
„აიისას“ დამფუძნებლის, ანა გაჩეჩილაძის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის ინფორმაციით, „აიისას“ საქმეს სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ლევან მურუსიძე განიხილავს.
4 მაისს, მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ პრეზერვატივების ბრენდ „აიისას“ 4 პოსტერი „არაეთიკურ რეკლამად“ მიიჩნია და მისი დამფუძნებელი ანი გაჩეჩილაძე 500 ლარით დააჯარიმა.
მოსამართლემ გაჩეჩილაძეს აუკრძალა პრეზერვატივების შეფუთვაზე განთავსებული „არაეთიკური რეკლამების“ („სამეფო კარი თამარში“, „ძლევაი საკვირველი“, „ჩამოვკრავდი, მარა ნათლისღებაა“, „მაკურთხებელი ხელი“) გავრცელება/განთავსება (პროდუქტზე, სოციალურ ქსელში და სხვა); ასევე, გაჩეჩილაძეს დაევალა აღნიშნული „არაეთიკური რეკლამების“ სასაქონლო ბაზრიდან ამოღება.
პრეზერვატივების ბრენდის „აიისას“ დამფუძნებელი ანი გაჩეჩილაძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ჯარიმის გადახდას და იმ რეკლამების აღებას არ აპირებს, რომლებიც სასამართლომ არაეთიკურად მიიჩნია.
„აიისას“ მფლობელის ანი გაჩეჩილაძის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა „ქართული იდეის“ განცხადების საფუძველზე შეადგინა.