შინაგან საქმეთა მინისტრი ხომ არ დავიწყებ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე საუბარს?! - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებულ შეკითხვას.
„მგონი, როლებს ვცვლით. ნარკოპოლიტიკის რეფორმის ინიციატივა იყო პარლამენტში. აქ არის ახლა ეს გაჩერებული. შინაგან საქმეთა მინისტრი ხომ არ დავიწყებ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე საუბარს?! - არ ვიცი, აქ არის სადღაც პარლამენტში გაჩერებული, მოიკითხეთ და გაიგებთ“, - განაცხადა გახარიამ.
გუშინ, 2 მაისს პარლამენტში გახარიას „მინისტრის საათის" ფორმატში უსმენდნენ. ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით კითხვა მას დეპუტატმა გიგი წერეთელმა დაუსვა.
„ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით მინდა, გკითხოთ, თქვენ აქტიურად იყავით ჩართული და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან დიდი როლი აქვს. ახლა არ ისმის არაფერი იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რაც უნდა გატარებულიყო, მე მახსოვს, რომ იყო მსჯელობა და ჩვენც დავუჭირეთ მხარი იმ ვარიანტს, რომელიც ეხებოდა ე.წ. პორტუგალიური მოდელით განვითარებას, [რაც ითვალისწინებს] ლიბერალიზაციასა და სხვადასხვა ინსტრუმენტის ამუშავებას, მათ შორის, პრევენციის თვალსაზრისით და არა მარტო სადამსჯელო თვალსაზრისით. ამ მიმართულებით ახლა არაფერი არ ისმის, თითქოს გაჩერებულია ეს პროცესი და მაინტერესებს, თქვენი მოსაზრება ამის თაობაზე, რა ვითარება გვაქვს", - განაცხადა წერეთელმა.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესში აქტიურად იყო ჩართული, მათ შორის უწყებათაშორისო კომისიის ფორმატში, რომელიც იუსტიციის სამინისტროშია შექმნილი. 2018 წლის იანვარში მან თავად მოუწოდა იუსტიციის მინისტრს, რომ მოეწვია კომისიის სხდომა. ასევე, 2018 წლის 12 მაისის მოვლენების შემდეგ, როდესაც საუბარი იყო, რომ შეიქმნებოდა ორი სამუშაო ჯგუფი, ერთი იმუშავებდა ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე, მეორე 12 მაისის სპეცოპერაციის თემაზე.
პორტუგალია - წარმატებული ნარკოპოლიტიკის ქვეყანა
გახარია წულუკიანს მოუწოდებს, ნარკოპოლიტიკაზე უწყებათაშორისი კომისია მოიწვიოს
ვიდეო ► აქტივისტების მინისტრთან შეხვედრა დასრულდა - იხილეთ კომენტარები
2017 წლის 22 ივნისს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ ავტორობით მომზადებული კანონპროექტი.
კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობდა შემდეგში, რომ პირის მიერ პირადი მოხმარების მიზნით, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება და მცირე ოდენობით ფლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებულიყო. პროექტი ასევე ითვალისწინებდა ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების ახლებურად განსაზღვრასა და ე.წ. შეფასებისა და გადამისამართების კომისიის შექმნას.
2017 წლის 27 დეკემბერს ჯანდაცვის კომიტეტმა გარკვეული დათქმებით კანონპროექტს პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა. რაც შეეხება იურიდიულ კომიტეტს, აქ მისი განხილვა 3-ჯერ გადავადდა. 2018 წლის ივნისში, ინიცირებიდან თითქმის ერთ წელში იურიდიულმა კომიტეტმა კანონპროექტზე იმსჯელა, თუმცა კენჭი არ უყარა. პროექტი დღეის მდგომარეობითაც ამ ეტაპზეა გაჩერებული.
მიმდინარე წლის 21 მარტს, როდესაც მინისტრის „მინისტრის საათის" ფორმატში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს უსმენდნენ, დეპუტატებმა ლევან კობერიძემ და აკაკი ზოიძემ მას უწყებათაშორისი კომისიის ფორმატში დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის განხილვის გაგრძელებისკენ მოუწოდეს.