ნინო მინდიაშვილის მეუღლე, ლაშა ბახუტაშვილი, 2013 წელს 0,00009 გრ. ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის (ე.წ. კრაკადილი) შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დეზომორფინის მცირე რაოდენობა კანონით დადგენილი არ არის, ამიტომ 0.00009 გრ. ავტომატურად დიდ ოდენობად მიიჩნევა და ლაშა ბახუტაშვილს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„ეს ჩვენთვის თავიდან შოკი იყო, რომ ადამიანი ციხეში 7-დან 14 წლამდე შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო მოხვდეს, რომ ჰქონდა 0,00009 დეზომორფინი, პირადი მოხმარებისთვის. ვფიქრობ, შეიძლება, გამართლებულიც არ არის ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორიც ჩვენ ვართ, ჩემი მეუღლის შემთხვევაში, 48 წლის კაცზე სახელმწიფომ დახარჯოს რაღაც თანხა მის რეაბილიტაციაში, მაგრამ ნუ დაიჭერ. შენ მე კიდევ ნუ დამიმძიმებ ჩემს მდგომარეობას. ნუ დაუმატებ კიდევ იმას, რომ ციხეში იყოს... პოლიცია პრევენციას კი არ აკეთებს, პროვოკაციას აწყობს, იცი, რომ მე ავადმყოფი ვარ, ან მწყურია, მივალ იმ წყალთან და დამიჭერ“, - ამბობს ნინო მინდიაშვილი „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ფარგლებში მომზადებულ ვიდეორგოლში.
„თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ გუშინ ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის საყოველთაო შეკრება მოაწყო. „თეთრი ხმაურის მოძრაობა" არის სახალხო ინიციატივა, რომელიც მზად არის, თავის თავში მოიცვას ყველა დაინტერესებული პირი, ყველა რეპრესირებული ადამიანი და ერთობლივად გავაგრძელოთ ბრძოლა მოქმედი ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად“, - აღნიშნა შეხვედრაზე ბექა წიქარიშვილმა, „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის აქტივისტმა.
მისი თქმით, ნარკომომხმარებელი ადამიანების მიმართ ძალადობრივი მიდგომა ახლა არ დაწყებულა. 1960 წელს საქართველო იყო საბჭოთა კავშირში პირველი ქვეყანა, რომელმაც მოახდინა ნარკოტიკის მოხმარების კრიმინალიზაცია.
„მას შემდეგ ხდება მომხმარებლის დემონიზაცია, ისინი არიან სამშობლოს მოღალატეები, ტოლობის ნიშანს სვამდნენ სამშობლოს მოღალატეებსა და მომხმარებლებს შორის. წარსულის ეს გამოცდილება დღემდე აძლევს საშუალებას ჩვენს პოლიტიკოსებს, რომ თქვან: ნარკოტიკის მომხმარებელი უნდა იყოს ციხეში. 2006 წელი უნდა ვახსენოთ, გარდამტეხი ეტაპი, როდესაც ნარკოპოლიტიკა კიდევ უფრო რეპრესიული გახდა. უამრავი საკანონმდებლო ცვლილება მიიღეს, დაიწყო დევნა, პოლიციური ტერორი და სახელმწიფო ამ ძალაუფლებას დღემდე უხეშად იყენებს. ამ მოცემულობაში, რაც ჩვენ დაგვრჩენია, არის ის, რომ გავბრაზდეთ, ასეთ შემთხვევებში ადეკვატური რეაქცია არის რადიკალიზმი“, - თქვა წიქარიშვილმა.
მოძრაობის აქტივისტებმა შეკრებილ საზოგადოებას გააცნეს მანიფესტი, მოთხოვნით:
- მოხდეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების უპირობო დეკრიმინალიზაცია;
- დაუყოვნებლივ შეწყდეს ადამიანის ღირსების შემლახავი ურინოტესტირების პრაქტიკა;
- მოხდეს პირადი მოხმარების მიზნით ნივთიერებათა ოდენობების ადეკვატურად განსაზღვრა;
- მოხდეს პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობის ფლობის დეკრიმინალიზაცია;
- მოხდეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის არსებული ჯარიმების გაუქმება;
- მოხდეს წამალდამოკიდებული პირებისთვის მკურნალობა-რეაბილიტაციისა და ზიანის შემცირების სერვისების დანერგვა და საჭირო ფინანსების გამოყოფა;
- შეწყდეს ნარკოტიკების მომხმარებელთა სტიგმატიზაცია, მათი ჯანმრთელობის სტატუსის მიხედვით დისკრიმინაცია.
რესპრესიული ნარკოპოლიტიკა და მოხმარებლის ქცევა, საერთაშორისო გამოცდილება
„არ არსებობს მტკიცებულება, რომ სადამსჯელო პოლიტიკა ამცირებს ნარკოტიკის მომხმარებელთა რაოდენობას ან გავრცელებას. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ლიბერალური ნარკოპოლიტიკა გრძელვადიან პერსპექტივაში, მოხმარების ზრდას გამოიწვევს“, - აღნიშნა შეხვედრაზე პაატა საბელაშვილმა, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტმა.
