დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების ბრენდ „აიისას“ დამფუძნებელი ანა გაჩეჩილაძე 500 ლარით დააჯარიმა და პრეზერვატივების არსებული შეფუთვის გამოყენება აუკრძალა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მიიღო. სასამართლომ მიიჩნია, რომ პრეზერვატივის სარეკლამო შეფუთვა იყო არაეთიკური.
„აიისას“ მფლობელის, ანი გაჩეჩილაძის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა „ქართული იდეის“ განცხადების საფუძველზე შეადგინა.
მერია მიიჩნევს, რომ პრეზერვატივ „აიისას“ შეფუთვაზე დატანილი ვიზუალიზაცია არაეთიკურია, რადგან ლახავს საზოგადოებრივ მორალს, კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფის რელიგიურ გრძნობებსა და ეროვნულ ღირსებას.
„ყვითელი ზეციური ფერია, ისევე, როგორც ცისფერი" - მერიის არგუმენტები „აიისას“ წინააღმდეგ
„ხელის ამ ფორმით მრევლს ლოცავენ" - „აიისას“ მერიამ ოქმი შეუდგინა და სასამართლოში გაგზავნა
ანა გაჩეჩილაძის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში პრეცედენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში. მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ და ასევე მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს.
„საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ (GDI), რომელიც ანა გაჩეჩილაძის ინტერესებს იცავს, დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „აიისას“ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას უხეშად არღვევს.
გიორგი მშვენიერაძის არგუმეტები და განმარტებები
„დავიწყოთ იმით, რომ სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა შეადგინა, იყო ძალიან კანონშეუსაბამო, რადგან არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. ოქმში არ ეწერა, კონკრეტულად რომელმა ვიზუალიზაციამ და რა სახით გამოიწვია რეკლამის შესახებ კანონში გათვალისწინებული არაეთიკური რეკლამის ცნების დარღვევა. მხარის პოზიცია იყო ბუნდოვანი და ძალიან აბსტრაქტული. მერიის წარმომადგენელმა ჯერ თქვა, რომ ფერებია ზეციური, მერე თქვა, რომ ზოგი სიტყვა მოსწონს, ზოგი - არა. კონკრეტულ პასუხს ვერ ამბობდა. სასამართლოს, მინიმუმ იმიტომ, რომ მხარე ვერ ასაბუთებდა, რაში გამოიხატებოდა სამართალდარღვევის ჩადენა, უარი უნდა ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
მეორე საკითხი, რაც ჩვენ სასამართლოს წინაშე ვიშუამდგომლეთ, იყო საქმის შეჩერება და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვა. სასამართლოებს აქვთ უფლებამოსილება, მიმართონ საკონსტიტუციოს იმ შემთხვევაში, თუკი მიიჩნევენ, რომ გამოსაყენებელი ნორმა, რომელზე დაყრდნობითაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება (ეს ნორმა ამ შემთხვევაში იყო არაეთიკური რეკლამის დეფინიცია), შესაძლებელია, იყოს არაკონსტიტუციური.
ეს ნორმა რომ ერთმნიშვნელოვნად არაკონსტიტუციურია, ამის საკმაოდ ბევრი არგუმენტები წარვუდგინეთ სასამართლოს. მათ შორის - განმარტებები საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებიდან, როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის 24-ე მუხლზე და მისი შეზღუდვის სტანდარტებზე მსჯელობს. ასევე, მოვიყვანეთ ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოდან. საქმე ეხება ევროპული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებას, სადაც ხაზგასმით აღინიშნა, რომ გამოხატვა-რეკლამა, სადაც შესაძლებელია გამოხატული იყო არა მხოლოდ წმინდანი, არამედ ქრისტე, ღვთიმშობელი მარიამი და ა.შ. არ შეიძლება, მივიჩნიოთ მე-10 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ მორალის დაცვის კრიტერიუმად (ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი ეხება გამოხატვის თავისუფლებას, ამ მუხლის მეორე პუნქტი კი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებს).
მინდა ,ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს კონსტიტუცია, განსხვავებით ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციისგან, არ იძლევა საშუალებას, საქართველოში გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს მორალური კატეგორიებით, ანუ მორალი არ არის ლეგიტიმური მიზანი. ის გამოხატვის თავისუფლების უფრო მაღალ სტანდარტს აწესებს, ვიდრე ეს ევროპული სტანდარტია. ამიტომაც არის, რომ საქართველოში სიძულვილის ენა არ არის დასჯადი და არც ვემხრობით მის დასჯადობას. არამედ, ვფიქრობთ, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ განსხვავებული აზრები, გამოთქმის საშუალება უნდა მიეცეთ.
