2012 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო პროგრამის მიხედვით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ნარკოპოლიტიკის გადახედვას გეგმავდა. კერძოდ, პროგრამაში წერია, რომ გადაიხედებოდა „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის, აგრეთვე პირადი მოხმარებისათვის მისი მცირე ოდენობით შეძენის ან/და შენახვისათვის“.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება ისჯება თავისუფლების აღკვეთით 11 წლამდე. იმავე ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით შეძენისთვის – 7-დან - 14 წლამდე, ხოლო ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენისთვის – 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთაა განსაზღვრული.
გასაღების მიზნის გარეშე ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვისთვის, ან ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის, 500-ლარიანი ჯარიმაა დაწესებული, მაგრამ თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევი პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად ჩაითვლება, შესაძლოა პირს 30 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდოს.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იყო ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული რეგულაციების გადახედვის რამდენიმე მცდელობა, თუმცა საკითხის ბოლომდე გატანა ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოხდა.
ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის ინიციატივით 2012 წლის დეკემბერში ახალი მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი კობა დავითაშვილი გამოვიდა. მის მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ალტერნატივა ადმინისტრაციური სასჯელი იყო და ნარკომომხმარებლების მაღალი ჯარიმებით დასჯას ითვალისწინებდა. დავითაშვილის ინიციატივა, დეპუტატებმა საკომიტეტო მოსმენაზე დაიწუნეს და მისი თავიდან მომზადება მოითხოვეს.
ამის შემდგომ პარლამენტში იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით მომზადებული კანონპროექტი შევიდა. საკანონმდებლო ინიციატივა ცვლილების პაკეტზე პარლამენტს 2013 წლის ივლისში გაეგზავნა. პლენარულ სხდომაზე ის ჩავარდა.
აღნიშნული კანონპროექტით ცვლილება რამდენიმე კანონში შედიოდა. მის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო ფლობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა გასაღების ქმედებისაგან იმიჯნებოდა და მათზე შესაბამისი სიმძიმის სასჯელი იყო გათვალისწინებული.
ამასთან, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტში შესატანი ცვლილებების მიხედვით, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და გავრცელების პრევენცია იგეგმებოდა. კანონპროექტი ახლებურად აყალიბებდა უკანონო ბრუნვაში მოქცეულ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მცირე, მნიშვნელოვან, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების შემუშავების წესებსა და ოდენობათა განსაზღვრის კრიტერიუმებს ადგენდა.
ექიმი-ნარკოლოგი, ორგანიზაცია „ალტერნატივა ჯორჯიას“ დირექტორი დავით ოთიაშვილი აქტიურად იყო ჩართული სამუშაო ჯგუფში, რომელიც ამ კანონპროექტის შექმნაში მონაწილეობდა. ის პარლამენტის მიერ დაწუნებულ კანონპროექტს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ეს კანონპროექტი დახვეწილი, ევროპულ პრიორიტეტებთან და სტანდარტებთან ყველაზე მეტად მიახლოებული იყო.
„იუსტიციის სამინისტროს ეგიდით მომზადებული კანონპროექტის მიხედვით ნარკოტიკების ფლობის, პირადი მოხმარებისა და გასაღებისთვის დასაწესებელი სანქციები ერთმანეთისგან გამიჯნული იყო. ასევე, ნარკოტიკის მოხმარებისთვის უქმდებოდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა“, - ამბობს ოთიაშვილი.
მისი თქმით, გარდა იმ არგუმენტისა, რომ ლიბერალიზაცია მომხმარებელთა რიცხვის გაზრდას გამოიწვევდა, კანონპროექტის წინააღმდეგ სხვა არგუმენტი გამოთქმული არ ყოფილა.
ოთიაშვილი „ლიბერალთან“ კანონპროექტის დაწუნების სავარაუდო მიზეზებზეც საუბრობს. მისი თქმით, რთულია პირდაპირი კავშირი დაადგინო შსს სამინისტროს პოზიციასა და პარლამენტის წევრების მხრიდან ხმის არმიცემას შორის, თუმცა თავად დარწმუნებულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციამ გადამწყვეტი როლი ითამაშა იმაში, რომ პარლამენტარებმა კანონპროექტი არ დაამტკიცეს.
