Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი ურჩუხიშვილი: " ადრეული ქორწინება ეკონომიკური, ფიზიკური და მენტალური ძალადობის ფორმაა"

24 ნოემბერი 2015
ინტერვიუ გენდერული საკითხების მკვლევარ გიორგი ურჩუხიშვილთან

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკაშირებითქალთა მოძრაობამკამპანია დაიწყო. მისი მთავარი თემა ადრეული ქორწინებაავიცით როგორია სტატისტიკა - საქსტატის მონაცემებით მარტო გასულ წელს 16-დან 19 წლამდე თითქმის 4 000 ათასმა გოგონამ იქორწინა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით კი, 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე  საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა საბაზო საფეხურის დასრულებამდე 7 367-მა გოგონამ შეწყვიტა. რა არის ამის მიზეზი? რატომ ქორწინდებიან საქართველოში გოგონები ადრეულ ასაკში?

 

დაბადება, ქორწინება/განქორწინება და გარდაცვალება ადამიანის ცხოვრების საკვანძო მომენტებია. აქედან მხოლოდ ქორწინება/განქორწინებაა დამოკიდებული მის პირად არჩევანზე და შესაბამისად ის მტკივნეული და უამრავ პრობლემასთან დაკავშირებული ფენომენია. ადრეული, „ბავშვთა ქორწინების“[1] განსხვავებული მიზეზები არსებობს. პირველ რიგში უნდა გამოიყოს ეკონომიკური მიზეზები. გაჭირვებული ოჯახებისთვის გოგონები ხშირ შემთხვევაში ტვირთად და „ოჯახიდან წამსვლელ წევრებად“ განიხილებიან. ოჯახისთვის მათი შენახვა, განათლება, „კონტროლი“ გარკვეულ კაპიტალს მოითხოვს. ამიტომ ისინი ამჯობინებენ გოგოს ადრეულ ასაკში „გათხოვებას“[2], რადგან ასეთ შემთხვევაში მათი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები სიძის ოჯახზე გადავა. ზოგჯერ ამის მიზეზი ხდება ძალიან ცუდი პირობებიდან შედარებით უკეთეს პირობებში გადასვლა. ასეთ დროს არავინ ითვალისწინებს „ბავშვი პატარძლის“ სასიყვარულო განცდებს, პარტნიორის არჩევისა და განათლების სურვილს. ადგილი აქვს გაუცნობიერებელ თანხმობას.

არსებობს ნებაყოფლობითი „გათხოვების“ მაგალითებიც, როდესაც „ბავშვი პატარძალი“ გაურბის საკუთარ საცხოვრებელ პირობებს, სიღარიბეს, ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ ძალადობას ოჯახის წევრების მხრიდან და იმედი აქვს ახალ გარემოში, ქმართან „დაალაგებს“ ცხოვრებას. ასეთ შემთხვევაში „გათხოვება“ გადარჩენის სტრატეგიის სახეს იღებს. თუმცა უამრავი სხვა პრობლემა სდევს თან.

მეორე სერიოზული მიზეზია სექსუალობის კონტროლი. ბავშვთა ქორწინება ხდება იმიტომ, რომ  შესაძლებელი გახდეს გოგონების სექსუალობის გაკონტროლება, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება ოჯახის პატიოსნებასა და სტატუსს. ჩვენს რეალობაში ეს ძალიან ხშირია, განსაკუთრებით რაიონებში. როცა გოგონას ჰყავს შეყვარებული და ამის შესახებ საჯაროდ ცნობილია - საჯაროდ კავდება შეყვარებულთან თუნდაც მსუბუქი ალერსით - და/ან გოგონა, რომელიც ბევრ ბიჭს მოსწონს, არის ლაღი და სასიამოვნო, იცვამს კოპწიად, საზოგადოება, თემი და „პატრიარქატის ინსპექტორები“[3] იწყებენ შფოთვას, აღელვებთ გოგონას სექსუალობა და სილაღე და მყისიერ ცდილობენ მის გაკონტროლებას. ასეთ შემთხვევაში ოჯახი ან  თემი გოგონას „გათხოვეებას“ არჩევს. რადგან  მამა და მშობლიური ოჯახი ვეღარ აკონტროლებენ მის „ქარაფშუტობას“, ჯობია ქმარმა მიხედოს. შეიძლება ჩემი ეს ფრაზა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ  ჩვენს რეალობაში  ქმრების, მამების, ძმების და მამრი შეყვარებულების,  ანუ ზოგადად კაცების  პრესტიჟი და მამაკაცურობა ქალის ფეხებს შორისაა მოქცეული. თუ  მამაკაცები ამ ტერიტორიაზე განახორციელებენ დომინაციასა და კონტროლს, მაშინ მათი კაცობაც  ავტომატურად შეინარჩუნებს პრესტიჟულობას და კულტურაში გაიდეალურებული ჰეგემონური მამაკაცურობის ტიპს. არ გახდება დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტი. ამიტომ მამები ხშირად გადააბარებენ ხოლმე კონტროლს სიძეს, რომელიც იმ კონკრეტული მომენტისთვის თითქოს უკეთ აკონტროლებს გოგონას სექსუალობას. და მამებიც და ქმრებიც „მშვიდად“ აგრძელებენ ცხოვრებას - „კაცებად“ რჩებიან. 

