეფო კარი თამარში“, „ჩამოვკრავდი, მარა ნათლისღებაა“.
ლაშა თავართქილაძე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით 2017 წლის 27 მაისიდან უვადო მოსამართლეა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლის თანამდებობაზე მყოფი ლაშა თავართქილაძე საბჭოს გადაწყვეტილებით, 2018 წლის 18 იანვრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ გადმოიყვანეს.
იხილეთ სხვა ცნობილი საქმეები ლაშა თავართქილაძის პრაქტიკიდან:
ლგბტ აქტივისტების საქმე
ლაშა თავართქილაძის სამოსამართლო სამიანობა რამდენიმე რეზონანსულ საქმეს ითვლის. მათ შორის, მან განიხილა საქმე, რომელიც ლგბტ აქტივისტებს ეხებოდათ. ლევან ბერიანიძესა და თორნიკე კუსიანს შარშან ზაფხულს ბათუმში უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ, როგორც აქტივისტები ჰყვებიან, თავდასხმის მიზეზი ჰომოფობიური მოტივი იყო. პოლიციის გამოძახების შემდეგ კი ბერიანიძე და კუსიანი სამართალდამცავებისგანაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდნენ.
„[პოლიციელებმა] გვაგინეს, დაგვცინეს, თქვე პიდარასტებო, რას გავხართ, თქვენნაირები როგორ უნდა დაცავას პოლიციამო, გვითხრეს. არანაირი წინაარდეგობა არ გაგვიწევია, დავიძახეთ პოლიცია გვჭდებათქო, ხალხი შევდგა წიხლით. პოლიციამ წამაქცია და დამატებით შეგვდგნენ წიხლით“ - ამბობდა ბერიანიძე „ლიბერალთან“.
მოსამართლე თავართქილაძემ კი ლგბტ აქტივისტები სამართალდამრღვევებად ცნო და 300-300-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. შსს მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ბექა წიქარიშვილის საქმე
ბექა წიქარიშვილს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა სასამართლოს მისამართით შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო შეეფარდა - მოსამართლე ამ შემთხვევაშიც ლაშა თავართქილაძე გახლდათ.
„როდემდე უნდა ვითმინოთ, თქვენი დედას *** ", - აღნიშნული სიტყვები სასამართლოს ეზოში ბექა წიქარიშვილმა მას შემდეგ გამოიყენა, რაც მოსამართლე შორენა გუნცაძემ გიორგი გიორგანაშვილს („ბახალა") 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად წვრილმანი ხულიგნობა (მუხლი 166) ითვალისწინებს: საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარ მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.
აღნიშნული ქმედება შემდეგ სანქციებს მოიცავს: დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
სამუშაო გამოცდილება:
ლაშა თავართქილაძე 2002-2006 წლებში მუშაობდა ქობულეთის რაიონის სანოტარო ბიუროში კონსულტანტად;
2007 წელს მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში მთავარ სპეციალისტად;
2007-2012 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწედ;
2013-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში კონსულტანტად;
2014 წლის მაისიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქობულეთის მუნიციპალიტეტში;
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 21 აპრილის 1/46 გადაწყვეტილებით 27 მაისიდან უვადოდ გამწესდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლედ;
2018 წლის 18 იანვრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.