Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ამჯერად ხუდონჰესი "ნამდვილად აშენდება"

10 ნოემბერი 2011

 

1979 წელს დაწყებული 'საბჭოთა ენერგეტიკული ოცნება' 2012 წლის აპრილში აღსრულდება _ საქართველო ხუდონჰესის მშენებლობას იწყებს. თუმცა, როგორ აისახება ჰესის მშენებლობა გარემოზე და ხაიშელებზე, ეს 30 წლის შემდეგაც უცნობია.

 

ხაიშის მუნიციპალიტეტის ორსართულიანი შენობის დერეფანში ერთი კვირაა  საარჩევნო ურნის მსგავსი ხის ყუთი დევს.

ყუთს 'წერილები და კომენტარები'აწერია. ხაიშელები აქ, საარჩევნო ბიულეტენების ნაცვლად, მათთვის ყველაზე საჭირბოროტო თემაზე საკუთარ მოსაზრებებს ათავსებენ.  ამბავი  ხუდონჰესს ეხება, პროექტს, რომელიც საქართველოს მთავარ ენერგეტიკულ სასწაულად უნდა იქცეს და ხაიშელების ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს.

ხაიშის მუნიციპალიტეტის შენობის დერეფანში პროექტის ერთ-ერთი ტექნიკური ხელმძღვანელი ვოვა გოქსაძე გვხვდება. ხუდონჰესზე მან ყველაფერი იცის. 30 წელია  მას შემდეგ, რაც ამ პროექტში პირველად ჩაერთო. მდინარე ენგურზე ჰესის მშენებლობის შესახებ პირველი საუბრები სწორედ კომუნისტების დროს დაიწყო.

ბატონი ვოვა საუბრის დასაწყისში 1989 წელს იხსენებს, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის პარალელურად,  ხუდონის პროექტზე მუშაობა შეწყდა: 'ეს კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იყო და არა ის, რომ მართლა არ უნდოდათ ხუდონი', _ ამბობს ის. ამჟამად იგი განახლებული ხუდონის პროექტში კომპანია Trans Electrica Limited-მ დაასაქმა.  _ 'მაშინ ხუდონი რომ აგვეშენებინა,  ენერგოკრიზისი აღარ გვექნებოდა'.

გამგეობის რწმუნებული, როენა ჭკადუა, ხალხს ელოდება. 2 საათზე ჰესის ინვესტორი მოსახლეობას უნდა შეხვდეს.

'მოსახლეობაში განწყობა სხვადასხვაგვარია. არის ხალხი, ვისაც აქედან წასვლა ვერ წარმოუდგენია.  აქამდე ინვესტორები მოდიოდნენ და მიდიოდნენ. ხალხი უკვე მიეჩვია ამას და უკვე ჩვეულებრივად უყურებს ამ ყველაფერს'.

ჭკადუა თავის ოთახში სეიფს აღებს, საიდანაც ფერადი ბუკლეტი და ორი თაბახის ფურცელი გამოაქვს. ეს ბუკლეტი ყველა ხაიშელს დაურიგდა იმისათვის, რომ ისინი  ინვესტორთან  შეხვედრაზე მისულიყვნენ.

თაბახის ფურცელზე წერია,  რომ ამ საჯარო შეხვედრაზე დასწრება 'უაღრესად მნიშვნელოვანია'.

უკვე ორის ნახევარია და მუნიციპალიტეტის შენობაში ხალხი თანდათან გროვდება.

შეკრებაზე 82 წლის ხაიშელი ქალბატონი მარო კახიანიც  მოვიდა. როგორც თვითონ ამბობს, 'თათბირზე დასასწრებად'.  ხუდონზე თავის აზრსაც თამამად გამოთქვამს.

'ხაიში არ უნდა დაიტბოროს. მეც და ჩემი მეზობლებიც დატბორვის წინააღმდეგი ვართ. აბა,  აყრა ვის უნდა?' _ ამბობს იგი.

ხაიშში 5-6 პატარა დასახლება შედის,  535 ოჯახით. თუმცა, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ზუსტად რამდენი ოჯახი და ადამიანი უნდა გადასახლდეს, ან სად უნდა იყოს მათი ახალი სახლი,  ჯერ არავინ იცის.

მუნიციპალიტეტის შენობის შიგნით, ქალბატონი როენას ოთახში  შეშის ღუმელს უკვე კომპანიის წარმომადგენლებიც შემოსხდომიან.  ინდოელი ინჟინერი, კომპანია - Trans Electrica Limited-ს ტექნიკური სამსახურის უფროსი ვიმალკუმარ შარმაც მათ შორისაა.