მესამე და ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს ჩვევები და ტრადიციები წარმოადგენს. მაგალითად, რაიონებსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიაზე გაბატონებულია  მოსაზრება, რომ ქალის საქმე სწავლა და განათლება არ არის და უმჯობესია მისი საოჯახო საქმეებისათვის მომზადება. ეს საინტერესოა. საოჯახო საქმიანობებისათვის გოგონებიც უნდა მომზადდნენ და ბიჭებიც. მაგრამ, როდესაც ეს ქორწინებას უკავშირდება, პრობლემის სახეს იძენს. ვინაიდან ოჯახის შექმნის შედეგი ხშირად განათლებაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ხდება. გარდა ამისა, ჩვევები და ტრადიციები აზარალებს არა მხოლოდ მდედრობითი სქესის „ბავშვ მეუღლეებს“, არამედ მამრობითი სქესის „ბავშვ მეუღლეებსაც“. ძალიან პატარა ასაკში ოჯახის შექმნა ნიშნავს, რომ „ბავშვი სიძის“ ქცევა უნდა შეესაბამებოდეს იმ მოლოდინებს, რომელიც საზოგადოებას ქმარზე აქვს. ისიც ამ პატრიარქალური წნეხის მსხვერპლია. მან უნდა იშოვოს ფული, შეინახოს ოჯახი. მაგრამ როგორ? ვერ მოასწრო განათლების მიღება. არ აქვს სამუშაო გამოცდილება. ეს ყველაფერი ხშირად „ბავშვი ქმრების“ ფრუსტრაციას და მათში სოციალური აგრესიის წარმოქმნასაც უწყობს ხელს. შესაბამისად, ვხვდებით ასაკობრივი ოჯახური ძალადობის  ფენომენს.

გარდა ამისა, „ბავშვი ქმრები“ თავისდაუნებურად „ორმაგი სტანდარტით“ ცხოვრებას იწყებენ, რადგან, როგორც წესი, პატარა ასაკში თუ მოგყავს ცოლი, მოგყავს არა  კონკრეტული ადამიანი, რომელსაც აქვს იდეები, განთლება, სოციალური და პოლიტიკური ხედვები, რომელიც შენს ხედვებთან ახლოს დგას და ა.შ., არამედ ქორწინდები „სურვილზე“, ანუ მეუღლეს უყურებ როგორც მხოლოდ სექსუალურ ობიექტს. ხოლო ვინაიდან ჩვენთან „ქორწინებამდე სექსიც“ დომინაციასა და კონტროლს ექვემდებარება, „სურვილის“ დაკმაყოფილება ხდება ქორწინების მერე და სწორედ აქ ვაწყდებით კიდევ დამატებით პრობლემებს. პრობლემას, რომელსაც სახელად „სექსის შემდგომი“ განცდები ჰქვია. პატარა ასაკში სურვილი  ძალიან ცვალებადი  და გადატანითია, ამიტომ მეუღლესთან სექსის „მობეზრების“ შემდეგ პატარა ბიჭები იწყებენ ღალატს, ანუ ორმაგი სტანდარტით აგრძელებენ ცხოვრებას. ეს ჩვენს საზოგადოებაში მეინსტრიმული სტანდარტია. მთავარი აქცენტი ოჯახის შენარჩუნებაზეა გადატანილი. მთავარია, რომ ოჯახი არ დაინგრეს, შესაბამისად „ბავშვი ქმრებიც“ იწყებენ ამ თამაშს. ერთ მხარეს ღალატი და მეორე მხარეს „მტკიცე“ ოჯახი.

არსებობს კიდევ უცნაური ფენომენი - ქართული, დაკავშირებული ისევ პატიოსნებასა და სირცხვილთან, კონტროლთან და დომინაციასთან. ზოგჯერ ადრეული ქორწინებები იმიტომ ხდება, რომ ბიჭებს „ეცოდებათ“ გოგონები, რომელთანაც სექსი ჰქონდათ ან ეშინიათ ამ გოგოსთან დაკავშირებული სხვა მამრების. სექსი ხომ ჩვენთან დამცირებაა. შესაბამისად გოგონასთან დაწოლით კაცები ისევ სხვა კაცთა პრესტიჟს ვეჯახებით. ანუ ქალების ცხოვრება, ქალების სხეული და ზოგადად ქალურობა იმიტომ არსებობს, რომ კაცმა იგრძნოს ან ვერ იგრძნოს თავი მამაკაცად, კარგად, პრესტიჟულად.

 

მაგალითად, ევროპაში, ქვეყნებში, სადაც გვიან ქმნიან ოჯახებს აცნობირებენ იმ  პასუხისმგებლობას, ომელიც ოჯახის შექმნას მოჰყვება. ჩვენთან თითქოს ასეთი დამოკიდებულება ამ პასუხისმგებლობისადმი  არ არსებობსრატომ?

 

აქ ვაწყდებით ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას რასაც „დამოუკიდებლობა“ ჰქვია. დამოუკიდებლობა რომელიც შეიძლება იყოს მენტალური და ქცევითი. ქცევით დონეზე დამოუკიდებლობას ქართული საზოგადოების წევრები დიდი ხნის განმავლობაში ვერ აღწევენ. მაგალითად, აქ შეიძლება არსებობდეს 40 წლის ქალი ან კაცი, რომელიც არ არის დამოუკიდებელი. დამოკიდებულია მშობლებზე. მშობლებს თავადაც სურთ, რომ მისი შვილები მასზე იყვნენ დამოკიდებული, სიბერემდე. დამოკიდებულ ადამიანს კი შეუძლია არაინფორმირებული თანხმობის საფუძველზე განახორციელოს ქცევები, რომელიც მის ცხოვრებას დააზიანებს. გამოდის, რომ ყველა შემდეგი თაობა დამოკიდებულია დამოკიდებულ მშობლებზე. ვიღებთ შებოჭილობისა და დომინაციის უმაღლეს ხარისხს - დამოკიდებული დამოკიდებულზე.

მესმის, რომ დამოკიდებულება ჩნდება ეკონომიკური კეთილდღეობისას, მანამდე პატარა ხარ, ფინანსურად მშობლებზე მიჯაჭვული. ამიტომ მშობლები წყვეტენ, როდის მოიყვანო ცოლი ან როდის „გათხოვდე“ და შემდეგ უკვე მთელი ცხოვრება მათზე დამოკიდებული რჩები. ვინაიდან განათლების მიღება ვერ მოასწარი - არ გაქვს უნარები, ვერ საქმდები ან მათივე საქმიანობებში ერთვები, ანუ ვერ ვითარდები. ეს ეწინააღმდეგება ჩვენთან ფართოდ გავრცელებულ კონსტრუქტს: „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი ჯობდეს მამასა“.

მშობლებს უდიდესი როლი აქვთ.

დამოუკიდებლობა ჩნდება მშობლების დახმარებით, როდესაც  ისინი გეხმარებიან თავისუფალი არჩევნის ჩამოყალიბებაში, განთლების მიღებაში, კაპიტალის მოგროვებაში. მერე  შეგიძლია დამოუკიდებლად გადაწყვიტო, გინდა თუ არა ოჯახის შექმნა.  მაგრამ, როგორც წესი  მშობლები იქცევიან ისე, როგორც მათ მოექცნენ თავიანთი მშობლები. არსებული ქცევის მოდელი აქვთ კარგად ათვისებული და  თვლიან, რომ მათაც თავად უნდა გადაუწყვიტონ შვილებს მომავალი. ისე მოექცნენ როგორც მათ მოექცნენ თავის დროზე. მესმის. ყველა რევოლუციონერი ვერ იქნება. მათ ურჩევნიათ ფინანსურად ერთჯერადად დაეხმარონ შვილებს, „შვილ მეუღლეებს“ ვიდრე ხანგრძლივი ინვესტიცია ჩადონ მათ განათლებაში, მიაჩვიონ დამოუკიდებლობას, არჩევნის კეთებას, გადაწყვეტილების მიღებას.  

