პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დეპუტატთა კითხვებს უპასუხა. მათ შორის, იყო ია კერზაიას საქმე. მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მათთვის მნიშვნელოვანი იყო რეაგირება დარღვევებზე, რაზეს საუბარი იყო წერილში და არა იმის დადგენა, რეალურად არსებობდა თუ არა ის პერსონა, ვისი სახელი და გვარიც იყო წერილში მითითებული.
„რაც შეეხება ამ პერსონის არსებობაზე კითხვას. როცა წერილი შემოდის და აწერია სახელი და გვარი, ჩვენი ფუნქციაა იქ მითითებული ფაქტის გადამოწმება და არა წერილის ავტორის. რეაგირება იმ ფაქტზე, რაც დახვდა ჩვენს აუდიტს. რა წერილებიც მივიღეთ, მაგალითად, სამეურვეო საბჭოსგან სწორედ იმ დარღვევების შესახებ, რომლებიც იქნა ამ სკოლაში აღმოჩენილი. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ეს დარღვევები ახლა გამოსწორებულია“, - თქვა მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას.
მიხეილ ბატიაშვილის თქმით, სამინისტრომ რეაგირება უნდა მოახდინოს ყველა წერილზე, თუნდაც ის ავტორის გარეშე იყოს შესული. ხოლო მისი თქმით, დარღვევებზე სწრაფ რეაგირებაში დანაშაულს ვერ ხედავს.
ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლაში აუდიტის გაგზავნის გადაწყვეტილება კი მისი თქმით, წერილის მიღებიდან რამდენიმე საათში, სამუშაო დღის ბოლოს გადაწყდა.
„ჩვენი მოვალეობა არაა, სანამ ჩავატარებთ პროცესს, იმის გადამოწმება ფიქსირდება თუ არა ესა თუ ის პერსონა. ეს არ არის სავალდებულო, შეიძლება ელექტრონული ფოსტითაც შემოვიდეს წერილი, რომელსაც უბრალოდ ეწეროს „მეილი“. როცა საუბარია დარღვევებზე, მათ შორის, ფინანსურ დარღვევებზე, არ შეიძლება მათი რეაგირების გარეშე დატოვება.
როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ორი-სამი კვირა მოვუნდეთ ამა თუ იმ პერსონის იდენტიფიცირებას და საერთოდ იდენტიფიკაციის გარეშე დავტოვოთ პრობლემა იმის გამო, რომ ვერ მივაგენით ამ ადამიანს?!
შეიძლება არ არსებობს ეს პერსონა, მაგრამ არსებობს სკოლისგანაც დადასტურებული ფაქტები ამ დარღვევებზე“, - განაცხადა ბატიაშვილმა.
მინისტრის თქმით, ის პასუხისმგებლობას იღებს ყველა გადაწყვეტილებაზე, რომელიც გამოიტანა. მათ შორის, ამბობს, რომ საჭიროდ მიიჩნია რეაგირება წერილში მოყვანილ ფაქტებზეც. ხოლო სამეურვეო საბჭოსთვის რეკომენდაციებზე მიცემული ვადა იმაზე მეტი იყო, ვიდრე საარჩევნო პერიოდი. შესაბამისად, მინისტრი კერზაიას საქმეში პოლიტიკურ მოტივს ვერ ხედავს.
„თუ ნახავთ დასკვნას, რომელიც მოწოდებული იყო, რეკომენდაციები და გადაწყვეტილება, რომელიც სამეურვეო საბჭოს უნდა წარმოედგინა, იქ მითითებულია ისეთი ვადები, რომელიც არ ჯდებოდა საარჩევნო პერიოდში. თუ არ ვცდები, სამეურვეო საბჭოს 4 დეკემბრამდე უნდა მიეღო გადაწყვეტილება“, - თქვა ბატიაშვილმა დეპუტატების კითხვებზე პასუხად.
ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე სკოლის დირექტორი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში არჩევნების მეორე ტურამდე ინსპექტირების სამსახურის შესვლას სადამსჯელო ღონისძიებად აფასებდა.
ია კერზაიას გარდაცვალების შემდეგ ინსპექტირების სამსახურის სკოლაში შესვლის საქმეზე კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. ბაჩანა შენგელიას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული გარემოებებისა და ფაქტების გათვალისწინებით საქმე გვაქვს არა ინსპექტირებასთან, არამედ ანგარიშსწორებასთან და ამაზე, მისივე თქმით, არაერთი გარემოება მიანიშნებს.
რის გამო მიიჩნია სამინისტრომ ია კერზაიას გათავისუფლება მიზანშეწონილად - ინსპექტირების დასკვნა
„მე მაინტერესებს დამნაშავეების დასჯა და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის“ - ინტერვიუ ბაჩანა შენგელიასთან
უნდა დადგინდეს, იყო თუ არა ზეწოლა - უმრავლესობის წევრები ია კერზაიას გარდაცვალებაზე
რა მოხდა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში - ოპოზიცია დირექტორის შევიწროებაზე საუბრობს
ომბუდსმენი: ია კერზაიას საქმეს ჩვენ ვსწავლობთ ძალიან დეტალურად, სამი მიმართულებით