Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"შავი ხეობის" თეთრი საწამლავი

08 ივლისი 2011

 

რაჭაში, სოფელ ურავში ბავშვებს რამდენიმე საყვარელი სათამაშო ადგილი აქვთ. ერთი - მდინარის პირას, ბეტონისსაფარიანი მოედანია, რომელიც ფეხბურთის თამაშისთვისაა განსაკუთრებით მოსახერხებელი, მეორე - სოფლის დასაწყისსა და ბოლოში დარჩენილი ქარხნის ნანგრევები. იქ ბავშვები ათას საინტერესო ნივთს პოულობენ - უცნაური ფორმის შუშის ბოთლებს თუ უცნობი დანიშნულების ხელსაწყოებს და თამაშებსაც ამ ნივთების მიხედვით იგონებენ.

 

ჯერ კიდევ ოცი წლის წინ ამ ნანგრევების ადგილას, საბჭოთა დროს აშენებული და საკავშირო მასშტაბით ცნობილი ურავის სამთო ქიმიური ქარხანა ფუნქციონირებდა. იქ თითქმის 60 წლის განმავლობაში მოიპოვებდნენ და გადაამუშავებდნენ დარიშხანს. მიღებულ ნივთიერებას სამედიცინო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებითაც იყენებდნენ, მაგრამ ამავე დროს სვანეთის სოფელ ცანში მოპოვებული დარიშხანის მსგავსად, გაჰქონდათ რუსეთშიც - ქიმიური იარაღის, ლუიზიტის საწარმოებლად.

ქარხანაში მუშაობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეჩერდა. სოფელიც, სადაც სამთო ქიმიური ქარხნის გამო, ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს, ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა - მათ შორის, მუშები, ქიმიკოსები, მეცნიერები - ნელ-ნელა დაცარიელდა. ახლა ურავში 160 ოჯახი ცხოვრობს. მათი უმრავლესობისთვის დარიშხანის ქარხანა წარსულის ერთი ჩვეულებრივი მოგონებაა. სოფელში თითქმის არავინ იცის, რომ ოცი წლის წინ დახურული საწარმო მათ ცხოვრებაზე და ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას დღემდე ახდენს.

სოფლის შუაგულში, მდინარე ლუხუნის გასწვრივ მდებარე მობეტონებული მოედანი, სინამდვილეში, სამარხია, რომელიც 60 ათას ტონამდე დარიშხანის საწარმოო ნარჩენს ფარავს. თუმცა, სამარხი წლების წინ დაზიანდა, მდინარის მხრიდან ბეტონი გამოინგრა და ჩამარხული ნივთიერებები ახლა ლუხუნში ჩაედინება. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ მდინარიდან  ბევრჯერ შეუნიშნავთ, გაშიშვლებული სამარხში  როგორ ბზინავს უცნაური ფორმის საგნები.

ლუხუნი ურავის შემდეგ კიდევ რამდენიმე რაჭულ სოფელს გადის და რიონს უერთდება. 2009 წელს გამოქვეყნებულ ვრცელ ანგარიშში "საქართველოს ქიმიურ პროფილში" კი წერია, რომ ლუხუნიდან რიონში ჩადენილი დარიშხანის ნარჩენები, გადაუმოწმებელი ინფორმაციით, შემდეგ შავ ზღვასაც აბინძურებს.

დარიშხანის შესახებ არაერთ სამეცნიერო კვლევაში საგანგებოდაა აღნიშნული, რომ თეთრი დარიშხანი, რომელიც რაჭის ამ სოფლის მთავარ სიმდიდრეს წარმოადგენდა,  ხანგრძლივი ზემოქმედების შემდეგ ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა დაავადებებთან ერთად სიმსივნესაც იწვევს.

სოფელ ურავში ამბობენ, რომ იქ ადამიანები ღრმა სიბერეს თითქმის ვერ აღწევენ, ადგილობრივების უმრავლესობა საშუალოდ 50 წლის ასაკში კვდება, მათგან ბევრი სწორედ - სიმსივნით.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ერთი ახალგაზრდა კაცი - ღვიძლის სიმსივნით გარდაიცვალა, მეორე მამაკაცი - თვალის, ერთი ქალი კი - ფილტვების კიბოთი", - იხსენებს სოფელ ურავის ექთანი გულიკო მოროსიძე. თვითონ გულიკოს ქმარი ქარხანაში მინების მბერავად მუშაობდა. „ისიც ორჯერ გადავარჩინეთ სიკვდილს," - ამბობს მოროსიძე, - "ახლა სუნთქვა უჭირს, ფილტვებზე აქვს სერიოზული პრობლემა".

ადგილობრივები სიმსივნის ამ შემთხვევებსა და ადრესიკვდილიანობას სწორედ დარიშხანით გაჟღენთილ გარემოს უკავშირებენ. იქაურები ამბობენ, რომ დარიშხნის ქარხნის მავნე გავლენის გამო, მათ ხეობას წლების წინ "შავი ხეობაც" კი შეარქვეს.

მიუხედავად ამისა, ვერც სამარხის და ვერც ქარხნის ტერიტორიაზე ვერ ნახავთ მინიშნებას იმის შესახებ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ამ ადგილებს უნდა მოერიდოს. ქარხნის ორი კომპლექსიდან არცერთი არაა ღობით შემოსაზღვრული. შესაბამისად, იქ შესვლას და თამაშს ბავშვებსაც არავინ უკრძალავს. მეტიც, ადგილობრივები იმდენად არიან დარწმუნებულნი, რომ დარიშხანის გავლენა მხოლოდ ქარხნის თანამშრომლებს და შორიახლო მცხოვრებლებს შეეხო და ახლა საფრთხეს აღარ წარმოადგენს, რომ იქ აგურებსა და რკინას აგროვებენ და ჰყიდიან.

ემზარ ჯელაძე, რომელიც ქარხანასთან ახლოს ცხოვრობს, ამბობს: "ეგ ქარხანა 20 წელია, აღარ მუშაობს. ხშირად მიდიან ჩემი ბავშვებიც იქ სათამაშოდ. მაინც ვეუბნები ხოლმე, რომ ფრთხილად იყვნენ და იქ არაფერი შეჭამონ. აი, საქონელი გვიკვდება ხშირად -  იმათ ხომ ვერ ეტყვი, იქ ბალახი არ მოძოვოთო და ამიტომ წელიწადში რამდენიმე ასეთი შემთხვევა ხდება. მადლობა ღმერთს, ბავშვები ჯანმრთელები არიან", - ამბობს ემზარ ჯელაძე და იხსენებს, რომ  დაახლოებით ერთი წლის  წინ სოფელში ექიმებიც იყვნენ ჩასულები, ბავშვებს სისხლის ანალიზი აუღეს. თუმცა, არც ჯელაძეს, არც დანარჩენ მშობლებს, ამ ანალიზების პასუხები არ უნახავთ. „არ ვიცი, რატომ, ალბათ, ანალიზებმა ისეთი არაფერი აჩვენა", - ვარაუდობს ჯელაძე.

თუმცა ურაველი ბავშვების ანალიზების პასუხები გაცილებით უფრო შემაშფოთებელია, ვიდრე მშობლებს წარმოუდგენიათ. ექიმებმა, რომლებმაც ურავში 1999-2011  წლებში არასამთავრობო ორგანიზაცია "კარიბჭის" ინიციატივით კვლევები ჩაატარეს,  ადგილობრივი ბავშვების სისხლსა და შარდში დარიშხანის მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს: დარიშხანის დონე მათ სისხლში 10 ერთეულით მეტი იყო, ვიდრე ამბროლაურში მცხოვრებ ბავშვებს ჰქონდათ, ხოლო შარდში - 13 ერთეულით. ანალიზში საგანგაშო ცვლილებები ჰქონდათ მდინარე ლუხუნის ხეობის ორი სხვა სოფლის - აბარისა და ლიხეთის ბავშვებსაც. დადგინდა ისიც, რომ ეს პატარები განსაკუთრებით ხშირად მწვავე რესპირაციული ინფექციით ავადმყოფობდნენ. ეს, ერთი შეხედვით, წითელლოყება და ჯანმრთელი აგებულების ბავშვები ფიზიკური განვითარების ძირითადი მაჩვენებლებითაც ჩამორჩებოდნენ ამბროლაურსა და მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოზარდებს. [pagebreak]