 

როგორ უნდა მოხდეს ამ ქცევის მოდელის ცვლილება - განათლებით, ცნობიერების ამაღლებით?

 

დღეს ინფორმაციის თავისუფლებაა, შესაბამისად, ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია როგორც ადგილობრივ რომანტიკულ ურთიერთობებზე, ისე ზოგადად,  სხვა ქვეყნების გამოცდილებებზე. თუმცა ასეთი განათლება არ არის სისტემური, ამიტომ ვერ მოაქვს შედეგი. კარგი იქნება, თუ სექსუალური განთლების კუთხით ნაბიჯები გადაიდგმება, მაგალითად, შეიქმნება სასწავლო კურიკულუმები, სადაც სექსუალური განათლების საკითხები იქნება გათვალისწინებული, ან დაიწყება პედაგოგების გადამზადება, რადგან პედაგოგები მშობლებთან ერთად სოციალიზაციის უმთავრესი აგენტები არიან. ამიტომ ერთადერთი რაც შეიძლება გაკეთდეს, ეს არის „ენის“ და შესაბამისად „ცოდნის“ ცვლილება. განთლების ენის ცვლილება. მნიშვნელოვანია შეიქმნას სახელმძღვანელოები, ტექსტები, სიტუაციები სადაც ენა იქნება შეცვლილი. სადაც სექსი, ან რომანტიკული ურთიერთობები არ იქნება დაკავშირებული სირცხვილთან, დანაშაულთან, კონტროლთან და დასჯასთან, თავისუფლების შეზღუდვასთან.

 

ვახსენეთ, რომ ხშირად არასრულწლოვანი გოგონები თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ, მშობლების სურვილით ქორწინდებიან, რაც მათ უფლებებს მრავალმხრივ არღვევს. მათ ეზღუდებათ განათლების უფლება, პიროვნული განვითარების შესაძლებლობა, არჩევნის უფლება. გარდა ამისა, სხვადასხვა კვლევების თანახმად, ისინი  გენდერული დისკრიმინაციის, სექსუალური ძალადობის და ოჯახში ძალადობის რისკის ქვეშ დგანანშეგვიძლა განვიხილოთ თუ არა ადრეული ქორწინება როგორც ძალადობის ერთ-ერთი ფორმა?

 

რა თქმა უნდა, ეს არის როგორც ეკონომიკური, ასევე ფიზიკური და მენტალური ძალადობის ფორმა. როგორც უკვე ვთქვით, მოზარდს არ აქვს ინფორმირებული თანხმობის საშუალება. კიდევ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სექსის ლეგალიზაციის თემაა. ჩვენს პატრიარქალურ საზოგადოებაში ეს სირცხვილის და პატიოსნების ფენომენს უკავშირდება. გოგონებს და ბიჭებს ერთმანეთთან თავისუფალი სექსი არ აქვთ, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ადრეული ქორწინებაა გავრცელებული, რადგან მივდივართ სირცხვილის და პატიოსნების კონსტრუქტთან. იმისათვის, რომ პატიოსნების კონსტრუქტი არ დაირღვეს  და მერე ამას არ მოჰყვეს სირცხვილი, ხდება სექსის ლეგალიზება - ქორწინება. თუ დაიწყება ამაზე საუბარი, რომ ოჯახები არ უნდა შეიქმნას იმიტომ, რომ სექსი ლეგალური იყოს, რადგან ის არ არის „დანაშაული“ და როგორც სულხან-საბას ლექსიკონი გვამცნობს „კაცთაგან ქალის დამდაბლება“,  ამ შემთხვევაში კიდევ  შეიძლება რაიმე ტიპის ცვლილებების განხორციელება. ქალის სხეული არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლადი, ანუ ჩვენს საზოგადოებაში  ქალის სხეულთანაა დაკავშირებული მამაკაცურობა, თუ ქალის სხეული წესრიგშია და პატიოსნების კონსტრუქტში ჯდება, მაშინ კაცი თავს კარგად გრძნობს.

 

გენდერული როლების აღქმის თავისებურებებისხვადასხვა სტერეოტიპული შეხედულებებიმაგალითადვახსენეთრომ  არსებობს მოსაზრება თითქოს ქალისთვის მნიშვნელოვანი არ არის განათლება და რომ მთავარი მისი რეპროდუქციული ფუნქციაა. საიდან მოდის ეს წარმოდგენები, რა გზა გაიარა და რატომ არის ასე მყარად გამჯდარი ჩვენს  ცნობიერებაში?