ოთიაშვილი ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკაში შინაგან საქმეთა სამინისტოს ინსიტიციურ ინტერესებს ხედავს: „დღევანდელი კანონმდებლობა ძალიან ეფექტურად არის გამოყენებული ძალოვნების მიერ იმისთვის, რომ გამოიძიონ საქმეები, ვიღაცას ინფორმაცია გამოსტყუონ, ვიღაცა დააშანტაჟონ, დააშინონ, დაპრესონ, ძალიან ხელსაყრელი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ მოახდინონ ადამიანისა ან ადამიანთა ჯგუფების მანიპულირება“, - აცხადებს ოთიაშვილი.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია ნარკოპოლიტიკაში სამინისტროს ინსტიტუციურ ინტერესებს არასერიოზულ ბრალდებას უწოდებს და ამბობს, რომ აღნიშნული პრობლემის სრულად დასაძლევად რამდენიმე მიმართულებაა განსავითარებელი და დასახვეწი, რაზეც სახელმწიფო პერმანენტულად მუშაობს, და რაც გარკვეულ დროსა და სახელმწიფო ბიუჯეტის სოლიდურ სახსრებს საჭიროებს. „ზოგადად, ნარკომანის საკითხი ძალიან კომპლექსური საკითხია, რომელსაც, ასევე კომპლექსურად სჭირდება მიდგომა. სახელმწიფოს აკისრია ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ერთმა გაუაზრებელმა ნაბიჯმაც კი შესაძლოა ქვეყანაში ნარკოვითარების დამძიმება გამოიწვიოს“, - ამბობს იზორია.
მისივე თქმით, ლიბერალიზაციამდე პრევენციისა და მკურნალობის ძლიერი სისტემების ჩამოყალიბებაა საჭირო. „მსოფლიო პრაქტიკა და სტანდარტები გვიჩვენებს, გარკვეული დოზით აუცილებელია როგორც „რეპრესიული“ მიმართულება, ასევე პრევენცია და მკურნალობა. აუცილებელია გარკვეული ბალანსის დაცვა“, - აღნიშნავს იზორია.
„არაეთიკური ნარკოპოლიტიკა“ - ასე ჰქვია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ანგარიშს. ორგანიზაციამ საქართველოში ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული პოლიტიკის კვლევა ჩაატარა.
კვლევაში აღნიშნულია, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, სახელმწიფო წამალდამოკიდებულებასთან ბრძოლის მუდმივ რეჟიმშია, თუმცა ქვეყანაში ნარკოვითარება არსებითად არ გაუმჯობესებულა. 2006 წელს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, დანაშაულის წინააღმდეგ „ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა“ გამოცხადდა. სახელმწიფოს მთავარი მექანიზმად აკრძალვები და მკაცრი სანქციები იქცა.
2008 წლიდან ბაზარზე აფთიაქებში ხელმისაწვდომი მედიკამენტებიდან დამზადებული ამფეტამინის ტიპის სტიმულატორები გამოჩნდა. 2012 წლიდან გაიზარდა ე.წ. ბიონარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობაც.
საერთაშორისო ფონდ „კურაციოსა“ და ორგანიზაცია „ბემონის“ მიერ 2013 წლის მარტში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, ნარკომომხმარებელთა რაოდენობა 40-ათასიდან - 45 ათასამდე გაიზარდა.
დავით ოთიაშვილის განმარტებით, ნარკომანიასთან ბრძოლისთვის სადამსჯელო ზომები შედეგის მომტანი არაა. მისი თქმით, ბოლო ათი წლის მანძილზე გატარებულმა ნარკოპოლიტიკამ ვერანაირი დადებით შედეგი ვერ გამოიღო.
