„ეს საქმე არის ის შემთხვევა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ადამიანის უფლებების დარღვევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს - ნარკოპოლიტიკას და ამავდროულად ასახავს ან შესაძლოა ასახავდეს ქართული საპოლიციო სისტემის ძალადობრივ ბუნებას“, - ასე აფასებს „ლიბერალთან" საუბრისას „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი გურამ იმნაძე ლევან აბზიანიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას.
მისი თქმით, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, ექსპერტიზით დადგენილიყო, თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი - იყო ეს შარდმდენი აბების მიღებით გამოწვეული თუ არა, თუმცა, მეორე მხრივ, ასევე პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ აღმოჩნდა ეს პრეპარატი აბზიანიძის ორგანიზმში. მისი თქმით, გამოძიებას ამ კითხვაზე პასუხი აქამდე უნდა გაეცა.
„როდესაც გამოძიების ეფექტიანობაზეა საუბარი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი საკითხი, რითაც უნდა დაინტერესებულიყო გამოძიება, არის ეს. ამ ფაქტის დადგენას არ სჭირდებობა ექსპერტიზის პასუხები იმის თაობაზე, გამოიწვია თუ არა შარდმდენმა სიკვდილი. ეს ცალკე საგამოძიებო მიმართულება უნდა ყოფილიყო და აქამდე უნდა დადგენილიყო, როგორ მოხვდა აბზიანიძის ორგანიზმში შარდმდენი აბი - ვინმეს იძულებით თუ ნებაყოფლობით... პრეპარატი, როგორი უვნებელიც არ უნდა იყოს, თუ ხდება მისი იძულებით მიღება, მით უმეტეს თუ ამ იძულების სუბიექტი არის სამართალდამცავი, ცხადია, დანაშაულის ნიშნებზეა საუბარი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნიშნებია და ამას აუცილებლად სჭირდება ეფექტიანი გამოძიება. ამ მიმართულებით აქამდე უნდა ემუშავა გამოძიებას, აქამდე უნდა გვქონოდა პასუხები - იყო ეს ნებაყოფლობითი თუ ვინმეს იძულებით“, - ამბობს იმნაძე.
იმნაძე აღნიშნავს, რომ როდესაც ასეთი გახმაურებული შემთხვევა ხდება, როცა ადამიანის სიცოცხლეზე ვსაუბრობთ, პასუხისმგებლობა ყველა ორგანოს ეკისრება, მათ შორის პარლამენტს.
„პარლამენტს არამარტო სამართლებრივი ბერკეტები აქვს, მას პოლიტიკური პასუხისმგებლობაც აკისრია, რომ ამგავრი შემთხვევები არ ხდებოდეს ქვეყანაში და თუკი მოხდება, ის მაქსიმალურად ეფექტიანად იყოს გამოძიებული და საზოგადოებაში არ ჩნდებოდეს ამაზე კითხვები. ამიტომ ცხადია, მათ შორის პარლამენტსაც აქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ მთავარი სუბიექტები ამ შემთხვევაში არიან სამართალდაცავი უწყებები და ის ორგანო, რომელიც გამოძიებას აწარმოებს“, - ამბობს იმნაძე.
ლევან აბზიანიძე ქუთაისში 2015 წლის ივნისში ნარკოტესტირების შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახის განცხადებით, პოლიციელებმა ის ნარკოლოგიურში გადაიყვანეს, სადაც ბიოლოგიური მასალის ჩაბარება მოსთხოვეს. ამისთვის კი შარდმდენი დაალევინეს. ახლობლების განცხადებით, ნარკოლოგიურის დატოვების შემდეგ, აბზიანიძე შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. მისი მეუღლის თქმით, აბზიანიძის გარდაცვალების მიზეზი ამ აბების მიღება გახდა. „დაუვარდა წნევა, 3 ცალი შარდმდენის დალევის შემდეგ, გამოიფიტა ორგანიზმი, სითხისგან დაიცალა და ადამიანი გარდაიცვალა".
ექსპერტიზის დასკვნით, ლევან აბზიანიძის სიკვდილის მიზეზად არ შეიძლება მივიჩნიოთ მის სისხლში აღმოჩენილი ფუროსემიდის (შარდმდენის) კვალი. ექსპერტიზის დასკვნა „ლიბერალს" აბზიანიძის ოჯახის ადვოკატმა მიაწოდა.
ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ აბზიანიძის სიკვდილის მიზეზია გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, განვითარებული გულის ქრონიკული იშემიური დაავადების შედეგად.
აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის პირველადი დასკვნით, აბზიანიძის ორგანიზმში შარდმდენის კვალი აღმოჩნდა, თუმცა გახდა თუ არა აღნიშნული გარდაცვალების მიზეზი, ამის დასადგენად დამატებითი ექსპერტიზა გახდა საჭირო. აღნიშნული დასკვნის მიხედვით კი ექსპერტიზა შარდმდენის მიღებას ლევან აბზიანიძის გარდაცვალებას არ უკავშირებს.
„ლიბერალთან“ საუბრისას აბზიანიძის ოჯახის ადვოკატი, საიას იურისტი გიორგი სანტურიანი ამბობს, რომ საქმის მასალებით ასევე არ იკვეთება, როგორ მოხვდა ეს მედიკამენტი ლევან აბზიანიძის ორგანიზმში.
„პირიქით, ერთი ექსპერტი ამბობს, რომ აბზიანიძეს რადგან გულის დაავადება აწუხებდა და ასეთი დაავადების დროს, როგორც წესი, იღებენ მათ შორის ფუროსემიდსაცო. წარმომავლობა, თუ საიდან მოხვდა ეს წამალი მის ორგანიზმში, ეგაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ჩვენ კი ვეყრდნობით გარდაცვლილისა და იმ ადამიანების სიტყვებს, ვინც უსმენდა ამ ყველაფერს“, - ამბობს ადვოკატი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი თქმით, „დღევანდელი მდგომარეობით ისე გამოდის, რომ დანაშაული არ მომხდარა“.
დასკვნა - ლევან აბზიანიძის სიკვდილის მიზეზი შარდმდენის მიღება არ გამხდარა
„თეთრი ხმაური": ფაქტია, აბზიანიძის გარდაცვალება მისი რამდენიმესაათიანი წამების შედეგია
Genpud: ნარკოტესტირების შემდეგ ქუთაისში მამაკაცი გარდაიცვალა
ლევან აბზიანიძის ქვრივი: გარდაცვლილის ორგანიზმში შარდმდენის კვალი აღმოჩნდა
ფოტო ► აქცია კანცელარიასთან - "ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ!