ფრენკ ოგბერგი ამერიკელი ფსიქიატრია, რომელმაც ჟურნალისტიკაში "ტრავმის გაშუქების" ცნება
ფრენკ ოგბერგი ამერიკელი ფსიქიატრია, რომელმაც ჟურნალისტიკაში "ტრავმის გაშუქების" ცნება
შემოიტანა. მას შემდეგ, რაც ფრენკი და მისი კოლეგები ფსიქოლოგიური ტრავმის დეფინიციაზე შეთანხმდნენ, ოგბერგმა 1999 წელს ჟურნალიტებისათვის "დარტ ცენტრი" შექმნა. "დარტ ცენტრი" მედიას კონკრეტულ რეცეპტებს სთავაზობს, თუ როგორ ესაუბრონ ტრავმირებულ რესპონდენტებს და ჰუმანურად გააშუქონ ტრაგიკული მოვლენები. ოგბერგი სპეციალური პროგრამის ავტორიცაა, რომელიც მიჩიგანის, ვაშინგტონის,კოლუმბიის ჟურნალისტიკის სკოლებში ისწავლება და მომავალ ჟურნალისტებს ემპათიური გაშუქების ნიუანსებს უხსნის.
ბატონო ოგბერგ, რატომ გახდა მნიშვნელოვანი დარტ ცენტრის დაარსება?
ჟურნალისტები სისტემატიურად აშუქებენ აფეთქებებს, წყალდიდობებს, ხანძარებს, შიმშილს, ომებს და დანაშაულს. ასეთი ჟურნალისტიკა სპეციფიურ უნარ-ჩვევებს გულისხმობს. ჟურნალისტებს ასწავლიან, თუ როგორ უნდა გააშუქონ, მაგალითად, გარემოსდაცვითი საკითხები, სპორტი, სწორი კვების საკითხები, მაგრამ მათთვის არავის უსწავლებია, თუ როგორ უნდა გააშუქონ ტრავმა.
მე პირველი ვიყავი, ვინც თქვა, რომ ტრავმის გაშუქებაც სპეციალურ ცოდნას და უნარ-ჩვევებს მოითხოვს. უფრო იმ ხალხზე ვფიქრობდი, ვის ამბავსაც ჟურნალისტები აშუქებენ. რადგან, ადრე თუ გვიან, ყველა ადამიანი ტრავმირებული ხდება. ამის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.
"დარტ ცენტრი" უფრო იმიტომ შევქმენი, რომ მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა ადამიანური სისასტიკის შემცირებაში. როგორც ფსიქიატრი, პოლიციას და სამხედროებს ვეხმარებოდი. ერთ დღეს მიჩიგანის ტელევიზიებმა მთხოვეს, რომ მოხსენება მომემზადებინა შეხვედრისთვის, რომელსაც ჟურნალისტები და რედაქტორები ესწრებოდნენ. ეს მოხდა 1987 წელს. თემის არჩევის უფლება მქონდა და მეც პოსტ-ტრავმულ სტრესზე გადავწყვიტე საუბარი, რადგან იმ პერიოდში ამ საკითხის კვლევაში ვიყავი ჩართული. მეც ამაზე ველაპარაკე მედიის წარმომადგნლებს.
"ფრენკ, ჩვენ გვჭირდება ეს ინფორმაცია" - მითხრა მერიკის ტელევიზიების რედაქტორების გაერთიანების დირექტორმა (the director of the Radio-Television News Directors Association),რომელიც აუდიტორიაში იმყოფებოდა.
კარგი რაღაც გამოდიოდა - მე მედია-მენეჯერებს ჭკუას არ ვასწავლიდი, ისინი უბრალოდ თავიანთ პრობლემებს მიყვებოდნენ, მე კი მათ მხოლოდ რჩევას ვაძლევდი,უბრალოდ, ვუხსნიდი რა არის ტრავმა. ჟურნალისტებს უნდოდათ, უკეთესად და მეტი მგრძნობელობით ეკეთებინათ თავიანთი საქმე და უფრო მეტად დაეცვათ სიზუსტე.
ჰოდა მეც ერთი აზრი მომივიდა: ვითომ, რატომ არ უნდა მესწავლებინა ჟურნალისტებისთვის იგივე, რასაც მძევლებსა ,კონფლიქტის მონაწილეებსა და მომრიგებლებს ვასწავლიდი?!
იმ პერიოდში, სადამ ჰუსეინი კუვეიტში შეიჭრა. კუვეიტიდან ჩამოსული ამერიკელების მკურნალის გავხდი, მუდმივად ვწერდი მათთან ინტერვიუბს და ამ პროცესში ჟურნალსიტებიც ჩავრთე. ერთად ვისწავლეთ, როგორ შეიძლება იყო ტრავმირებული ადამიანის ადგილას.
ტრავმირებული ადამიანის ქცევა ოდნავ განსხვავდება იმ ადამიანის ქცევისაგან, რომელიც სიღარიბეში ცხოვრობს ან ხავგრძლივ კონფლიქტშია ჩართული. სულ სხვაა, როცა მოულოდნელად რაღაც ხდება და მთელი შენი სამყარო ინგრევა. ჟურნალისტისთვის მნიშვნელოვანია ამის ცოდნა.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თქვენ რეპორტიორებს ასწავლით უფრო ცივად შეხედონ მოვლენებს და რესპონდენტებს, ეს უფრო მეტ პროფესიონალიზმს ნიშნავს?
ემპათია გამორიცხავს მხოლოდ დაკვირვებას.თუ ვინმესთან შეხვედრა გასევდიანებს და გაბრაზებს, არა იმაზე, ვინც სევდიანია, არამედ იმაზე, ვინც ეს ადამიანი დაასევდიანა, ეს ნორმალური გრძნობაა, მაგრამ არ უნდა გადააჭარბო. როგორც პაცინეტი მოთხოვს ექიმისგან თანაგრძნობას,ასევე მოითხოვს რესპონდენტი ჟურნალისტისგან მისი ამბის ეფექტურ და პატიოსან თხრობას. რაღაც ემოცია უნდა გქონდეს, მაგრამ ამან პროფესიონალური რაციონალიზმი არ უნდა დაგაკარგვინოს.
როგორ უნდა დავაფიქროთ კერძო მედია კომპანიების მენეჯერები ამაზე? როგორ უნდა დავარწმუნოთ ისინი, რომ არ წაახალისონ ჟურნალისტები, რომლებიც მტკივნეულ შეკითხვებს სვამენ?
ამაზე ბევრი მიფიქრია. იმ ჟურნალისტებსაც, რომლებსაც ავალებენ, რომ მოვლენები გაამწვავონ და უხერხული კითხვები დასვან,შეიძლება ისეთი კითხვების დასმა ვასწავლოთ, რომ პასუხები გულში ჩამოწვდომი იყოს, მასალა კი ამა თუ იმ მოვლენის არსს გამოხატავდეს.ყველა ჟურნალისტს უნდა, რომ უფრო დინჯი და დაფიქრებული იყოს. ყველა პროგრამაში, რაც კი გამიკეთებია ისინი დიდი ინტერესით და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ. მე ვცდილობ ჟურნალისტებს უკეთესი მაგალითი ვაჩვენო და შემდეგ მათ რედაქტორებსაც მივწვდე.
თუ კი რედაქტორი შემაშფოთებელ ამბავს ელოდება, შენ კი ცოტა დრო გაქვს, როგორ უნდა მოიქცე, რომ სწრაფიც იყო და კორექტულიც?
ტრავმის გაშუქება სამ ფაზად დავყავი.
მოქმედება პირველი დედლაინის რეჟიმში იწერება. მასში ბევრია დრამა. სატვირთო მანქანა ავტომობილს შეეჯახა, ხალხი შოკშია. თანმხლები ფოტოები თვითონ ყვება ამბებს. ამას ზედმეტი გაფერადება არ სჭირდება. ფერები ისედაც აქაა,ხმაც და სუნიც.არ სჭირდება ამას დამატება, რომ საშინელება მოხდა და შემძრწუნებელი ამბის მომსწრე გახდი.