უკვე ხუთი თვეა, რაც ბატონი შარმა სვანეთში ჩამოვიდა და პროექტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

'მშენებლობის დაწყებას აპრილში ვგეგმავთ', _ მტკიცედ ამბობს შარმა, _ 'ტექნიკური ნაწილი დაზუსტებულია: კაშხალი 200 მეტრი უნდა იყოს, 528 ჰექტარი უნდა დაიტბოროს. სეისმური მდგრადობაც ავწიეთ _ ძველ პროექტში 8 ბალიან მიწისძვრას უძლებდა, ახალში _ 9-ბალიანს. სადარდებელი არაფერია', _ ამბობს შარმა.

30 წელია, ხაიშელებს ეუბნებიან, რომ როცა ჰესის მშენებლობა დაიწყება, მათი სახლი,  ეკლესია და საფლავების ნაწილი დაიტბორება, ამიტომ ხუდონჰესის ამბავი აქ ყველას ადარდებს.

702  მეგავატიანი ხუდონჰესი, ზემო სვანეთის სოფელ ხაიშში, მდინარე ენგურზე აშენდება. 1300 მეგავატიანი ენგურჰესის შემდეგ ის საქართველოში სიმძლავრით მეორე ელექტროსადგური იქნება და წლიურად 1.500 მილიონ  კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

ხუდონჰესის მშენებლობა  ნებართვის გაცემიდან 6 წელიწადში უნდა დასრულდეს. პროექტში 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადება იგეგმება. აქედან 600 მილიონი დოლარი კაშხლის მშენებლობას უნდა მოხმარდეს, 400 მილიონი კი მოსახლეობის განსახლებასა და სოციალურ მოთხოვნილებებს.

ხუდონჰესი ქვეყანაში სიმძლავრით მეორე ჰესი იქნება. საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ხუდონი მოგებას 2017 წლიდან მოიტანს. სადგურის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, ქვეყნიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება განხორციელდება.

ხაიშში შეკრება იწყება.  ყველა იმ  დარბაზში ინაცვლებს, სადაც ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებსა და ხალხს შორის მოლაპარაკება უნდა შედგეს.

დაახლოებით 20-25 კვადრატული მეტრი ოთახი სავსეა, ხალხი კარებთან შექუჩებულა.

კარის მოპირდაპირე კუთხეში მიკროფონთან  კომპანიის წარმომადგენლები სხედან.  შეხვედრას ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების სკოპინგ დოკუმენტის ავტორი, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების  ქსელის (CENN) წარმომადგენლებიც ესწრებიან.

უკვე ორი საათი სრულდება.

'ძალიან მინდოდა სვანურად მოგსალმებოდით, მაგრამ ვერ მოვახერხე', _  კომპანია Trans Electrica Limited -ს დირექტორი პაატა წერეთელი. იგი იმაზეც წუხს, რომ შეხვედრას სოფლის მღვდელი, მამა გიორგი არ ესწრება.  მერე კი შეკრებილ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას ესალმება.

'რამდენი ხანია გვესმის, აშენდება-არაშენდება, აშენდება-არაშენდება. თქვენ ბრძანეთ, რომ მშენებლობა გადაწყვეტილია. აგერ თქვენი ბროშურა მაქვს, სადაც წერია, რომ  2012 წლის პირველ კვარტალში  სამშენებლო სამუშაოები დაიწყება, _ ამბობს  ახალგაზრდა ხაიშელი კაცი. 'გვითხარით პირდაპირ, გადაწყვეტილია თუ არა ხუდონჰესის განახლება და მისი სრულყოფა-დამთავრება?!'

სკოპინგის შეხვედრის იდეა  გადაწყვეტილების პროცესში ხალხის ჩართვაა.

თუმცა, როგორც ამ შეხვედრაზე ირკვევა, მთავარი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

მზადაა პროქტის ტექნიკურ-ეკონომიკური ნაწილიც.

პაატა წერეთელი აზუსტებს, რომ ამჯერად ხუდონჰესი 'ნამდვილად აშენდება'.

'გაინტერესებთ, საბოლოოდ წერტილი დაესვა თუ არა ამ ხალხის, მაპატიეთ და, ჩემოდნებზე ცხოვრებას? _ დიახ, საბოლოოდ წერტილი დაესვა', _ ამბობს ის.

დარბაზში ხმაურია.  ხალხი ერთდროულად იწყებს აზრის გამოთქმას.

'უკაცრავად, ვინ გადაწყვიტა, რომ ეს პროექტი დაიწყება? მაგას კიდევ ბევრი კითხვის ნიშანი აქვს', _ კითხულობს აუდიტორიიდან ასოციაცია 'მწვანე ალტერნატივას' წარმომადგელი დავით ჭიპაშვილი.

'ხალხის აზრს არა აქვს მნიშვნელობა? ერთი ვერ გავიგე: გადაწყვეტილია თუ შესწავლის პროცესი მიდის?'_ აინტერესებს გოჩა ხორგუანს, მესტიის საკრებულოს წევრს.