კვლევაში მონაწილე მეცნიერებმა, რომლებმაც ლუხუნის ხეობის ბავშვების გენეტიკური, ჰემატოლოგიური და იმუნოლოგიური მაჩვენებლებიც შეისწავლეს, ამბობენ, რომ სწორედ დარიშხანით დაბინძურებული გარემოს ზემოქმედება აისახება ნეგატიურად ბავშვთა და მოზარდთა შესწავლილ ყველა მაჩვენებელზე. ასე ფიქრის საფუძველს მათ ქიმიკოსების მიერ ჩატარებული კვლევაც აძლევს ხეობის ნიადაგის, წყლისა და ჰაერის შესახებ. ამ მონაცემების მიხედვით, მდინარე ლუხუნში დარიშხანის შემცველობა რიონისას დაახლოებით სამჯერ აღემატება, სხვა მდინარეებისას, საშუალოდ 10-ჯერ. ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიადაგში დარიშხანის შემცველობა ზემო რაჭის სხვა ადგილებზე დაახლოებით 15-ჯერ მეტია. ქარხნის ტერიტორიასა და მდინარე ლუხუნზე მოსულ ატმოსფერულ ნალექებში კი საშუალოდ 40-ჯერ მეტი დარიშხანი შედის, ვიდრე საქართველოს სხვა ტბებსა და მდინარეებზეა.

დარიშხანის მავნე ზემოქმედების გამო წარმოქმნილ გენეტიკურ ცვლილებებს კვლევის მონაწილე ციტოგენეტიკოსი, ალა ზედგენიძე ასე განმარტავს: „გარემოს მავნე ფაქტორებიდან თავისი ტოქსიკურობით დარიშხანს განსაკუთრებული ადგილი უკავია. დარიშხანი წარმოადგენს მუტაგენს, ანუ განეკუთვნება იმ ნივთიერებებს, რომლებიც იწვეენ ცვლილებებს ცოცხალი ორგანიზმის გენეტიკურ მასალაში, აზიანებენ  ქრომოსომულ აპარატს  და არღვევენ გენეტიკურ ბალანსს. ეს კი საშიშია, რადგან ასე იქმნება პლატფორმა შემდგომი სიმსივნური დაავადების განვითარებისთვის".

კვლევამ ერთი საინტერესო სტატისტიკაც აჩვენა: მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, ყველა ბავშვი გამოიკვლიეს, მათ შორის, ასაკის კლების მიხედვით, დაავადების მაჩვენებლების კლება არ შეინიშნება. „მეთორმეტე კლასელები ხომ უფრო ადრე დაიბადნენ, როცა ახალი გაჩერებული იყო საწარმო, პატარები კი - ახლახან. თუმცა, მათ ორგანიზმში ზუსტად ერთნაირი დარღვევებია. ეს იმას ნიშნავს, რომ დარიშხანით დაბინძურებული გარემო დღესაც ზემოქმედებს ბავშვებზე", - ამბობს  პედიატრი მარინა გაგოშიძე.

კვლევის ავტორები ირწმუნებიან, რომ მათ ანალიზის პასუხები სოფლებში გაგზავნეს, მაგრამ პანიკის გამოწვევა არ სურდათ და ამიტომ არ მიადევნეს თვალ-ყური იმას, მიიღეს თუ არა მშობლებმა ინფორმაცია ბავშვების ჯანმრთელობის შესახებ. „პანიკის გამოწვევას სჯობია, სოფლის მოსახლეობას ვასწავლოთ, როგორ იცხოვრონ იმ გარემოში ისე, რომ ნაკლები ზიანი მიიღონ. ამ ტრენინგებისთვის გრანტის მოპოვება გვინდოდა, თუმცა, ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ", - ამბობს მარინა გაგოშიძე და დასძენს, რომ შარშან, ამბროლაურში კვლევის შედეგების შემაჯამებელი კონფერენციაც ჩაატარეს, დასწრება თავისუფალი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ "ლუხუნის ხეობის მოსახლეობას ინფორმაცია არ დავუმალეთ. ასევე, კვლევა გამოქვეყნებულია სამეცნიერო-სამედიცინო ჟურნალებშიც და იქაც შეეძლოთ, ენახათ", - ამბობს გაგოშიძე.