 

ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით დავამატებ, რომ, თუ ქალს არ აქვს განათლებაზე ხელმისაწვდომობა, ვიღებთ სიღარიბის ფემინიზაციას. სიღარიბე უფრო მეტად ფემინურია, ვიდრე მასკულინური. ქალს უფრო ნაკლები შემოსავალი აქვს, უფრო ნაკლები ხელმისაწვდომობა  რესურსებზე და ა.შ.

ზოგადად, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ანგლო-ევროპულ კულტურებში ქალის როგორც მეუღლის და კაცის როგორც ქმრის უფლებები ქორწინების ინსტიტუტის განვითარებამ განაპირობა. ქორწინების ინსტიტუტი განვითარდა იმიტომ, რომ შესაძლებელი ყოფილიყო კაპიტალის მართვა. ადრე მემკვიდრეობა გვარებით არ გადადიოდა, ადამიანებს გვარები არ ჰქონდათ. შემდეგ უკვე ოჯახი და ეს სისტემა შეიქმნა იმიტომ, რომ მამიდან მემკვიდრეობა ვაჟზე გადასულიყო. შესაბამისად, გენდერული როლებიც განაწილდა, კაცი უნდა ყოფილიყო კაპიტალის მომპოვებელი და განმკარგავი, ხოლო ქალს საოჯახო საქმეები უნდა ეკეთებინა. ამიტომ ეს გასაკვირი არ არის, ვერ ვიტყვით, რომ ეს მხოლოდ ჩვენი საზოგადეობისთვისაა დამახასიათებელი. ეს ისტორიული გამოცდილებაა. გენდერული წესრიგი ისტორიის, გამოცდილებისა და თანამედროვეობის გადაკვეთაა, ამიტომ აქ საზოგადოება ვერ იქნება  მეამბოხე. გენდერული წესრიგი ეკონომიკური ურთიერთობების გამოძახილია. მას უფრო სიღრმისეული ანალიზი სჭირდება.

 

არ მიიჩნევთ რომ  ჩვენ ამ გზაზე ჩამოვრჩით?

 

ჩამოვრჩით სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ ეს გზა  გავიარეთ, ისე როგორც უნდა გაგვევლო. ჩვენს შემთხვევაში ძალიან ბევრი ფაქტორი იყო, იგივე, მაგალითად, საბჭოთა კავშირის დროს მოჩვენებითი „ქართული მასკულინურობა“ (სუფრაზე განმტკიცებული ეროვნული ერთიანობა და ვაჟკაცობა) იყო ერთადერთი ხელჩასაჭიდი იდენტობა, რადგან ეროვნულობაც კი არ გვქონდა. იმდენი ხანი ვიყავით დაქვემდებარებული, „დაპყრობილი“, „დამდაბლებული“, ანუ ფემინური[4] ქვეყანა, რომ ქალური და ფემინური ყველაფერი შევიზიზღეთ და ჩავახშეთ. დღემდე საზოგადოება ბიჭს ანიჭებს უპირატესობას, „ერის გადარჩენის“, „ერის სიძლიერის“ თვალსაზრისით. ამ მოჩვენებითი გადარჩენის სტრატეგიის შედეგია სელექციური აბორტები, ადრეული ქორწინება, ვითომ იმიტომ, რომ ერი გამრავლდეს და უამრავი სხვა სოციალური მოვლენა, რომელზეც სამწუხაროდ ახლა სიღრმისეულად ვერ ვისაუბრებთ.

 

ჩვენს კონტექსტში  მნიშვნელოვანეს გავლენა აქვს რელიგიას, რომელიც  გვასწავლის როგორი უნდა იყოს ქალის როლი არა მხოლოდ ოჯახში, არამედ საზოგადოებაში და იერარქიასაც მკაცრად გვისაზღვრავს. ბოლოს გვახსოვს პატრიარქის განცხადება ემიგრანტ ქალებზე ..

