Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა ხარვეზები დაინახეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას

29 ნოემბერი, 2018 17:03

საერთაშორისო მისიის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე პერიოდი ხასიათდებოდა წინასაარჩევნო კამპანიის გააქტიურებით, ამომრჩეველთა უფრო მასშტაბიანი მობილიზებით და მეორე ტურში მონაწილე მხარეებს შორის დაძაბულობის ზრდით, როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ დონეზე.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ევროპარლამენტის (EP), ეუთოს (OSCE),  დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა (ODIHR) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), დამკვირვებლებმა არჩევნების მეორე ტურის შესახებ წინასწარი მოხსენება წარმოადგინეს. 

„დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის წარმომადგენლებთან საუბრისას პროცესში ჩართული მხარეები აღნიშნავდნენ, რომ არჩევნები აღარ წარმოადგენდა ორ კანდიდატს შორის არჩევანის გაკეთებას, არამედ დაემსგავსა რეფერენდუმს, რომლის მეშვეობითაც განისაზღვრებოდა ქვეყნის სათავეში არსებული მმართველი ძალა“, - ვკითხულობთ დასკვნაში.  

აქვე აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის შეკრებებისას, აგრეთვე, საჯარო გამოსვლების დროს კანდიდატები ცდილობდნენ, ყურადღება კამპანიის კონკრეტულ გზავნილებზე გაემახვილებინათ, თუმცაღა, დამკვირვებლების შეფასებით, უფრო ფართო კონტექსტში ეს ძალისხმევა გადაფარული იყო ნეგატიური კამპანიის გამწვავების ფაქტებითა და სახელისუფლებო პარტიასა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მეთაურობით ჩამოყალიბებულ კოალიციას შორის მძიმე ბრალდებებით.

როგორც დასკვნაშია ნათქვამი, მეორე ტურამდე ჩატარებული საჯარო დემონსტრაციები წინასაარჩევნო კამპანიის განუყოფელი ნაწილი იყო და ფართოდ გამოიყენებოდა ნეგატიური კამპანიის საწარმოებლად. შედეგად კი დამკვირვებლების შეფასებით, თითქმის აღარ რჩებოდა შესაძლებლობა წინასწარ გაწერილი წინასაარჩევნო პროგრამის წარმოსადგენად და მნიშვნელოვან საკითხებზე ორიენტირებული დებატების გასამართად. ეს კი, თავის მხრივ, ასუსტებდა ამორჩეველთა შესაძლებლობას, გაეკეთებინათ გაცნობიერებული არჩევანი. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის თვალთახედვის არეში მოექცა „საყოველთაოდ გავრცელებული ძალზედ აგრესიული და ძალადობრივი რიტორიკა“, რომელიც ისმის სატელევიზიო გადაცემაში, სოციალურ ქსელებსა და დემონსტრაციების დროს, ასევე პარტიის მაღალჩინოსანი წევრებისა და სახელმწიფო მოხელეების ცალკეულ განცხადებებში. ამის საჩვენებლად კი მოტანილია რამდენიმე მაგალითი:

„დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის თვალთახედვის არეში მოექცა ის ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს პერიოდულად „მოღალატედ“ მოიხსენიებდნენ, „ქართულ ოცნებას“ კი - „ამორალურ შეიარაღებულ ბანდად“. მთელი ქვეყნის მასშტაბით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებზე კი ენმ შედარებული იყო „ნაცისტებთან, ტერორისტებსა და სატანასთან“, დემონსტრაციების ორგანიზატორები დამსწრე საზოგადოებას ენმ-ს „განადგურებისა და მიწასთან გასწორებისკენ“ მოუწოდებდნენ 

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ენმ-ს პერიოდულად „სისხლიან დანაშაულებრივ რეჟიმად“ მოიხსენიებდა, მათ ნანატრ გამარჯვებას კი „სამოქალაქო ომად და შურისძიებად“ რაცხავდნენ. მიხეილ სააკაშვილმა ორი განცხადება გაავრცელა, რომლებიც მცდარი შეგონებებით და დისკრიმინაციული რიტორიკით გამოირჩეოდა ებრაული სათვისტომოსა და ბანგლადეშელი და ინდოელი ხალხის მიმართ და შეიცავდა რელიგიურ, ეროვნულ ან ეკონომიკურ საფუძველზე გაკეთებულ კომენტარებს საარჩევნო პროცესში ჩართულ რამდენიმე დაინტერესებულ პირს, მათ შორის ერთ-ერთ კანდიდატს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ“, - ვკითხულობთ დასკვნაში. 

ვალების ჩამოწერა შეიძლება, გაუთანაბრდეს ხმების ყიდვას – საერთაშორისო დამკვირვებლები

საზმაუმ წარმოაჩინა მკვეთრად მიკერძოებული პოზიცია ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ - სადამკვირვებლო მისია

ხმებზე თვალის მიდევნებამ წარმოშვა დაშინების პოტენციალი და შეშფოთების საფუძველს ქმნის - სადამკვირვებლო მისია

კოორდინატორები ხშირად ცდილობდნენ ამომრჩეველზე ზემოქმედებას - სადამკვირვებლო მისიის დასკვნა

„იმედმა“ უფასო საეთერო დრო არ გამოუყო გრიგოლ ვაშაძეს - საერთაშორისო დამკვირვებლები

საჩივრები სათანადოდ არ განიხილებოდა - საერთაშორისო დამკვირვებლები

საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას გამოეხმაურა არჩეული პრეზიდნეტი სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^