Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სისხლიანი მოზაიკა ISIS-ის გარშემო

21 ოქტომბერი 2015

„ისლამური სახელმწიფოს" გარშემო განვითარებული მოვლენები ქართული მედიის დიდი ნაწილის ყურადღებას მხოლოდ განსაკუთრებული ძალადობის ამსახველი ვიზუალური გამოსახულებებით თუ იქცევს. მთლიანი სურათის აღქმას კი გაცილებით დიდი ინფორმაცია სჭირდება.

ინტერვიუ საქართველოს გენერალური შტაბის პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავასთან

წარმოშობა...

ეს არის პრობლემა, რომელიც გუშინ და დღეს არ დაწყებულა, ღრმა საფუძველი აქვს და მცირე შესავლის გაკეთება მოგვიწევს.

2014 წლის ივნისში ტერორისტთა საკმაოდ მცირერიცხოვანი, მაგრამ კარგად შეიარაღებული ჯგუფი სირიიდან ერაყში გადადის. იწყებენ ე.წ. გამათავისუფლებელ ბრძოლას. იკავებენ სოფლებს, რაიონებს, ქალაქებს. ერაყული ჯარი იშლება და უტოვებს მათ ტანკებს, ჯავშანტექნიკას, მანქანებს, დიდძალ ფულს. უკვე 29 ივნისს ცხადდება ე.წ. ისლამური სახელმწიფო _ სათავეში ხალიფა _ აბუ   ბაქრ ალ ბაღდადი (Abu Bakr Al -Baghdadi).

მოვლენები ელვისებურად განვითარდა. პრაქტიკულად, ერაყულმა სახელმწიფომ ტერიტორიის ორი მესამედი დაკარგა და ISIS-ის მებრძოლები ბაღდადის მისადგომებთან განლაგდნენ.

არ მგონია, ეს პროცესები ვინმესთვის მოსალოდნელი ყოფილიყო, მაგრამ განვიხილოთ, თუ რამ  დაუდო ამ მოვლენებს საფუძველი:

არაბული გაზაფხული დაიწყო ტუნისიდან, პროცესებს ბიძგი მისცა ერთ-ერთი მოქალაქის თვითმკვლელობამ, რომელმაც პოლიციის ზეწოლას ვერ გაუძლო  და თავი დაიწვა. ამ ფაქტმა დომინოს პრინციპით გამოიწვია საპროტესტო ტალღა და ტუნისიდან ერაყამდე რეჟიმების შეცვლის პროცესი დაიწყო.

არაბული გაზაფხული სირიაში სახეცვლილი ფორმით განვითარდა. 2010 წელს გამოსვლები პოლიტიკური მოთხოვნებით დაიწყო. დემონსტრანტები სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადისგან (Bashar Al Assad) გარკვეულ პოლიტიკურ რეფორმებს, დათმობებს მოითხოვდნენ.

ასადის რეჟიმი  დემონსტრანტების გამოსვლებს ფიზიკურად, რეპრესიებით დაუპირისპირდა, რამაც დანარჩენი მოსახლეობის რადიკალიზაცია გამოიწვია. მათ ხელში იარაღი აიღეს. პროცესი უმართავი გახდა, დაიწყო სამოქალაქო დაპირისპირება.

სირიაში ხელისუფლების სათავეში ბოლო 40 წლის განმავლობაში პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში ალავიტური სექტის წარმომადგენლები იყვნენ. ჰაფეს ალ ასადის (Hapez Al Assad) სიკვდილის შემდეგ, 2000 წელს სირიის პრეზიდენტის თანამდებობა მისმა შვილმა, პროფესიით ოფთალმოლოგმა  ბაშარმა დაიკავა, ალავიტები სირიის მოსახლეობის მხოლოდ 13%-ს შეადგენენ. 74% _ სუნიტები, დანარჩენები კი ქრისტიანები და სხვა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები არიან.

პოლიტიკური ან სამხედრო თანამდებობისთვის რომ მიგეღწია, აუცილებლად ალავიტური სექტის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყავი. ალავიტები  შიიზმის  ერთ-ერთ განშტოებას წარმოადგენენ (მეთორმეტიანელები).

პარალელურად სირიაში ერთმანეთს სხვა მეამბოხეთა შეიარაღებული ჯგუფები უპირისპირდებიან.  ისინი იშლებიან რამდენიმე ფრაქციად. იქმნება სუნიტი მებრძოლებით დაკომპლექტებული  „თავისუფალი სირიის არმია“. ეს დაჯგუფება პროდასავლურია და მას მხარს უჭერს კოალიცია, რომელსაც სათავეში უდგას შეერთებული შტატები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ოპოზიციური ძალა  _ თავისუფალი სირიის არმიაა (Free Syrian Army). ის დაკომპლექტებულია ყოფილი სამხედროებით.

სხვა ძირითადი ოპოზიციური ძალებია: „ალ ნუსრას ფრონტი“ (Al Nusra Front), რომელიც, პრაქტიკულად, ტერორისტული ორგანიზაცია „ალ  ქაიდას“  (Al Qaeda) განშტოებაა და  „ისლამური ფრონტი“ (არ უნდა გავაიგივოთ ISIS - თან). დღესდღეობით სირია, როგორც ერთიანი სახელმწიფო, აღარ არსებობს.

ამ დაპირისპირებებში იშვა ISIS.

ISIS შეიქმნა 2003 წელს, ერაყში. ფაქტობრივად, ეს იყო „ალ ქაიდას“ ტერორისტული ორგანიზაციის განშტოება. ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყების შემდეგ ალ ბაღდადმა სირიაში გაგზავნა თავისი „მარჯვენა ხელი“ აბუ მუჰამად ალ გოლანი (Abu Mohamad Al Golani), რომ  იქაც ჩამოეყალიბებინა „ალ ქაიდას“ ორგანიზაცია. ასე შეიქმნა „ალ ნუსრას“ ფრონტი, თუმცა, როცა ბაღდადმა ამ ორი ორგანიზაციის სირიასა და ერაყში ერთ ძლიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გაერთიანება დააპირა,  ალ გოლანისგან უარი მიიღო. დაპირისპირება მათ შორის, ძირითადად, თეოლოგიური საკითხის გამო ხდება _ რამდენად მზად არის უმმა (მსოფლიო მაჰმადიანობა), რომ აღდგეს ხალიფატის ინსტიტუტი. უარის  შემდეგ ალ ბაღდადმა თავისი ყველა მომხრე სირიიდან ერაყში გადაიყვანა, ჩამოაყალიბა ISIS და თავი გამოაცხადა ხალიფად.

2014 წელს ISIS-ის 800-მდე მებრძოლი  გადადის ერაყში. მომენტი ბრწყინვალედ შეირჩა. 2003 წლის შემდეგ, როდესაც შეერთებულმა შტატებმა ერაყში სადამ ჰუსეინის  რეჟიმი შეცვალა, მმართველი თანამდებობები ხელში შიიტმა უმცირესობამ  ჩაიგდო. მოხდა სუნიტების სრული მარგინალიზაცია. ამ დროს გაჩნდა ორგანიზაცია, რომელიც მზად იყო, ბრძოლით მისულიყო ბაღდადამდე და დაეცვა სუნიტების ინტერესები. მან გაილაშქრა მმართველი შიიტების კასტის წინააღმდეგ და,  რა თქმა უნდა,  სუნიტმა მოსახლეობამ მხარი დაუჭირა.

„ისლამური სახელმწიფოიმდენად მასშტაბურ საომარ ოპერაციებს აწარმოებს, რომ თვალნათლივ  ჩანს, უზარმაზარი დაფინანსება ესაჭიროებათ. რა არის მათი წყაროები?

პენტაგონმა გამოაცხადა, რომ ISIS ყველაზე კარგად შეიარაღებული და მდიდარი ტერორისტული ორგანიზაციაა.

ის გამდიდრების რამდენიმე გზას იყენებს. მაგალითად ქალაქ მოსულის აღების შემდეგ მათ ხელთ  ჩაუვარდათ თანხა მილიარდ დოლარამდე. ისე ელვისებურად დაიკავეს ქალაქი, რომ ბანკიდან ფულის გატანა ვერ მოასწრეს.

მათი შეიარაღება შედგება, ძირითადად, ერაყული არმიის მიერ მიტოვებული ტექნიკისგან, რომელიც თავის დროზე ერაყელებს  შეერთებულმა შტატებმა გადასცა _ აბრამსები, ჰამერები... არ დაგვავიწყდეს, რომ  ISIS-ს ჰყავს ძალიან ძლიერი მხარდამჭერებიც _ საუდის არაბეთში, ყატარში. ამ ქვეყნების მმართველი ელიტები ერაყსა და სირიაში სამოქალაქო ომს აღიქვამენ,  როგორც საუკუნოვანი დაპირისპირების გაგრძელებას სუნიტებსა და შიიტებს შორის. ამ ბოლო დროს სამოქალაქო დაპირისპირება რელიგიური ომის ხასიათს იღებს. ISIS-ის მებრძოლთა ძირითად იდეოლოგიას წარმოადგენს ე.წ. სალაფიზმი, ანუ ყურანის პირდაპირი წაკითხვა, არ არის დაშვებული  წმინდა წიგნის არანაირი ინტერპრეტაცია.  