„ვიცით რომ მომხმარებელთა რაოდენობა ნამდვილად არ შემცირებულა, თუ არ გაიზარდა, ვიცით, რომ ათასობით ადამიანი ციხეში მხოლოდ მოხმარების გამო ჩავსვით და კრიმინალები ვუწოდეთ, მძიმე ეკონომიკური სიტუაციის ფონზე კიდევ უფრო გავურთულეთ ცხოვრება, შევუმცირეთ შანსი, რომ შეძლებდნენ სამსახურის შოვნას, რესოციალიზაციას, გავაკეთეთ ის, რომ ათასობით ოჯახი გავაპარტახეთ, რადგან უზარმაზარი ჯარიმები, გირაოები ვახდევინეთ იმის გამო, რომ ოჯახის რომელიმე წევრი ნარკოტიკის მოხმარებაზე დაიჭირეს“, - ამბობს ოთიაშვილი.
მისივე თქმით, რომ ნარკომანიასთან ბრძოლის შედეგი ადამიანთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებით, ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირებული მაჩვენებლებით უნდა განისაზღვროს.
ჯანდაცვის სერვისების მნიშვნელობაზე საუბრობს „ახალი ვექტორის“ ხელძღვანელი კოკა ლაბარტყავაც, მისი თქმით, აქცენტი ჯანდაცვის სერვისებზე უნდა იყოს გადატანილი და არა დასჯაზე, დაპატიმრებასა და იზოლაციაზე.
ჯანდაცვის პროგრამებზე საუბრისას კოკა ლაბარტყავა აღნიშნავს, რომ მკურნალობას პრობლემური მომხმარებლების მხოლოდ 5-6% გადის.
„ამჟამად ქვეყანაში ფუნქციონირებს მეთადონის ჩანაცვლების პროგრამები, რომელსაც ნაწილობრივ სახელწიფო აფინანსებს. ასევე, თვეში ერთხელ მთელი ქვეყნის მასშტაბით 25 ადამიანისთვის ხელმისაწვდომია დეტოქსიკაციის კურსი, რომელიც შემდგომში არ გულისხმობს მკურნალობა-რეაბილიტაციას, ასევე გლობალური ფონდის მიერ მხარდაჭერილია ზიანის შემცირების პროგრამები, სადაც გარკვეული წვლილი სახელმწიფოსაც შეაქვს, თუმცა ნარკოტიკების მომხმარებლების საერთო რაოდენობიდან გამომდინარე აღნიშნული სერვისებით მხოლოდ 5% სარგებლობს“, - ამბობს კოკა ლაბარტყავა.
რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ საკითხის ირგვლივ სახელმწიფოს მზაობა და კომპლექსური მიდგომებია საჭირო. მიუხედავად ამისა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გააქტიურებული საკითხის ირგვლივ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ისმის.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის აზრით, დანაშაულის მიმართ, რომელიც არ შეიცავს ძალადობას, უფრო ჰუმანური დამოკიდებულება უნდა იყოს - ეს განცხადება მან უფრო კონკრეტულად მარიხუანასთან დაკავშირებით გააკეთა.
პრეზიდენტისგან განსხვავებით, დეკრიმინალიზაციის მოწინააღმდეგეა პრემიერ-მინისტრი. ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო ამ საკითხის მიმართ ლიოალური ვერ იქნება.
„სანამ ჩვენ ხელისუფლებაში ვართ „მარიხუანას დეკრიმინალიზაცია არ მოხდება, ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ჩვენი ქვეყნის შვილებზე ზრუნავს. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორი თაობა გვინდა? გვინდა ნარკომანი თაობა? მარიხუანა პირველი ეტაპია, შემდეგ არის წამალი, ჰეროინი და სხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. ჩვენ ამას უნდა შევხედოთ, როგორც ნარკომანიასთან ბრძოლას“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
პრემიერის პოზიციას იზიარებს განათლების მინისტრი. თამარ სანიკიძე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოწინააღმდეგეა და თავის პოზიციას საზოგადოების მოუმზადებლობით ხსნით.
მომხმარებლების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაწესების მომხრეა თეა წულუკიანი.
„ჩვენ ამ წუთას ვსაუბრობთ იმაზე, ხომ ახალგაზრდებზე – რომელსაც ერთხელ რაღაც შეეშალათ, მოიხმარეს ეს ნივთიერება და რეალურად გაუბედურდა, მაგრამ არც შემომტანია, არც გამტანია, არც მათ მოშენებას აწარმოებს, არც დილერია – იყოს უფრო ნაკლები სასჯელი, მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დასჯადი, რათა ადამიანმა მკურნალობა შეძლოს“, - ამბობს იუსტიცის მინისტრი.
რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს წამომადგენლებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ ნარკომოხმარება შეიძლება იყოს სამართალდარღვევა, თუმცა არა სისხლის სამართლის დანაშაული.
ხმალაძის საწინააღმდეგო პოზიცია აქვს იმავე უმრავლესობაში. გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაცია დანაშაულია. მისი თქმით, შეიძლება შვიდი წლის მისჯა ბევრია, მაგრამ სასჯელის რაღაც ფორმა აუცილებლად უნდა არსებობდეს.
„ჩვენი ახალგაზრდების ცნობიერება დღეს იმ სიმაღლეზე არ არის, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მოხდეს“, - ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრს, ალექსანდრე ჭიკაიძეს ეკუთვნის.
რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, დავით სერგეენკოს თქმით, ნარკოპოლიტიკა მთლიანად წესრიგშია მოსაყვანი.
„ნარკოპოლიტიკა ზოგადად მოიაზრებს რამდენიმე მიმართულებას. ეს მიმართულებებია, მაგალითად მარიხუანასთან და ე.წ. მსუბუქ ნარკოტიკებთან მიმართული პოლიტიკა. არსებობს თვითონ ნარკოდამოკიდებულების მკურნალობა-რეაბილიტაციის პოლიტიკა და სააფთიაქო ნარკომანია. მსუბუქ ნარკოტიკებთან არაადეკვატურად მკაცრი დამოკიდებულება იყო, სააფთიაქო ნარკომანიასთან კი - აბსოლუტურად აბსურდამდე მისული ლიბერალიზაცია. ამოცანაა, რომ ვიმუშაოთ არა მხოლოდ მარიხუანაზე“, - აცხადებს სერგეენკო.
როგორც სერგეენკო აღნიშნავს, მთავრობა უახლოეს მომავალში ნარკოსტრატეგიასთან დაკავშირებით ახალ დოკუმენტს წარმოადგენს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში უკვე არსებობს ნარკომანიასთან ბრძოლის სტრატეგია. 2011 წლის 22 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, შეიქმნა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც 2013 წლის ბოლოს ნარკომანიასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია წარმოადგინა. აღნიშნული ფაქტი, როგორც EMC-ის კვლევაში, ისე ექსპერტების მიერ, დადებითადაა შეფასებული. „სტრატეგია საზოგადოებრივ ჯანდაცვაზეა ორიენტირებული, მასში აქცენტი მოხმარების პრევენციაზე, ზიანის შემცირებაზე, ნარკომომხმარებელთა მიმართ არსებულ სტიგმისა და დისკრიმინაციის დაძლევაზე კეთდება“, - ვკითხულობთ EMC-ის კვლევაში.
მიუხედავად ამისა, დავით ოთიაშვილი აღნიშნავს, რომ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმით გაწერილი ღონისძიებების შესრულებასთან დაკავშირებით გაურკვევლობაა.
„ფორმალურად ამ გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელია და მონიტორინგის ფუნქცია აკისრია უწყებათაშორის საბჭოს, თუმცა როგორ უნდა ხდებოდეს მონიტორინგი და აღსრულება, ამის შესახებ ინსტრუქცია არ არსებობს, არ არის შემუშავებული რაიმე პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფდა მონიტორინგს. ჩემთვის ასევე არ არის ცნობილი, მიჰყვება თუ არა რომელიმე სამინისტრო ზედმიწევნით ამ გეგმას“, - ამბობს ოთიაშვილი.
„ჩემი რეპრესია შენი რეგრესია“ - ამ გზავნილით, 26 ივნისს ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან ნარკოტიკების მომხმარებლებისა და სათემო ორგანიზაციების აქცია იგეგმება. ისინი საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების გატარებისკენ მოუწოდებენ, მოითხოვენ, რომ ქვეყანაში წამალდამოკიდებულთა დევნა და დასჯა ზიანის შემცირების, პროფილაქტიკური, სამკურნალო და სარეაბილიტაციო მომსახურების მიწოდებით ჩანაცვლდეს.