მოდის თუ არა საქალაქო სასამართლოს 5 ნოემბერის განჩინება წინააღმდეგობაში კონსტიტუციის სულისკვეთებასთან?
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სულისკვეთება სამართლებრივი ტერმინი არაა. საკონსტიტუციოს მარტივი ფუნქცია აქვს. საკონსტიტუციო აჩერებს ნორმას, რომელსაც მას მიუტანენ მოსარჩელეები. ეს მსჯელობა აპრიორი არასწორია.
მაგრამ საქალაქო სასამართლოს განჩინება კი კონსტიტუციასთან ნამდვილად წინააღმდეგობაშია. განვმარტავ, რას ვგულისხმობ. ჩვენ გვყავს პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება და სასამართლო. სასამართლოს აქვს სამართალშეფარდების ფუნქცია, ანუ პარლამენტი წერს კანონს და სასამართლო ამ კანონს ვიღაცას შეუფარდებს. მაგრამ მოსამართლეს არ შეუძლია თვითონ შექმნას სამართალი. მას შეუძლია რაღაც შემთხვევებში განმარტოს ნორმა, ზოგჯერ ანალოგია გამოიყენოს, მაგრამ ახალ ნორმას ვერ შექმნის. შესაბამისად, ამგვარი აქტივიზმი (როცა მოსამართლე შედარებით კონსტიტუციურ სამართლებრივ სივრცეში ვიწროდ კანონში გაწერილ ნორმებს არ მიჰყვება, ამას აქტივიზმს ეძახიან) კონსტიტუციასთან შეუთავსებელია. მარტივად რომ ვთქვათ - ის ახორციელებს ფუნქციას, რომელიც მასთან შეუსაბამოა.
ამ განჩინებაში სად გამოჩნდა, რომ მოსამართლემ შეუსაბამო ფუნქცია შეითავსა?
შექმნა დროებითი მმართველის ინსტიტუტი და ამ ტიპის სამართალწარმოებაში ეს უკვე სამართალშემოქმედებაა. 271-ე მუხლი მოსამართლეს ეუბნება, რომ შენ შეგიძლია გამოიყენო გარკვეული ღონისძიებები, რათა გადაწყვეტილება აღსრულებადი იყოს. ამ შესაძლებლობის არსებობა სავსებით ლოგიკური და სწორია. ეს მუხლი არ აკონკრეტებს იმ საშუალებებს, რის გამოყენების უფლებაც აქვს მოსამართლეს, ის თავისუფალია, მაგრამ ეს თავისუფლება ზღვარდაუდებელი არაა.
როგორ უნდა გაავლოს ზღვარი ამ შემთხვევაში მოსამართლემ. ზღვრის დადებისას პირველ რიგში უნდა გაითვალისწინო ის ინსტიტუტი, რასთან მიმართებაშიც ამ ღონისძიებას იყენებ - ეს ჩვენს შემთხვევაში მედიაა.
როცა იყენებ დროებითი მმართველის ინსტიტუტს, პირველ რიგში უნდა გაარკვიო რამდენად შესაბამისობაში იქნება იგი გამოხატვის თავისუფლებასთან. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს რომ ჩახედოთ, მაგალითად ჩხრეკა/ამოღება მარტივი საგამოძიებო მოქმედებებია, რაც ყოველდღიურად ხდება და თქვენსა და ჩემს სახლში შეიძლება მოხდეს, თუ სახეზე იქნება დასაბუთებული ვარაუდი. მაგრამ მედიასაშუალებასთან მიმართებით განსაკუთრებული სტანდარტი არსებობს, იმიტომ რომ არსებობს შანსი, რომ ამ ქმედებას მოჰყვეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.
კონტექსტში, სადაც მედია ფიგურირებს და მედიასთან მიმართებით იყენებ იმგვარ შემზღუდველ ღონისძიებას, რომელიც არც კანონით გაქვს გათვალისწინებული, არც რაიმე რაციონალური საფუძველი გაქვს რომ გამოიყენო, აქ უკვე პრობლემა იქმნება. ეს რომ ყოფილიყო, ნებისმიერი სხვა რიგითი შპს, იქ ამგვარი პრობლემა არ დადგებოდა იმიტომ, რომ იქ მოსამართლეს 271-ე მუხლის გამოყენების უფრო მეტი საშუალება აქვს. აი აქ კი, როცა განსახილველი საკითხი გამოხატვის თავისუფლებაა, მოსამართლე ასეთი თავისუფალი ვეღარ იქნება. კონტექსტი ზღვარს უდებს ამ შემთხვევაში 271-ე მუხლს, იმიტომ რომ მედიასთან მიმართებით ისეთივე თავისუფალი ვერ იქნები, როგორც სხვა ნებისმიერ შპს-სთან.
იურისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ის რისკები, რომლის მოსახსნელადაც მოსამართლემ ეს ღონისძიება გამოიყენა, უკვე მოხსნილი იყო იმ ყადაღებით, რომელიც მან სარჩელის შეტანის მომენტში გამოიყენა. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?
მოსმართლეს ორი რისკი აქვს ინდენტიფიცირებული. ერთი არის ქონების ლიკვიდურობის შემცირებისა და, მეორე - სატელევიზიო ბადის ცვლილებისა. მეორე რისკს რომ შევხედოთ, სატელევიზიო ბადე, კონტენტი, აქ მოსამართლე ისეთ საკითხში ჩაერია, რომელშიც მას ჩარევის უფლება საერთოდ არ ჰქონდა.
მოსამართლე საუბრობს ძირითადად იმაზე, რომ ტელევიზიის საქმიანობა ძირითადად გადატანილი იქნება მხოლოდ და მხოლოდ არსებული დავის გარშემო საკითხების გაშუქებაზე, ეს უარყოფითად აისახება როგორც საწარმოს რეიტინგზე, ისე მის ფინანსურ საკითხებზე. საიდან იცის მოსამართლემ რომ ეს რეიტინგული არ იქნება? შეიძლება „რუსთავი 2“ ახლა უფრო რეიტინგულია, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს.
მეორე რისკს რაც შეეხება. მე იმ ყადაღების შინაარსს ზუსტად არ ვიცნობ. არ ვიცი ზუსტად რას ეხებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, მოსამართლეს 271-ე მუხლის საფუძველზე შეეძლო ქონების გასხვისება დამატებით შეეზღუდა განჩინებით, თუკი წინა ყადაღით ვერ ხდებოდა გარკვეული რისკების პრევენცია.
მოსარჩელე მხარემ ხელშეკრულებების უკან რიცხვით ჩასწორების საფრთხე ახსენა ....
ეს ხომ დღესაც შეიძლება, თუ არ ხდება ხელშეკრულებების აღრიცხვა, ადგება დირექტორი, დღეს დაწერს ხელშეკრულებას ვიღაცა შპს-თან, რომლითაც „რუსთავი2“ ვალდებული იქნება, გადაუხადოს 10 მილიონი ლარი და ამას თებერვლის თარიღით დადებს. და ეწერება რომ ხელშეკრულების თანხა გადახდილ უნდა იქნას 2016 წლის თებერვლამდე. ასეთი რაღაცა დღესაც შეიძლება. უძრავი ქონება ხომ არ არის, რომ საჯარო რეესტრში აღირიცხოს. ეს არის არაკეთილსინდისიერება, რომლისგან დაზღვევის 100%-იან გარანტიას სამოქალაქო სამართალი ვერასდროს ვერ გვაძლევს.
დროებითი მმართველის ინსტიტუტის შესახებ საქალაქო საპროცესო კოდექსში არაფერი წერია. როგორც იურისტები ამბობენ, მოსამართლემ, სავარაუდოდ, კანონის ანალოგია გამოიყენა და ეს ინსტიტუტი სხვა კანონიდან წამოიღო. ამაზე რას იტყვით?
ანალოგია არის შემთხვევა, როცა, მაგალითად, ქირავნობის ხელშეკრულებისთვის რაღაცა შემთხვევა წარმოიშვა და მასთან დაკავშირებით სამოქალაქო კოდექსში არ არის შესაბამისი რეგულაცია. მოსამართლე ჩახედავს ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომელიც ძალიან ჰგავს ნასყიდობის ხელშეკრულებას ან იჯარას, და იქ რა ნორმაც გამოიყენება იმას იყენებს ქირავნობასთან მიმართებით. საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული 271-ე მუხლი არის ფართო, მოსამართლე არსად არ ამბობს განჩინებაში, რომ ანალოგია გამოიყენა. მაგრამ თუ დავუშვებთ იმას, რომ მან ანალოგია გამოიყენა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ანალოგიის გამოყენებას აქვს ასეთი ოქროს წესი სამართლის თეორიაში, ეს ნიშნავს რომ ანალოგიას ვერ იყენებს სპეციფიკური ნორმების მიმართ.