'სიგრძე, სიგანე, სიმაღლე გადაწყვეტილია? ალტერნატივა არ არსებობს?  ჩვენ სვანები ვართ და რასაც კომუნისტები გვთავაზობდნენ, იმას არ მივიღებთ'.

კომპანიის დირექტორი, პაატა წერეთელი კითხვებზე  საპასუხოდ ემზადება.

'ესაა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური ნაწილის საუკეთესო ალტერნატივა.  ამის მიხედვით, ხაიში უნდა დაიტბოროს', _ აცხადებს წერეთელი.

ხაიშის გარდა კიდევ რამდენი სოფელი დაიტბორება, ზუსტად არ იცის.  ამისთვის, ჯერ ხუდონის ჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასება უნდა მოხდეს. არც ისაა ცნობილი, სად უნდა დასახლდნენ ხაიშელები.

ხაიშელებს კი ძირითადად სწორედ ეს კითხვები აქვთ.

'სპეციალურად არ ვიყენებ სიტყვა 'გადასახლებას,' _ განაგრძნობს პაატა წერეთელი _ 'დამიჯერეთ,  არავის უნდა თქვენი აქედან გადასახლება~ _ წერეთელს ხელში მიკროფონი უჭირავს, ხმა ეძაბება, _ 'გვინდა ერთი ენითა და ერთი აზრით ვისაუბროთ თქვენთან.  ჩვენი კომპანია მოვიდა თქვენთან გაწვდილი ხელით. არცერთ შემთხვევაში არ იფიქროთ, რომ ჩვენს შორის  რამე კონფრონტაცია მოხდება _ გამორიცხულია'.

'განსახლების გეგმა ამ წუთისთვის შემუშავებული არ არის. ამ ეტაპზე განსახლების ადგილის ან სხვა კონკრეტული ციფრის თქმას აზრი არ აქვს~, _ პასუხობს მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის წარმომადგენელი. განსახლების გეგმა ამ ორგანიზაციამ უნდა მოამზადოს.

'ჯერ სიზმარში ვართ და არ ვიცით, რა მოხდება'

'გასულელდება კაცი,'

'გაიგე, აპრილში ვიწყებთო...'

'მაინც არ მჯეროდა, რომ ეს დღე გათენდებოდა'

'ჩვენ რა ბედი გველის? სადაა ალტერნატიული ფართი, სადაც გადაგვასახლებენ? მე აქ დავიბადე, აქ გავიზარდე.  გთხოვთ, ამაში გამარკვიოთ', _ ისმის დარბაზიდან.

ინდურ-ბრიტანული კომპანია Trans Electrica Limited რომელიც   ხუდონ ჰესს ააშენებს,  ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული. მის ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ მისი მიზანი საქართველოში არსებული ჰიდროენერგორესურსების ათვისებაა.

ვებგვერდის განყოფილებაში Directors/Management კონკრეტული სახელები არ იძებნება. დაინტერესებულ ვიზიტორს ატყობინებენ: Coming soon (ინფორმაცია მალე იქნება) და სამი წერტილი.

კომპანიის დირექტორი პაატა წერეთელი ამბობს, რომ Trans Electrica Limited სპეციალურად  ხუდონის ასაშენებლად შეიქმნა.

ხაიშში, გამგეობის შენობაში შეკრებილ აუდიტორიასაც აინტერესებს, თუ ვინ დგას კომპანიის უკან და რა გამოცდილებით.

'არ მაქვს კომპეტენცია, რომ ამ კითხვაზე პასუხი გაგცეთ', _ პასუხობს მათ წერეთელი და აზუსტებს, რომ  კომპანიის აქციებს ქართული მხარე არ ფლობს.

ჯერჯერობით ინვესტორ კომპანიას არც პროექტის გარემოზე ზემოქმედების გავლენა შეუსწავლია. თუმცა, გარკვეული მონაცემები მესტიის კლიმატის ცვლილებაზე სხვა დოკუმენტებშია ასახული.

'კლიმატის ცვლილების პროექტი _ 2006 -ის თანახმად, საქართველოში 'ბოლო 15-20 წლის მანძილზე ჰაერის საშუალო ტემპერატურამ 1955-1970 წლების პერიოდთან შედარებით, 0,4  პროცენტით იმატა. დაახლოებით 8 პროცენტით მოიმატა ნალექთა წლიურმა ჯამებმაც. ნალექის მატებამ კი წყალმოვარდნები, მეწყერები, ღვარცოფები და მიწის ეროზია გამოიწვია'.

ასოციაცია 'მწვანე ალტერნატივას' შენიშვნებში საუბარია იმაზეც, რომ რეგიონული კლიმატის ცვლილებას გავლენა აქვს ადამიანების ჯანმრთელობაზე. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ლენტეხის რაიონში სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებათა ზრდა არ ჩამოუვარდება თბილისს. მკველვართა მოსაზრებით, ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს კლიმატის ცვლილებით, რადგან სწორედ სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ დაავადებათა რიცხვს განეკუთვნება.

შეხვედრა, რომელზეც ხაიშის დატბორვაზე და ხუდონჰესზე ლაპარაკობდნენ, თითქმის 3 საათს გაგრძელდა.  დარბაზი თანდათან დაიცალა.  ხაიშელები კარგა ხანს გამგეობის ეზოში იდგნენ და ერთმანეთში იხილავდნენ ამბავს, რომელიც 30 წელია იციან და რომლისაც ბოლომდე არავის სჯეროდა.

ოფიციალური სტატისტიკა, რამდენ ადამიანს უნდა გადასახლება და რამდენს _ არა, არ არსებობს. ეს ჰესის სოციალური ზემოქმედების ანგარიშში უნდა აისახოს.

'მშობლიური ადგილებიდან გადასახლება აბა, ვის უნდა?!  ჩვენ სახელმწიფოს ინტერსები გვესმის, მაგრამ ადამიანის უფლებებიც ხომ უნდა იყოს დაცული? წინათ ჰესის მშენებლობა რომ იყო, სასიცოცხლო მნიშვნელობის ხიდი მოგვისპო იმ ჰესმა და დავრჩით ჰაერში ჩამოკიდებულები', _ ამბობს 62 წლის ხაიშელი სკოლის მასწავლებელი თინა კვანჭიანი, _ სვანეთის მოსახლეობა ისედაც რთულ პირობებში ვცხოვრობთ. არ გვინდა, რომ ჩვენი ყოფა კიდევ უფრო გაგვირთულდეს.'

სახლის დატოვება არც ხაიშელ ნუნუ ჭკადუას სურს: 'არამარტო მე, ვინც ჩემს გარშემოა, ისინიც წინააღმდეგნი არიან.'

სხვები გადასახლების წინააღმდეგნი არ არიან, თუ შესაბამის კომპენსაციას შესთავაზებენ.

'მე პირადად, თანახმა ვარ წავიდე', _ ამბობს 47 წლის ნინა ჭკადუა.

მდინარე ენგურზე ხუდონის კაშხლის მშენებლობა 1986 წელს დაიწყო, თუმცა მოსალოდნელი ეკოლოგიური პრობლემების გამო, საპროტესტო აქციების მძლავრი ტალღის ფონზე, შეჩერდა. საქართველოს მთავრობამ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის განახლების გადაწყვეტილება 2005 წელს მიიღო. მას შემდეგ ხუდონჰესის მოსალოდნელ ზიანსა და სარგებელზე დისკუსიამ აქტუალობა შეიძინა არა მარტო სპეციალისტთა წრეებში, არამედ სამოქალაქო სექტორშიც. განსაკუთრებით აქტიურობენ გარემოსდამცველები. უახლოეს დღეებში _ კერძოდ, 11 ნოემბერს _ ხუდონჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები და მხარდამჭერები თავიანთ მოსაზრებებს შეაჯერებენ შეხვედრაზე, რომელზეც ხუდონჰესის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების წინასწარი ანგარიშის განხილვა გაიმართება.  გარემოსდამცველების ერთი ნაწილი _ მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაცია 'მწვანე ალტერნატივა' _ სვანეთის მიკროკლიმატის შეცვლის საფრთხესთან ერთად,  საგანგებოდ  გამოყოფს ხაიშის მოსახლეობის მდგომარეობას.

გზად თბილისისკენ, ნახევრადაშენებული და შუა გზაზე მიტოვებული ხუდონის პროექტის ძველი კონსტრუქციები ჩანს.  მდინარე ენგური, რომლის ენერგეტიკული პოტენციალის გამოყენება საქართველოს მთავრობას სურს, ბეტონის კონსტრუქციასთან ჩაედინება და თეთრად ქაფდება.

'აქ უნდა აშენდეს ახალი კაშხალი', _ გვითითებს ჭიჭიკო ჯანელიძე. ბატონი ჭიჭიკო გეოლოგია, ერთ-ერთი სპეციალისტი, რომელმაც ხუდონის ჰესის გარემოზე ზემოქმედება უნდა შეისწავლოს.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
18 თებერვალი
18 თებერვალი

დიქტატურის სიტკბო სიმწარისა

წარმოგიდგენთ რეცენზიას წიგნისა „დიქტატურის გემო"
11 თებერვალი
11 თებერვალი

თანამედროვე ეპოქის ურჩხულები

მიუხედავად იმისა, რომ ეს სქელტანიანი წიგნი, „დიქტატურის გემო“, კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ეპოქასა და დ ...

მეტი

^