დაფინანსების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს _ შავი არქეოლოგია, ანუ იმ უნიკალური ანტიკური არტეფაქტების გაყიდვა, რომელიც ხელში ჩაიგდო ისის-მა ერაყისა და სირიის მუზეუმებიდან.

რეკრუტირების ბრწყინვალედ გამართული სისტემა... როგორ შეიძლება ასე ორგანიზებულად მიიზიდო  ადამიანები არცთუ ისე მომხიბვლელ საქმეში, ძალადობრივ  ომში  ჩასართავად?

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უინსტონ ჩერჩილმა თქვა, რომ მომავლის იმპერიები არა ტერიტორიების, არამედ აზროვნების იმპერიები იქნება, ISIS-იც აზროვნების იმპერიაა. ამ სახელმწიფოსთვის არ არის  მნიშვნელოვანი, სად გადის სახელმწიფო საზღვარი. ის იბრძვის უმმის გაერთიანებისთვის, რათა დააყენოს იმ გზაზე, რომელიც ISIS-იდეოლოგიით,  არის ერთადერთი მართალი და სწორი გზა. როდესაც მოხალისეები ერაყსა და სირიაში ინდონეზიიდან და ფილიპინებიდან ჩადიან იმისათვის, რომ მიიღონ მონაწილეობა ე.წ. გამათავისუფლებელ ომში, დამაფიქრებელია. „მუსლიმთა ამ ინტერნაციონალში“ იბრძვიან გერმანიის, ინგლისის, საფრანგეთის მოქალაქეები. ეს არის უზარმაზარი მიქსი.

ISIS ბრწყინვალედ იყენებს სოციალურ ქსელებს, იზიდავს ახალგაზრდებს დასავლეთის განვითარებული ქვეყნებიდან. მათ დიდ ნაწილს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები ნაკლებად აწუხებს, მაგრამ ისინი ვერ იქცნენ დასავლეთის ნაწილად. მაგალითისთვის, როდესაც  შენ ხარ მეორე თაობის ფრანგი, საფრანგეთის მოქალაქე, თავისუფლად ფლობ ფრანგულს, მაგრამ ფრანგული კულტურა და ტრადიციები შენთვის მაინც უცხოა, თავს გარიყულად გრძნობ, ეძებ შენს თავს, შენს ფესვებს, ამ ვაკუუმს კი ფუნდამენტალისტური იდეოლოგია ავსებს. იგივე ხდება ევროპის სხვა ქვეყნებში.

ISIS მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოებს უპირიპირდება, თუმცა მაინც წინ მიიწევს. როგორც პროფესიონალ სამხედროს გეკითხებითრა არის Iსის-ის სამხედრო წარმატების საიდუმლო?

პირველი _ მორალური მდგომარეობა. მისი მეომრები მზად არიან სიკვდილისთვის.  მათთვის უკანდასახევი გზა არ არსებობს. ISIS-მა ასეთი წინაპირობა შექმნა. ადამიანების ცოცხლად დაწვა, თავის მოკვეთა, ძალადობის არნახული, შუასაუკუნოებრივი ფორმები... აქედან უკან ვერ დაიხევ.

მეორე _ ისინი იბრძვიან მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების არაკონვენციური საშუალებებით, ან სარგებლობენ მოსახლეობის სრული მხარდაჭერით, ან ამ მხარდაჭერას იღებენ ძალადობით. სუნიტი მოსახლეობა მათში გამათავისუფლებელს ხედავს. ქრისტიანებს, იეზიდებსა და სხვა უმცირესობებს სალაფიტები აიძულებენ, რჯული შეიცვალონ, ან წავიდნენ წინაპართა მიწებიდან. ამ ყველაფერს ტერორიზმით აღწევენ. სხვები იძულებულნი ხდებიან, დაეხმარონ. დაკავებულ ტერიტორიებზე ისინი ავრცელებენ შარიათის კანონებს და ყველას, ვინც მათ ეწინააღმდეგება, უმოწყალოდ უსწორდებიან.