მაგალითად ჩუქების ხელშეკრულებას აქვს სპეციფიკური წესი, თუკი, მაგალითად, დასაჩუქრებულმა გამოიჩინა უმადურობა, დამსაჩუქრებელს აქვს უფლება, რომ უკან მოთხოვოს საგანი. თუმცა იმავე ნორმას, მაგალითად, ნასყიდობის მიმართებით ვერ გამოიყენებს და ვერ იტყვის, მაგალითად, გამყიდველი, რომ მე ფასდაკლება გავუკეთე და ახლა უმადურობა გამოიჩინა და ამის გამო უკან ვიბრუნებ ნივთსო. ის რაც სპეციფიკურია კონკრეტული ჩუქების ხელშეკრულებისთვის, მას ვერ გამოიყენებ სხვა ხელშეკრულებების მიმართ. სპეციფიური ნორმის ანალოგია დაუშვებელია.
ეს ინსტიტუტიც (დროებითი მმართველის დანიშვნა) ამ შემთხვევაში ხომ არის რაღაც სპეციფიკური, რომელსაც შესაბამისი კრიტერიუმები აქვს და კონკრეტულ სიტუაციებში გამოიყენება. თუ ანალოგიის პოზიციიდან შევხედავთ, სხვა სამართლებრივ ურთიერთობებში მას ვერ გამოვიყენებთ უპირობოდ.
რა ბედი შეიძლება ეწიოს სააპელაციოში ამ განჩინებას?
მიუხედავად იმისა, რომ, ჩემი აზრით, ეს უკანონო გადაწყვეტილებაა, ამის გამო ურთმელიძის პასუხისგებაში მიცემა არასწორი იქნება. ურთმელიძეს სამომავლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ერთი რამის გამო შეიძლება დაეკისროს პასუხსიმგებლობა. მან ამ განჩინებით „რუსთავი 2-ის“ (როგორც შპს) მხარე სამართლებრივი დაცვის გარეშე დატოვა. დანარჩენ 6 მოპასუხეს კი შეუძლია გასაჩივრება, მაგრამ „რუსთავი 2“ (როგორც ცალკე მოპასუხე, სამართლის სუბიექტი, შპს) ამ უფლების გარეშეა, რადგან მოსამართლემ, რეალურად შეცვალა შპს-ს დირექტორი, გაუუქმა მას უფლებამოსილება, დანიშნა დროებითი მმართველი და მისცა მას უფლება გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება მისი დროებითი მმართველად დანიშვნის შესახებ.
ახლა რა შანსები აქვს, ამ განჩინების სააპელაციოში გასაჩივრებას?
პირველი არგუმენტი რატომაც უნდა გაუქმდეს განჩინება, არის მოსამართლის მიერ გამოყენებული არასწორი სამართლის მეთოდები. არსებობს სპეციფიკური წესები, რომლის მეშვეობითაც შედარებითი სამართლის ნორმებს იყენებ. საქალაქო სასამართლოს მოსამართლის დასაბუთება ამ მიმართებით აბსურდულია და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ მოსამართლის ძლიერი მხარე შედარებითი სამართლის მეთოდების გამოყენება არ არის. იგი არ მსჯელობს რატომაა მის მიერ განჩინებაში მოხმობილი სხვადასხვა ქვეყნის ნორმები რელევანტური საქართველოსთვის. განჩინებაში ციტირებულია კოლორადოს სამოქალაქო პროცესი, მაგრამ რატომ მაინცდამაინც კოლორადო, რატომ შტატი ნიუ-იორკი, იქნებ მათ სრულიად განსხვავებული სისტემები აქვთ. ანუ თვითონ მოსამართლეს როცა არგუმენტად მოაქვს კოლორადო, ისიც უნდა თქვას, ამ შემთხვევაში რატომ ეს შტატი და არა სხვა.
თანაც ეს დასაბუთება ძალიან ეკლექტურია. ზოგი ქვეყნიდან ციტირებულია კანონები (დაწერილი სამართალი), ზოგი ქვეყნიდან სასამართლო პრაქტიკა. ძალიან სასაცილოდ არის ციტირებული ონლაინლექსიკონები. ანუ იურიდიული ტექნიკისა და შედარებითი მეთოდების გამოყენების თვალსაზრისით, ამ გადაწყვეტილებაში არსებული დასაბუთება სრული ნონსენსია. ამ კუთხით, კრიტიკას ვერ უძლებს განჩინება და ეს არის, ჩემი აზრით, ერთ-ერთი თვითკმარი საფუძველი, რის გამოც ეს სააპელაციო სასამართლოში შეიძლება გაუქმდეს.
სააპელაციო გასაჩივრების მეორე საფუძველი შეიძლება იყოს თავად უფლებაშეზღუდვის ფაქტი. 271-ე მუხლში წერია, რომ გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად შეიძლება გამოიყენო სხვადასხვა ღონისძიება. ამ საქმეში, რაც მოსამართლემ რეალურად გამოიყენა, ეს არის უფლების ჩამორთმევა, მან გვარამია და დამენია თანამდებობიდან გადააყენა. მას თუ მაინცდამაინც უნდოდა რაღაც ღონისძიების გამოყენება, უფლებაშემზღუდველი და არა უფლება ჩამომრთმეველი ღონისძიება უნდა გამოეყენებინა. მაგალითად, როგორც დღეს გვაქვს კონტრასიგნაცია პრემიერის და პრეზიდენტის შემთხვევაში, როცა პრეზიდენტს რაღაც კომპეტენციის განხორციელება შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პრემიერი დაეთანხმება. შემოეყვანა ვიღაც მესამე პირი მოსამართლეს, რომელიც გვარამიას თანხმობას მისცემდა და დაამოწმებდა და იქნებოდა გამჭვირვალობის დამატებითი გარანტი, ანუ გვარამიას ხელმოწერის ქვეშ დაესმებოდა მისი ხელმოწერა. ეს არ იქნებოდა სანებართვო ღონისძიება. ეს იქნებოდა უბრალოდ გამჭვირვალობისთვის გამოყენებული ქმედება. მესამე პირს ეცოდინებოდა ყველაფერი, რასაც გვარამია ხელს მოაწერდა. ეს არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც ეს ღონისძიება უნდა გამოეყენებინა მოსამართლეს, მაგრამ ჰიპოტეტურად, დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტასთან შედარებით, ეს ნაკლებად შემზღუდველი ღონისძიება იქნებოდა.
მოსამართლისგან სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების საფრთხის შეფასება არის ერთ-ერთი საფუძველი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში უნდა გაუქმდეს. სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხე ვერ გახდება ღონისძიების გამოყენების საფუძველი.
ბოლო საფუძველი რატომაც გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, ეს არის დასაბუთებულობა. წეღან ორი საფუძველი ვახსენე, ეს არის სარედაქციო პოლიტიკის შეზღუდვის რისკი და, მეორე, ქონების გასხვისების რისკი. ორივე საკითხთან დაკავშირებით, მოსამართლე საუბრობს როგორც საყოველთაოდ ცნობილ ფაქტზე. მოსამართლეს ევალება მტკიცებულება წარმოადგინოს, მაგალითად, რით დასტურდება ის, რომ „რუსთავი 2“ შეიძლება გადაერთოს მხოლოდ დავაზე და ამან შეიძლება შეამციროს რეიტინგი და ლიკვიდურობა. არანაირი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.
დაბოლოს, ეს არის საყევარიშვილი და დვალი. საიდან ადგენს მოსამართლე, რომ ისინი მიუკერძოებლები არიან. თვითონვე დაარღვია ეს კრიტერიუმი მოსამართლემ. არანაირ მტკიცებულებას არ უთითებს მოსამართლე. და საერთოდაც გუშინწინ გაკეთებული განცხადება, სადაც საყევარიშვილი და დვალი აცხადებენ, რომ სანამ სააპელაციო განხილვა არ დამთავრდება, ისინი არ ჩაერევიან და არ მივლენ „რუსთავი 2-ში“ და არ განახორციელებენ უფლებამოსილებას. მარტო ეს განცხადება არის კარგი საფუძველი იმისა, რომ ეს ღონისძიება გაუქმდეს. ამ შემთხვევაში ისინი ადასტურებენ, რომ მყისიერი საფრთხე და რისკი არ არსებობს იმისა, რომ „რუსთავი 2-ში“ ვიღაცამ რაღაც დააშავოს, გააფუჭოს. თუ გამოდის, რომ დაახლოებით ერთი თვე შეუძლიათ მოიცადონ, რატომ გახდა ეს აუცილებელი 5 ნოემბერს იმის მოთხოვნა, რომ დირექტორს უფლებამოსილება შეწყვეტოდა და დროებითი მმართველი დანიშნულიყო.