საკითხისადმი მსგავს მიდგომას გარემოს დაცვის სამინისტროშიც ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ინფორმაციის გავრცელებით პანიკის გამოწვევა არ სურთ. მინისტრი, გოგა ხაჩიძე "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ამბობს: „მინდა გითხრათ, რომ მსგავსი სტატისტიკა არაფრით გამოირჩევა სხვა სოფლების სტატისტიკისაგან, ანუ ისეთი ადგილებისაგან, სადაც არანაირი საფრთხე არ არის. რაღა თქმა უნდა, დარიშხანი არ არის სასარგებლო და სიცოცხლეს არ ახანგრძლივებს, ის „ბორჯომივით" არ არის, მაგრამ ეს არის უფრო მეტად ფსიქოლოგიური ზეგავლენის გამო. რადგან იცი, რომ სადღაც ახლოს დარიშხანია".

სამინისტროს წარმომადგენელი,  ნარჩენების სპეციალისტი ალექსანდრე ჩანქსელიანი კი "ლიბერალთან" საუბარში აცხადებს: „გვირჩევნია, დაფინანსება ვიშოვოთ და პირდაპირ სოფლების გაუვნებელყოფას შევუდგეთ, ვიდრე ხალხს ვუთხრათ, რომ შესაძლოა, იწამლებოდნენ. ეს ცუდ შედეგს გამოიწვევს. ტურიზმის ზონაა რაჭაში, შეიძლება, ამან უკუპროცესებიც გამოიწვიოს".

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში დაგროვებული სამრეწველო ნარჩენების ინვენტარიზაცია პირველად 2003 წელს ჩატარდა. სწორედ მაშინ გამოვლინდა, რომ ქვეყანაში 908 ათასი ტონა სახიფათო სამრეწველო ნარჩენი გვაქვს. ძირითადად, ეს ნივთიერებები ნავთობპროდუქტებისა და ქიმიური წარმოების შედეგად დარჩა. "თუმცა, ფრიად შემაშფოთებელია რაჭის და სვანეთის სოფლებში,  ურავსა და ცანაში" საბჭოთა პერიოდში განთავსებული დარიშხანის კონცენტრატის საწარმოებში დაგროვილი 100 ათას ტონამდე დარიშხანის შემცველი ნარჩენი", - წერია "საქართველოს ქიმიურ პროფილში".

მიუხედავად ამისა, არც სვანეთის და არც რაჭის საწარმოების ნარჩენებისგან გაწმენდა არასდროს მომხდარა. ალვერდ ჩანქსელიანის თქმით, საამისო სახსრები სამინისტროს არ ჰქონია. მისი თქმით, 2005 წელს რაჭაში ეუთოს წარმომადგენლები ჩავიდნენ და საკითხის შესწავლა დაიწყეს, თუმცა, სამი წლის შემდეგ პროცესი აგვისტოს ომის გამო შეფერხდა. მას შემდეგ, რაჭის  მავნე ნარჩენებისგან გასუფთავება უვადოდ გადაიდო.

"ლიბერალის" კორესპონდენტი სოფელ ურავსა და ლიხეთს "ბი ბი სი"-ს გადამღებ ჯგუფთან ერთად სტუმრობდა. ორივე სოფლის პოლიკლინიკაში გვითხრეს, რომ იქ კვლევის დროს აღებული ანალიზების პასუხები მიიღეს. ურაველმა ექთანმა ისიც იცოდა, რომ "ერთი-ორი ბავშვის სისხლში" დარიშხანის დიდი შემცველობა აღმოჩნდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ინტერვიუს ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენელი შეუერთდა, ექთანმა იგივე აღარ გაიმეორა.

ლიხეთელი ექთანი, ციცო რეხვიაშვილი კი, რომელიც ჩვენსა და მშობლების შეხვედრას ესწრებოდა, ირწმუნებოდა, რომ ბავშვები ხშირად არ ავადობენ. იმავეს იმეორებდნენ მშობლებიც. თუმცა, მოგვიანებით, ამავე სოფლის სკოლის დაწყებითი  კლასების მასწავლებელმა გაიხსენა, რომ ზამთარში ერთი კვირით სასწავლო პროცესიც კი შეაჩერეს ბავშვების ხშირი ავადმყოფობის გამო.