ისეთი დეფინიციები კი, როგორებიცაა ეროვნული ღირსება და რელიგიური გრძნობები, საქართველოს კანონმდებლობაში არ გვხვდება. ჩვენ კითხვა დავუსვით მხარეს, ხომ არ დაგვისახელებდა რომელიმე აქტს. მან მიგვითითა, რომ ეს დეფინიცია წერია კანონში რელიგიური გაერთიანებების შესახებ. მინდა, დაგიდასტუროთ, რომ ასეთი კანონი არც გვქონია საქართველოში, რაც დამოუკიდებლობა გვაქვს. არარსებულ კანონებს კითხულობს მხარე, სავარაუდოდ.
ერთმნიშვნელოვნად რომ ვთქვათ, საქართველოს კანონმდებლობაში რელიგიური გრძნობები და ეროვნული ღირსება არ არის ის კატეგორიები, რომლის გამოც შესაძლებელია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. უფრო მეტიც, ასეთ ცნებებს საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს.
რაც შეეხება „რეკლამის შესახებ კანონის" მესამე მუხლის მეხუთე პუნქტს, რაზეც იყო საუბარი. იქ არის სამი სხვადასხვა ვარიაცია, რომელიც შესაძლებელია, გამოიყენოს ნორმის შემფარდებელმა.
პირველი არის შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენება, რომელიც საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს არღვევს, პირთა ეროვნების, რასის, პროფესიის, სოციალური კუთვნილების, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და ფილოსოფიური მრწამსის გამო. აქ საუბარია საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებზე, რომელიც ძალიან რთული კატეგორიაა და საყოველთაოდ აღიარებულში არ იგულისხმება, „ქართული მარში“ რას გადაწყვეტს ან „ქართული იდეა". მიუხედავად ამისა, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს ნორმა ამ შინაარსითაც არაკონსტიტუციურია. კონსტიტუცია ასეთ ზნეობრივ ნორმებზე დაყრდნობით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საშუალებას არ გვაძლევს.
მეორე ნაწილი ეს არის ხელყოფა ეროვნულ და კულტურულ საგანძურში შემავალი ხელოვნების ობიექტის ან ისტორიული და არქიტექტურის ძეგლების. აქ, ალბათ, ნაკლებად გვაქვს სადავო.
მესამე არის რელიგიური სიმბოლოების შებღალვა. აქ მხარე ამბობდა, რომ რელიგიურ სიმბოლოს წარმოადგენს „მაკურთხეველი მარჯვენა“. ასევე, ამბობდა, რომ სამეფო გვირგვინი არის ეროვნული სიმბოლოო, რაც, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სიმბოლიკით არანაირ სიმბოლოს არ წარმოადგენს, მაგრამ ეს ცალკე საკითხია, კიდევ სიმბოლოს შებღალვა რამდენად უნდა იყოს დასჯადი, რადგან არსებობს კარგი პრეცედენტები, როდესაც სხვა რამეც უთქვამთ.
მხარემ ამ პუნქტებიდანაც ვერ მიგვითითა, კონკრეტულად რა ირღვეოდა. ალბათ, სასამართლო დაგვისაბუთებს, რომელში იპოვა ის შინაარსი, რასაც მხარე ეძახდა რელიგიურ გრძნობებს და ეროვნულ ღირსებას. შემდგომ სააპელაციოში ვეცდებით, ეს არგუმენტები გავაბათილოთ.
კიდევ ერთ რაღაცას დავამატებ. თითქოს იყო დისკუსია, რომ ეს არის უმრავლესობა, რომელიც ერთ მხარესაა და იცავს რელიგიურ შეხედულებებს. მეორე მხარე არის უმცირესობა, პატარა ადამიანების ჯგუფი, რომელიც იბრძვის ამ უმრავლესობის წინააღმდეგ. სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. უმრავლესობამ საქართველოში თავის დროზე გამოხატა ნება და მიიღო კონსტიტუცია. სწორედ ეს არის უმრავლესობის ნება, რომ ყველა ადამიანს, ინდივიდს აქვს უზრუნველყოფილი ისეთი გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში, რომლის შელახვაც და რომელში ჩარევაც უმრავლესობებს აღარ შეუძლიათ. ეს არის შეთანხმება.
დღეს თუ ვინმე არღვევს უმრავლესობის ნებას, ეს არის თბილისის მერია, ათეულობით ადამიანი, რომელიც გამოირჩევა ქვეყანში ფაშისტურ-ნაცისტური იდეოლოგიით და ეს არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამარცხვინო მოსამართლე, სამარცხვინო გადაწყვეტილებით."
გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სარჩელზე უკვე მუშაობენ და მომავალ კვირას შეიტანენ. სააპელაციოში გასასაჩივრებლად კი ათი დღე აქვთ.
სასამართლომ „აიისას" დამფუძნებელი 500 ლარით დააჯარიმა
ვინ არის პრეზერვატივების საქმის მოსამართლე ლაშა თავართქილაძე