მესამე _ ISIS მოქმედებს  პატარ-პატარა, დეცენტრალიზებულ ჯგუფებად. ისინი გადაადგილდებიან მცირერიცხოვანი ქვედანაყოფებით და სხვადასხვა მხრიდან მიაქვთ იერიში სამთავრობო ჯარებზე. როგორც წესი, ბრძოლა იწყება ფრონტალური შეტევით, შემდგომ შემტევი ჯგუფები სწრაფად იხევენ უკან, დანარჩენი ქვედანაყოფები კი ზურგსა და ფლანგებზე იწყებენ დარტყმას და ქმნიან წარმოდგენას, რომ შეტევა ხდება ყველა მიმართულებით და დიდი ძალებით. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის სექტემბრიდან  კოალიციური ძალები აშშ-ის ხელმძღვანელობით აწარმოებს საჰაერო კამპანიას ISIS-ის პოზიციებზე, ჯერჯერობით, ეს სტრატეგია ნაკლებად ეფექტიანია, რადგან ერაყული ჯარი, რომელიც სახმელეთო ოპერაციებს წარმართავს, მაღალი ბრძოლისუნარიანობით არ გამოირჩევა. ერაყში ბრძოლებში მონაწილეობს  ირანული ისლამური რევოლუციის გუშაგთა სპეციალური ქვედანაყოფი _ კუდსი (QUDS). კუდსის მეომრები, ძირითადად, მრჩევლების როლში არიან, ერაყულ ჯარს ეხმარებიან ოპერაციის დაგეგმარებასა და სწორად შესრულებაში, ცეცხლის მართვასა და თანამედროვე კავშირგაბმულობის საშუალებების დაუფლებაში. სირიაში ასადის რეჟიმს ეხმარებიან ლიბანიდან გადასული შიიტური ტერორისტული ორგანიზაციის  _ ჰეზბოლას მეომრები, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს ISIS-ის წინსვლის შეჩერებაში.

2014 წლის სექტემბრიდან ამუშავდა კოალიცია, რომელშიც 50-მდე ქვეყანა შედის. აქედან 10 აქტიურად მოქმედებს საკუთარი სპეცდანიშნულებისა თუ საავიაციო ძალებით. ნებისმიერი კოლონა, რომელიც სამ მანქანაზე მეტია, მყისვე სამიზნე ხდება და ერთ რამეს გეტყვით,  ამერიკულ საჰაერო ძალებს უკეთესია, არ დაუპირისპირდე. ესაა ძალა, რომელიც ნებისმიერ მოწინააღმდეგეს გაანადგურებს, მაგრამ მხოლოდ ჰაერიდან ომს ვერ მოიგებ. ქვეითად კი ერაყული ჯარი იბრძვის, რომელიც, როგორც ვთქვით, მაღალი ბრძოლისუნარიანობით არ გამოირჩევა.

რუსეთის როლი... რა არის ვლადიმერ პუტინის მოტივი, ასე ღიად ძლიერად  ჩაერთოს  სირიის  კონფლიქტში?

სირიას არაფერი აქვს, არც ნავთობი, არც  სხვა  ბუნებრივი  რესურსები. და რატომ მიმდინარეობს ბრძოლა სირიისთვის? რატომ ეხმარება პუტინი ბაშარ ასადს, რომელმაც სრული ლეგიტიმაცია დაკარგა მაშინ, როდესაც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა?

რუსეთს აქვს თავისი „პრაგმატული პოზიცია“  სირიასთან მიმართებაში, ის ამ ეტაპზე იცავს ასადს და აცხადებს მას ერთადერთ „ლეგიტიმურ“ პრეზიდენტად, მაგრამ ამავდროულად რუსები აძლევენ დასავლეთს სიგნალს, რომ მზად არიან, განიხილონ ასადის შეცვლის საკითხი. რუსეთი თავისი მონაწილეობის გააქტიურებით ცდილობს, გადაიტანოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება უკრაინიდან და გააძლიეროს თავისი პოზიციები ახლო აღმოსავლეთში. ამისათვის რუსები აპირებენ ავიაიერიშებს არა მარტო სირიის ტერიტორიაზე, არამედ ერაყშიც (ამ მიზნით შეიქმნა სპეციალური საინფორმაციო ცენტრი ბაღდადში, სადაც თანამშრომლობენ რუსი, ერაყელი, სირიელი და ირანელი სამხედროები). პუტინმა კიდევ ერთხელ აჩვენა დასავლეთს, რომ რუსეთის თანხმობის გარეშე შეუძლებელია გლობალური საკითხების გადაწყვეტა. მაგრამ რუსეთის ასეთი პოზიცია სირთულეებს ქმნის რიგ ქვეყნებთან: საუდის არაბეთთან, ყატარსა და მეზობელ თურქეთთან. ისინი დაინტერესებულები არიან ალ ასადის რეჟიმის, რაც შეიძლება, სწრაფად დამხობით, რუსული სამხედრო ოპერაციები კი მხოლოდ ხელს შეუწყობს სირიული ტრაგედიის გახანგრძლივებას. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, რომ რუსეთის პოზიცია სირიასთან მიმართებაში მცდარია და  მას მომავალი არ აქვს. შეუძლებელია, რომ ასადი გახდეს სირიის გამთლიანებისა და ერთიანობის სიმბოლო.