პარადოქსია ის სიამოვნებაც, რასაც ამ ამბის ყურებისას განიცდი. პარადოქსული სიამოვნების კონცეფცია ძალიან სანტერესოა, მაგრამ ამაზე ბევრი არ ფიქრობს.რატომ არის, რომ როცა პატარები ვართ, საშინელ ზღაპრებს ვუგდებთ ყურს? რატომ ვუყურებთ საშიშ კინოს? შემდეგ რატომ ვიცინით? ან როცა ვიგებთ, რომ გოლიათმა პატარები გადასანსლა, რატომ გვიხარია? იმიტომ, რომ არის ადამიანში ისეთი რამ, რაც მას ასეთ დროს პარადოქსულ სიამოვნებას განაცდევნებს. ეს გვეხმარება, რომ ამ ამბბებს მომზადებულები შევხვდეთ. აუცილებელია, რომ ასეთი საშინელი ამბების შესახებ ძალიან პატარა ასაკიდან ვიცოდეთ. რადგან ერთ დღეს, ცხვორებაში, ამის ცოცხალი მოწმე გავხდებით. ყველა კულტურაშია, რომ დედის კალთაში მსხდომნი, ამ საშინელ ამბებს ვისმენთ. მაგრამ ამ დროს პარადოქსულ სიამოვნებას განიცდის არა ჟურნალისტი, რომელიც ამაზე წერს, არამედ აუდიტორიაც, რომელიც ჟურნალისტის მიერ მომზადებულ მასალას ხედავს. ესაა პირველი მოქმედება.
მეორე მოქმედება სულ სხვა სახისაა. მეორე მოქმედება ღრმა კლასიკურ ტრადეგიას ჰგავს. აქ შეიძლება სტატიის გმირად მოძებნო ადამიანი, რომლის ამბავი პრობლემას დაგანახებს: ეს ადამიანი შეიძლება იყოს ის, ვინც, მაგალითად, ომს გადაურჩა. ან მოწმე. შენ გრძნობ ცოტა იმედს, სამყაროს იმ პატარა ნაწილს , სადაც უწესრიგობა სუფევს და ცუდი შედეგებიც სახეზეა. მაგრამ საბოლოო გრძნობა დადებითია და შექსპირის ან კარგი რუსული რომანის კითხვას ჰგავს.
ვფიქრობ ხოლმე, რატომ არ შეიძლება ერთად იყოს პირველი და მეორე მოქმედება? მაშინ, როცა ტელევიზია ახალ ამბებს აშუქებს, რატომ არ შეიძლება ძველი ამბავიც გაგვახსენოს და იმ ხალხზე მოგვიყვეს, რომლებიც ახლა უფრო ბრძენნი და სევდიანები არიან ? ინტერნეტის სამყაროს შეუძლია ამ ორი მოქმედების უფრო სწრაფად გაერთიანება.
რაა მესამე მოქმედება? აქ უკვე არაა პარადოქსული სიამოვნება. ამბავი სევდიანია, ეს შეიძლება იყოს ამბავი მომაკვდავ ბავშვზე. ახლა გორში ვიყავი და შევხვდი დედას, რომელიც ძალიან უიმედოდ იყო, ყველაფერი დაკარგა - შვილებიც, იმედიც.
ჟურნალისტმა უნდა ისწავლოს, თუ როგორ მოყვეს ასეთი ამბავი. ეს ადვილი არაა.თუ რედაქტორი გეუბნება, რომ ამბავი უფრო უნდა გაამძაფრო, შეგიძლია უპასუხო: "ძალიან დრამატიზება რა საჭიროა? მოდი, სცენას ვაჩვენებ: ვაჩვენებ, როგორ გაჩნდა ხანძარი, რა სუნი იდგა, როგორ ხმაურობდა გარემო. ახლა რამეს კიდევ დავამატებ იმაზე, თუ როგორ ცდილობს ხალხი ცხოვრების გაგრძელებას."
ჩვენ უნდა ვასაწვლოთ ჟურნალისტებს, როგორ უნდა შეეპასუხონ თავიანთ რედაქტორებს: "მე შევასრულებ შენ დავალებას, მაგრამ რაღაც იდეა მეც მაქვს და ასე უკეთესი გამოვა."
