„ამ სამწუხარო ფაქტმა ერთი რამ გახადა ნათელი, რომ საგამოძიებო ორგანოები არ უნდა იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს, ანუ იძულებით პრეპარატების მიღებას, იმისთვის, რომ ადამიანმა მოშარდოს. ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა ნებისმიერ შემთხვევაში. ეს არის მანკიერი, მახინჯი პრაქტიკა და ამან შეიწირა ადამიანის სიცოცხლე“, - ამის შესახებ „ლიბერალთან“ საუბრისას „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ბუნებრივია, რომ შეკითხვები რჩება აბიანიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. როგორც კორძაია ამბობს, ხელისუფლებამ [ამგვარი მიდგომების] ცვლილებაზე სერიოზულად უნდა იმუშაოს. მეორეს მხრივ, კი მნიშვნელოვანია დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა. მისი თქმით, ასევე შესაძლებელია ექსპერტიზის [დასკვნის] ეჭვქვეშ დაყენებაც.
„ვინ როგრი ექსპერტული დასკვნა დადო და ა.შ. ამას არავითარი მნიშნვენლობა არ აქვს, იმიტომ რომ ადამიანი ცუდად გახდა იმიტომ, რომ მას სახელმწიფო დაწესებულებაში, სამართალდამცავ ორგანოების შენობაში, მათ განმგებლობაში ყოფნის დროს, აიძულეს მისი ნების საწინააღმდეგოდ მიეღო პრეპარატი. იმისათვის, რომ შეემოწმებინათ, იყო თუ არა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. ეს არის ყველაზე საშილენი მოპყრობა, ღირსების შემლახავი, არაადამიანური, დამამცირებული და ა.შ.“, - ამბობს კორძაია.
ლევან აბზიანიძე ქუთაისში 2015 წლის ივნისში ნარკოტესტირების შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახის განცხადებით, პოლიციელებმა ის ნარკოლოგიურში გადაიყვანეს, სადაც ბიოლოგიური მასალის ჩაბარება მოსთხოვეს. ამისთვის კი შარდმდენი დაალევინეს. ახლობლების განცხადებით, ნარკოლოგიურის დატოვების შემდეგ აბზიანიძე შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. მისი მეუღლის თქმით, აბზიანიძის გარდაცვალების მიზეზი ამ აბების მიღება გახდა. „დაუვარდა წნევა, 3 ცალი შარდმდენის დალევის შემდეგ, გამოიფიტა ორგანიზმი, სითხისგან დაიცალა და ადამიანი გარდაიცვალა".
ექსპერტიზის დასკვნით, ლევან აბზიანიძის სიკვდილის მიზეზად არ შეიძლება მივიჩნიოთ მის სისხლში აღმოჩენილი ფუროსემიდის (შარდმდენის) კვალი. ექსპერტიზის დასკვნა „ლიბერალს" აბზიანიძის ოჯახის ადვოკატმა მიაწოდა.
ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ აბზიანიძის სიკვდილის მიზეზია გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, განვითარებული გულის ქრონიკული იშემიური დაავადების შედეგად.
აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის პირველადი დასკვნით, აბზიანიძის ორგანიზმში შარდმდენის კვალი აღმოჩნდა, თუმცა გახდა თუ არა აღნიშნული გარდაცვალების მიზეზი, ამის დასადგენად დამატებითი ექსპერტიზა გახდა საჭირო. აღნიშნული დასკვნის მიხედვით კი ექსპერტიზა შარდმდენის მიღებას ლევან აბზიანიძის გარდაცვალებას არ უკავშირებს.
„ლიბერალთან“ საუბრისას აბზიანიძის ოჯახის ადვოკატი, საიას იურისტი გიორგი სანტურიანი ამბობს, რომ საქმის მასალებით ასევე არ იკვეთება, როგორ მოხვდა ეს მედიკამენტი ლევან აბზიანიძის ორგანიზმში.
„პირიქით, ერთი ექსპერტი ამბობს, რომ აბზიანიძეს რადგან გულის დაავადება აწუხებდა და ასეთი დაავადების დროს, როგორც წესი, იღებენ მათ შორის ფუროსემიდსაცო. წარმომავლობა, თუ საიდან მოხვდა ეს წამალი მის ორგანიზმში, ეგაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ჩვენ კი ვეყრდნობით გარდაცვლილისა და იმ ადამიანების სიტყვებს, ვინც უსმენდა ამ ყველაფერს“, - ამბობს ადვოკატი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი თქმით, „დღევანდელი მდგომარეობით ისე გამოდის, რომ დანაშაული არ მომხდარა“.
დასკვნა - ლევან აბზიანიძის სიკვდილის მიზეზი შარდმდენის მიღება არ გამხდარა
„თეთრი ხმაური": ფაქტია, აბზიანიძის გარდაცვალება მისი რამდენიმესაათიანი წამების შედეგია
ზოიძე აბზიანიძის საქმეზე: კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს, რომ იგივე ტრაგედია არ დაუდგეს სხვებს
იმნაძე აბზიანიძის საქმეზე: გამოძიებას აქამდე უნდა დაედგინა, როგორ მოხვდა შარდმდენი ორგანიზმში
Genpud: ნარკოტესტირების შემდეგ ქუთაისში მამაკაცი გარდაიცვალა
ლევან აბზიანიძის ქვრივი: გარდაცვლილის ორგანიზმში შარდმდენის კვალი აღმოჩნდა
ფოტო ► აქცია კანცელარიასთან - "ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ!