დღეს პარლამენტში პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მოუსმინეს. სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „პრეზიდენტი უნდა იყოს პარტიებისგან დაშორებული“.
„მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით მედიისა თუ საზოგადოების მხრიდან ბევრი კითხვა დაისვა. მათზე წამდაუწუმ ითხოვენ პრეზიდენტის კომენტარებს. ისმის ბრალდება, თითქოსდა იგი ვალდებულია, გამოხატოს პოზიცია ამა თუ იმ პოლიტიკურ მოვლენასთან მიმართებით. ეს არ შეესაბამება პრეზიდენტისთვის ახალი კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას. პრეზიდენტი უნდა იყოს პარტიებისგან დაშორებული; უნდა იდგეს ამ რყევების ზემოთ, რამეთუ ის წარმოადგენს სახელმწიფოს მდგრადობის, უცვლელობის სიმბოლოს. ის არის სახელმწიფო მოღვაწე და არა, აღარ პარტიული ფიგურა.
პრეზიდენტის მიერ პოზიციის გამოხატვა იქნება ჩარევა ხელისუფლების სხვა შტოების კომპეტენციაში. თუმცა, სულ სხვაა, როცა პოზიციის გამოხატვა ეხება არა უშუალოდ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, არამედ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრინციპებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.