ჩვენ კარგად ვიცით, გვესმის, რომ პუტინი მსოფლიო არენაზე ე.წ. სტაბილურობის ან სტატუს კვოს დამცველია. მისთვის მიუღებელია რეჟიმის შეცვლის იდეა. ამას  თავის წინააღმდეგ მიმართულ მოვლენად აღიქვამს, არ სურს ამგვარი პრეცედენტების დაშვება. ლეგალური სტატუსის დამცველია და არა აქვს მისთვის მნიშვნელობა, ეს უკრაინა იქნება თუ სირია..

დასავლეთსა და რუსეთს შორის ნდობა არ არსებობს. ლიდერებს ერთმანეთის არ სჯერათ. პრეზიდენტი პუტინი, რომელსაც KГБ-ს სკოლა აქვს გავლილი, დასავლეთში მხოლოდ მტერს ხედავს. მისთვის სირიის დაკარგვა ნიშნავს მტრის გამარჯვებას, ჭადრაკის დაფაზე პაიკის დათმობას, რისი დაშვებაც არ უნდა. ეს მისთვის რუსული „დერჟავის“ შეურაცხყოფაა. ამიტომაც არ იხევს უკან ერთი ნაბიჯითაც კი.

არ იქნება გამართლებული, რომ ვთქვათ, თითქოს პუტინი ტარტუსისა და ლატაკიისთვის (სირიის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზებისთვის) იბრძვის, რომ როდესაც რუსული ფლოტი ხმელთაშუა ზღვაში იქნება, ზურგს სამხედრო ბაზები უმაგრებდეს. მხოლოდ ეს არ არის მიზეზი. მას სურს, ასადის დაცვით დაუპირისპირდეს ამერიკელებს. ჩვენ ვხედავთ, რომ მისი რეიტინგი იზრდება დასავლეთთან დაპირისპირების დროს. ამით პუტინი ქვეყნის შიგნით ძალაუფლებას ინარჩუნებს.

ამიტომაც ახლა 50-მდე რუსული თვითმფრინავი ასრულებს ოპერაციებს სირიის საჰაერო სივრცეში. მათ შორისაა: ექვსი სუ-34, თორმეტი სუ-24m. ოთხი სუ-30sm, თორმეტი სუ-25sm, ოთხი გამანადგურებელი, საფრონტო ბომბდამშენები და მოიერიშეები, რომელთა ამოცანაა, მხარი დაუჭირონ და დახმარება გაუწიონ ასადის ჯარს წინსვლაში, შეუქმნან „საჰაერო ქოლგა“.

აქ საკითხავია, ვის ბომბავს რუსეთი? მხოლოდ ISIS რ არის იქ მტერი. მისი მტერია ქურთისტანის როჰავას დაჯგუფება, სირიის თავისუფალი არმია, ნუსრას ფრონტი და კიდევ რამდენიმე პატარ-პატარა დაჯგუფება. რუსეთისთვის ასადის ყველა მტერი მისი მტერიცაა. არ მინდა, კონსპირაციების თეორიაში  გადავიჭრა, მაგრამ  ISIS-ის  ჩამოყალიბებაში თავად ასადმა შეასრულა მნიშვნელოვანი როლი. რატომ? პირველ ეტაპზე მას უპირისპირდებოდნენ სეკულარული ძალები, მან  კი ყველა რადიკალი ფუნდამენტალისტი გაუშვა ციხიდან და სალაფიტები გააძლიერა, ISIS უფრო გააფთრებულად ებრძვის თავისუფალი სირიის არმიას და სხვა პროდასავლურ დაჯგუფებებს, ვიდრე ასადის არმიას.

სირიაში მოქმედებს პრინციპი: _  ჩემი მტრის მტერი, ყოველთვის ჩემი მეგობარი არ არის.

პრეინტერვიუს დროს მითხარით, რომ საბოლოოდ ISIS განწირულია, რატომ ფიქრობთ ასე?

ისეთი ორგანიზაციები, როგორიც ISIS-ია, ყოველთვის განწირულნი არიან. სისხლით, შიშით, ტერორით ძალაუფლების დიდხანს შენარჩუნება შეუძლებელია. რაღაც მომენტში მიაღწევენ გამარჯვების პიკს და შემდეგ ამოწურავენ თავს. ISIS, ადრე თუ გვიან, განადგურდება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მის ადგილს სხვა დაიკავებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^