ქარხნის მიტოვებულ ტერიტორიაზე ყოფილი ინჟინერი, ნოდარ მელაშვილი გამოგვყვა. მან აგვიხსნა, რომ ქარხნის ერთ-ერთი სტრატეგიული ნაწილი სპეციალური აუზები იყო. „ამ აუზებში ილექებოდა გარეცხილი დარიშხანის ნარჩენები. ეს აუზები განსაკუთრებით გაჯერებულია მომწამვლელი ნივთიერებებით", - გვიხსნის მელაშვილი და გვაჩვენებს ბეტონით დაფარულ, ცარიელ აუზებს, რომლებშიც ტალახისმაგვარი, ბლანტი სითხე დგას. ახლა იმ აუზებთან ახალგაზრდა ბიჭი მუშაობს - აგურებს აგროვებს.

„როცა ლაბორატორიაში შევდიოდით, სპეციალურ ხალათს ვიცვამდით, გამოსვლისას კი ტანსაცმელს ვიცვლიდით. მკაცრი წესი იყო, ყველა, ვინც ქარხნიდან გამოვიდოდა, ჯერ ქარხნისავე ეზოში მოწყობილ აბაზანაში უნდა მიეღო შხაპი. თავიდან ჩემს თეთრ ხალათს ლაბორატორიაში ვტოვებდი ხოლმე, სადაც ყოველდღიურად მიწევდა მუშაობა. მოულოდნელად, ერთი თვის თავზე ვნახე, რომ ხალათის ქსოვილი დაშლილიყო. ახლა, წლების შემდეგ, გაფიქრებაც არ მინდა, რა შეიძლება, ჩემს ორგანიზმს სჭირდეს", -  გვიყვება მანიგა ბეშიძე, რომელიც ქარხანაში 23 წელს მუშაობდა.

ალვერდ ჩანქსელიანის თქმით, სახიფათო ნარჩენების გაუვნებელყოფისთვის მალე ჰოლანდიის მთავრობა საქართველოს 750.000 ლარს გამოუყოფს. თუმცა, სამინისტრო ამ თანხას რაჭის ქარხნის ნარჩენებისთვის ვერ დახარჯავს: „გაცილებით უარესი მდგომარეობა სვანეთში, სოფელ ცანაშია, სადაც ნარჩენები დამარხულიც კი არ არის და იქიდან გამომდინარე მოწამლული ნივთიერებები პირდაპირ ცხენისწყალში ჩაედინება. ეს უფრო საგანგაშოა და ამიტომაც, პირველად თანხებს იქ გადავრიცხავთ", - ამბობს ჩანქსელიანი, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ  დაფინანსებას რაჭის ქარხნის გასაწმენდადაც იშოვნიან, თუმცა ჯერ არ იციან, მომწამვლელი მემკვიდრეობის გაუვნებელყოფისთვის კონკრეტულად რა გზას აირჩევენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი ამბობს, რომ  ყველაზე სწრაფად ლუხუნის ხეობაში დაბინძურებული ადგილობრივი კერების მოსპობაზე უნდა იზრუნონ, რომ დარიშხანის გაფანტვა და გავრცელება აღიკვეთოს. ნიადაგის სათანადოდ გაწმენდიდან რამდენიმე წელიწადში კი, სპეციალისტების ვარაუდით, შესაძლოა, ჰაერისა და წყლის დაბინძურების პრობლემაც მოიხსნას.

მოქმედების დაწყებამდე კი კვლავაც დარჩება რისკი, მდინარე ლუხუნის გარდა, მალე ლუხუნის ხეობაში სასმელი წყალიც დაბინძურდეს. ახლა ონკანის წყალს დაბინძურებისგან წყალგაყვანილობის მილები იცავს, თუმცა გრუნტის წყლები დაუცველი რჩება. ურაველები კი სწორედ თავიანთი მჟავე წყლით ამაყობენ, რომელიც იქვე, სოფლის განაპირას ამოდის, ამბობენ, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოაო და სტუმრებსაც გულუხვად სთავაზობენ.

ვიდრე კვლევის ავტორები გრანტს მოიპოვებენ იმისათვის, რომ ლუხუნის ხეობაში ჯანსაღად ცხოვრების ინსტრუქცია მოსახლეებსაც გააცნონ, ხოლო  გარემოს დაცვის სამინისტრო დასუფთავების ხარჯებს იპოვის, გარემოს დამცელები ამბობენ, რომ კარგი იქნება, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მესერი მაინც დაამზადოს და ზედ ტრაფარეტი გამოაკრას: „ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე შესვლა სახიფათოა ჯანმრთელობისთვის".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^