იაფფასიანი შოუები გვაქვს და გვექნება. ჩვენ სტანდარტებს იმათთვის ვაწესებთ, ვისაც ეთიკა ყველაზე მეტად აღელვებს. დროთა განმავლობაში, სხვებსაც მოუნდებათ სერიოზულად შეხედონ ჟურნალისტიკას. ჟურნალისტიკა ძალიან ფართო ცნებაა: ეს გართობაცაა, განსაკუთრებით, ტელეჟურნალსტიკა. თუ გინდა თოქ-შოუს წამყვანი იყო, მე რას გავაწყობ? - მეც ვუყურებ შოუებს და ვერთობი. მე არ მინდა, რომ მათ საკუთარი საქმიანობა შეწყვიტონ - ხალხს გართობა სჭირდება. მაგრამ ჩემი პროგრამაც ძალიან რეზონანსულია - ჟურნალისტები ყველგან ინტერესდებიან ამით. ყველაზე სენსიტიური ხალხი დარტ საზოგადოებასაც უერთდება და ჩემი სახელობის სტიპენდიასაც იღებს. მათ უნდათ, რომ მათმა სტატიებმა პრიზები აიღონ და ჩვენ ამის საშუალებას ვაძლევთ.
უკვე მესამედ ხართ საქართველოში. რა კითხვებს გისვამდნენ ქართველი ჟურნალისტები, რა პრობლემები აქვთ მათ?
პირველი პრობლემა დევნილებს ეხება - ქართველ ჟურნალისტებს აინტერესებთ, რა კითხვები უნდა დაუსვან ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ მასზე არავინ ზრუნავს? და ეუბნება ჟურნალისტს; "ახლა მე შენ ეს რომ მიგიყვე, ამით რა შეიცვლება? ან მე რას მოვიგებ?" ეს ძალიან სერიოზული საკითხია.პასუხი ისაა, რასაც ამ დროს შენს თავს ეუბნები: არ უნდა უთხრა ადამიანს, რომ შენი ინტერვიუ რამეს შეცვლის. მაგრამ სიმართლე უნდა მოყვე და უნდა გჯეროდეს, რომ ადრე თუ გვიან, ვინმე კეთილი ადამიანი გამოჩნდება და გაჭირვებულს დაეხმარება.
ასევე პრობლემებია ბავშვთა საკითხების,ვეტერანების, ძალადობის მსხერპლი ქალების ისტორიების გაშუქებისას.
ჩემი რჩევაა რესპონდენტთან ურთიერთობა დაკვირვებით დავიწყოთ. ჰკითხეთ, რა ნახეს მაშინ, როცა თქვენ, როგორც ჟურნალისტი, იქ არ იყავით,შემდეგ შეიძლება ჰკითხო, რა იგრძნეს, როცა ტრაგედია ნახეს, რის გაკეთებას აპირებენ, რა რესურსები აქვთ, რა აღელვებთ. კარგია, თუ გამოარკვევ, მათ რა უნდათ: საკვები, სამედიცინო დახმარება, ფსიქოლოგის მომსახურება და სადაა ეს ხელმისაწვდომი.
როდესაც სამხრეთ აფრიკაში ვმოგზაურობდი ხშირად ვხვდებოდი იქაურ ჟურნალისტებს. ისინი აფრიკის ბევრ სოფელში ინცესტის შესახებ ყვებოდნენ, მაგრამ ამას არ აშუქებდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ თუ ამაზე დაწერდნენ, ეს სიტუაციას კიდევ უფრო გაამძაფრებდა. მე დავაფასე ჟურნალისტების ეს გადაწყვეტილება - შესაძლებელია ისინი არ წერდნენ ამ პრობლემაზე, მაგრამ სულ მცირე, დაუფარავად საუბრობდნენ.
მგონია, რომ ასეთი ვითარების გამოსწორება მხოლოდ ეტაპობრივად შეიძლება. პირველი ეტაპია ისაა, რომ ჟურნალისტები საუბრობდნენ იმაზე, რაზეც სხვა ქვეყანაში შეიძლება წერდნენ კიდეც. შენ მოთმინებით უნდა ელოდო, რომ შენი ქვეყნის საზოგადოება იმ დონემდე მომწიფდება, რომ პრობლემის მოგვარებაზე ფიქრს და წერას დაიწყებს.