 

საპატრიარქო ორთოდოქსული დაწესებულებაა და არ მიკვირს მისი ასეთი პოზიცია. ამაზე ქილიკი და ვინმეს ბნელებად მონათვლა არ არის საჭირო. მრავალფეროვნებისთვის საინტერესოა სხვადასხვანაირი შეხედულებები. მათ შორის - ორთოდოქსული. მართმადიდებლური ეკლესია რელიგიური ინსტიტუტია (ავტომატურად მასკულინურიც) და მისი სალაპარაკო ენა, რა თქმა უნდა, პატრიარქალური ღირებულებებით იქნება სავსე. გარდა ამისა, საპატრიარქოს წარმომადგენლებს შესაძლოა არ აქვთ ინფორმაცია რიგ გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით. არ მგონია, არ აინტერესებდეთ. ამიტომ სხვანაირად მოაზროვნე ადამიანებმა ვცადოთ სხვადასხვა ახალი „ცოდნების“ შექმნა და გავუზიაროთ მათ. მოვისმინოთ მათი პოზიცია. ვისაუბროთ.

 

ახლახან გენდერული სტატისტიკა გამოაქვეყნა საქსტატმა, სადაც კარგად ჩანს, რომ ყველა სფეროში - იქნება  ეს სოციალური ცხოვრება, ეკონომიკა, პოლიტიკაში ჩართულობა, საკუთრების უფლების დაცვა თუ  .. - ქალების მონაწილეობა დაბალია. თუნდაც საშუალო თვიური ხელფასი რომ ავიღოთ, კაცის ხელფასი 362 ლარით აღემატება ქალისასროგორ ფიქრობთ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით გენდერული თანასწორობის კუთხით რა არის დღეს საქართველოში ყველაზე მნშვნელოვანი გამოწვევა?

 

მთავარი გამოწვევა არის ორმაგი სტანდარტები. ის ხალხი, რომლებიც ქმნის ახალ ცოდნას, ახალ გენდერულ წესრიგთან დაკავშირებით, ვინც საუბრობს გენდერულ თანასწორობასა თუ შრომის გენდერული ნიშნით დაყოფაზე, ჰომოსექსუალთა უფლებებსა თუ მარადიულ ქალწულობის პრობლემაზე, მაინც პატრიარქალური ღირებულებების კომპლიციტურია. მაგალითად, თუ იქნება გენდერული საკითხების მკვლევარი ბიჭი, არ უნდა იყოს კომპლიციტური და არ უნდა „იღლიცინოს“ ჰომოსექსუალებზე სხვა ჰეტეროსექსუალ ძმაბიჭებთან ერთად, თუ იქნება ფემინისტი ქალი, ეცადოს მართლაც მას ეკუთვნოდეს მისი სხეული და არა „პატრიარქატს“. ერთადერთი ამაში ვხედავ გამოსავალს - გულწრფელობა იმ პოლიტიკური პოზიციისა, რომელსაც მოცემულ მომენტში აფიქსირებ. ვინაიდან მეც სწორედ ასე განვიცდი და ვატარებ იმ პრობლემებს, რაზეც ზემოთ ვისაუბრე.

 

 

 

 

[1]„ადრეული ქორწინება“გულისხმობს ორ ადამიანს შორის სამოქალაქო ქორწინების ან ჩვეულებითი კავშირის შემთხვევებს, როცა ერთი ან ორივე მეუღლის ასაკი არ აღემატება 18 წელს. ადრეულ ქორწინებას ხშირად მოიხსენებენ როგორც „ბავშვთა ქორწინებას” ან „იძულებით ქორწინებას”. „ადრეული ქორწინების“ შედეგია ადრეული ორსულობა, სოციალური იზოლაცია და სიღარიბის ფემინიზაცია; ხშირ შემთხვევაში გოგონები ვეღარ იღებენ განათლებას.

[2]„გათხოვება“ როგორც სიტყვა, რომელიც სიმბოლოებისა და კულტურული შინაარსის მატარებელია, ვერ უძლებს კრიტიკას. თუმცა ქართულ დისკურსში სწორედ ეს სიტყვა გამოიყენება და მისი ხსენების გარეშე ქორწინების ინსტიტუტზე საუბარი შეუძლებელია.

[3]თემის შუახნის  მაცხოვრებლები, განსაკუთრებით მანდილოსნები, პედაგოგები, მოსწავლეები და ბირჟაზე „დასაქმებული“ საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი კაი ოჯახის შვილები.

[4]ქართული კულტურა, არსებული ცოდნა, თუნდაც სექსის აღმნიშვნელი სიტყვები გვეუბნება, რომ ყველაფერი, რაც დაქვემდებარებულია შესაბამისად ქალურია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^