მისი თქმით, ასეთი რეპრესიული მექანიზმების გამოყენება თავადაც საკმაოდ ძვირი ჯდება და ასევე აძვირებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარჯს - იზრდება დაავადებების ტვირთი, C ჰეპატიტი, აივ/შიდსი თუ ტუბერკულოზი, მათი მკურნალობა კი შემდგომში სახელმწიფოს საკმაოდ ძვირი უჯდება.
როგორც მან შეხვედრაზე აღნიშნა, გაერომ 1998 წელს დაისახა მიზანი - „ჩვენ უნდა მივიღოთ მსოფლიო ნარკოტიკების გარეშე“. 2008 წელს კი, როდესაც შეაფასეს თავიანთი სტრატეგიის შედეგები, აღმოჩნდა, რომ, თუ 1998 წელს, მათი შეფასებით, მსოფლიოში იყო 8 მილიონი ჰეროინის მომხმარებელი, 2008 წელს ეს რიცხვი გაიზარდა 12 მილიონამდე, კოკაინის 13 მლნ მომხმარებელი, გახდა 16 მლნ. ამფეტამინური სტიმულატორების მომხმარებელი 30 მილიონიდან 34 მილიონამდე გაიზარდა, მარიხუანის მომხმარებელთა რაოდენობამ კი 135 მილიონიდან 165 მილიონამდე მოიმატა.
„ეს ცხადყოფს, რომ, როდესაც სახელმწიფოები არაპროპორციულად დიდ თანხას და ძალისხმევას ხარჯავენ ბრძოლაში და ამავდროულად არ მიმართავენ თუნდაც ამ თანხის ნაწილს მომხმარებლის მკურნალობაზე და ზიანის შემცირებაზე, ვიღებთ არაფექტიან შედეგს“, - ამბობს საბელაშვილი. მისივე თქმით, მომხმარებლების უმეტესობა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნარკოტიკების მოხმარებას ერთი წლის თავზე ისევ უბრუნდება.
მან ყურადღება ზიანის შემცირების პროგრამების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ „ომს ნარკოტიკების წინააღმდეგ“ მოჰყვება ხოლმე საინექციო საშუალებების აკრძალვა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ადამიანებს უჭირთ, თავისუფლად შეიძინონ საინექციო საშუალება.
„ამგვარი მიდგომა ასევე აიძულებს მომხმარებელს, რაც შეიძლება სწრაფად მოიშოროს ნახმარი შპრიცი. ის, რომ ადამიანები მიდიან ციხეში ნახმარი შპრიცის გამო, არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ნახმარი შპრიცის უსაფრთხო უტილიზაცია არ ხდება და ეს არ არის ნარკოტიკის მომხმარებლის თანდაყოლილი სურვილი, რომ ჩვენი ბავშვები დააინფიცირონ ქუჩაში დაყრილი შპრიცებით“, - ამბობს საბელაშვილი.
ზიანის შემცირების პროგრამების მნიშვნელობის საილუსტრაციოდ საბელაშვილმა ტაილანდის მაგალითი მოიყვანა, და აღნიშნა, რომ ტაილანდში მომხმარებელი საპატიმრო დაწესებულებაში ნარკოტიკის მოხმარების სტაჟის ნახევარს ატარებს, სადაც არაა ზიანის შემცირების პროგრამები, ამიტომ C ჰეპატიტის გავრცელების პრევალენტობა პატიმრებს შორის 56%-ია, მაშინ, როდესაც შოტლანდიაში არ ხდება საპატიმრო სასჯელების ბოროტად გამოყენება. მომხმარებლები ციხეში ცოტა ხნით რჩებიან და დანერგილია ზიანის შემცირების პროგრამები. სწორედ ამიტომ, C ჰეპატიტის პრევალენტობა 5%-ია.
რაც შეეხება სხვა ქვეყნების დადებით გამოცდილებას ნარკომოხმარების დეკრიმინალიზაციის კუთხით, შეხვედრაზე ჩეხეთისა და პორტუგალიის შემთხვევებზე ისაუბრეს. საბელაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზება მოახდინეს და ძირითადი თანხა მხარდამჭერი ღონისძიებებისკენ მიმართეს.
„ამით ჩეხეთმა მოახდინა პრევენცია აივ-ვირუსის გავრცელებაზე ნარკოტიკების ინექციურ მოხმარებაში, ხოლო პორტუგალიამ, სადაც შიდსის ეპიდემია იყო, სწორედ, ნარკოტიკების მომხმარებლებს შორის შეამცირა ეს გავრცელება, კრიმინალიზაცია შემცირდა, ადამიანები გადავიდნენ შედარებით მსუბუქ ნარკოტიკზე, რომელსაც დამოკიდებულების გამოწვევის ნაკლები პოტენციალი აქვს. ამ დროს ქვეყნებმა თანხაც დაზოგეს და ეფექტიანი პოლიტიკის გატარებაც შეძლეს“, - ამბობს საბელაშვილი.
ნარკოპოლიტიკა საქართველოში - კანონმდებლობის მიმოხილვა
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტის (EMC) იურისტმა, გურამ იმნაძემ შეხვედრაზე ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის კუთხით არსებულ საკანონმდებლო ბაზაზე ისაუბრა
ქართული კანონმდებლობით, ნარკოტიკის მოხმარება და ნარკოტიკის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვაც დანაშაულია.
იურისტის შეფასებით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სისხლის სამართლის საქმეები ყველაზე ხშირად დასჯადი დანაშაულია ქურდობის შემდეგ. მისი თქმით, სამართალდამცავი უწყების მხრიდან ნარკოტიკების მოხმარების გამოვლენა გახსნილი დანაშაულის საერთო რაოდენობის სტატისტიკის გასაუმჯობესებლად სჭირდება.
„ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დანაშაული არის ძალიან კარგი საშუალება სამართალდამცავი უწყებისთვის, რომ მოახდინოს თვითრეაბილიტაცია. ყველამ ვიცით, რომ ქვეყანაში ხდება სხვადასხვა ტიპის დანაშაული, და ეს დანაშაულები არის ნარკოტიკების მოხმარებაზე უფრო მნიშვნელოვანი, მაგრამ შსს-ს ვებგვერდზე ყოველი მეორე სიახლე ეხება ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ან ფლობის გახსნას. 2013 წელს, როდესაც ქვეყანაში გამოცხადებული იყო უპრეცედენტო ამნისტიის აქტი, სწორედ ამ დროს იმატა იმ ადამიანების რაოდენობამ, რომელიც გადაიყვანეს ნარკოტესტირებაზე, აქედან მხოლოდ 35%-ს დაუდგინდა მოხმარების ფაქტი, მაგრამ ეს რაოდენობა საკმარისი არის იმისთვის, რომ გახსნილი დანაშაულების მთლიანი სტატისტიკა ყოფილიყო უკეთესი, წინა წლებთან შედარებით. შესაბამისად, სახელმწიფოს, როცა მოუნდება, მაშინ გააქტიურებს იძულებით ნარკოტესტირების მექანიზმს, როდესაც სჭირდება, რომ გაუხსნელი დანაშაულის სტატისტიკა დააბალანსოს გახსნილით“, - ამბობს იმნაძე.
როგორც მან აღნიშნა, რესპრესიული ნარკოპოლიტიკის კიდევ ერთი მიზანია ბიუჯეტის შევსება. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოში არ არსებობს ზიანის შემცირებისა თუ ხელმისაწვდომი სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამები, ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებული ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ ციხით ვერ შველიან თავს, არ ხდება მათი განკურნება, „ეს ყველაფერი კარგად იცის სამართალდამცავმა უწყებებმა, ამიტომ ეს ადამიანები მუდმივი კონტროლის პირობებში იმყოფებიან, მათი მხრიდან“.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც გუშინდელ შეხვედრაზე ისაუბრეს, გარკვეულ ნარკოტიკულ საშუალებებზე მცირე ოდენობის არარსებობა იყო.
იმნაძის თქმით, ქართული კანონმდებლობით, განსაზღვრულია 203 დასჯადი ნარკოტიკული საშუალება, მათგან 174-ს არ გააჩნია მცირე და საშუალო ოდენობა, შესაბამისად, მათი უმცირესი რაოდენობით აღმოჩენა უკვე მიიჩნევა დიდ ოდენობად, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ასეთი ქმედებისთვის ციხეში 5-8 წლამდე იხდიან სასჯელს.
რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას ასევე უნდა აღნიშნოს ის, რომ ნარკოტიკულ დანაშაულში ყოფილ მსჯავრდებულ პირებს კანონმდებლობით სხვადასხვა უფლება აქვთ შეზღუდული.
„ქვეყანაში არსებობს სპეციალური კანონი, რომელიც ათიათასობით ადამიანს უზღუდავს ძალიან ბევრ სამოქალაქო უფლებას, უზღუდავს არა მხოლოდ საჯარო სამსახურში თუ სხვადასხვა ტიპის საქმიანობის უფლებას, არამედ ისეთ ყოფით უფლებასაც, როგორიც არის ავტომანქანის მართვა. ამის გათვალისწინებით, წარმოუდგენელია, ვისაუბროთ ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებული ადამიანების რეაბილიტაციაზე, როდესაც ისინი ტოვებენ საპატიმროებს, მას შემდეგ, რაც წლებს გაატარებენ იქ. ციხეს ტოვებენ უამრავი უფლების შეზღუდვით, ყოველგვარი სოციალური თუ ფინანსური კაპიტალის გარეშე“, - ამბობს იმნაძე.
როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ მოითხოვს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას, სადაც მას არსებული ნარკოპოლიტიკის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან და მოძრაობის მოთხოვნების მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.
ამასთან, მოძრაობა ასევე აპირებს საინფორმაციო ტიპის შეხვედრების გამართვას საქართველოს რეგიონებშიც.
2015 წელს ნარკოტესტირებაზე 37 503 ადამიანი გადაიყვანეს