Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გამოწვევა ინკლუზიური განათლებისთვის - ხარისხის უზრუნველყოფა

29 ნოემბერი 2015

სკოლაში სწავლის დაწყება მნიშვნელოვნად ცვლის ბავშვის ცხოვრებას. ახალ გარემოსთან და სასწავლო პროცესთან შეგუება ზოგისთვის მტკივნეულია, ზოგი კი სიახლეს იოლად ეგუება. მხარდაჭერა, რომელიც გააიოლებდა ახალ რეალობასთან მათ ადაპტაციას, თითოეულ მათგანს სჭირდება. როგორც წესი, ბავშვები ამ მხარდაჭერას მასწავლებლისგან და მშობლებისგან იღებენ. საქართველოს საჯარო სკოლები მეტ-ნაკლებად მზად არიან ტიპური განვითარების მქონე ბავშვების მისაღებად. რეალობა განსხვავებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მიმართებაში.

თამარ ხითარიშვილმა შვილთან ერთად სკოლაში სრული ორი წელი გაატარა. ყველა გაკვეთილზე შვილის გვერდით იჯდა, არ შორდებოდა, ეხმარებოდა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული იმ წესებისა და ვალდებულებების შესრულებაში, რომელიც სკოლის ცხოვრებას თანაბრად შემოაქვს ყველა ბავშვის ცხოვრებაში. მარი დაჯექი, ამოიღე წიგნი, ზარი დაირეკა - კლასში შესვლის დროა - ამ ქმედებებთან შვილის შესაგუებლად თამარმა ორი წელი სკოლის კედლებში გაატარა. მარი აუტიზმის მქონეა. მისთვის სასკოლო ცხოვრებაში შესვლა უფრო რთული აღმოჩნდა. სხვა ბავშვების მშობლებისგან განსხვავებით, სკოლაში მარის მარტო დატოვება მშობელმა ვერ შეძლო. ვერ შეძლო იმიტომ, რომ პედაგოგთა კეთილგანწყობის მიუხედავად, მათ არ იცოდნენ როგორ ამოსდგომოდნენ გვერდში მარის, როგორ ეზრუნათ მის ინტეგრაციაზე. თამარი პედაგოგების დამოკიდებულებაზე საუბრისას ძალიან ხშირად ახსენებს სიტყვა - შიშს. ხაზგასმით ამბობს, რომ ისინი კეთილგანწყობილნი იყვნენ მის მიმართ. ჰქონდათ სურვილი, რომ ისევე ეზრუნათ მარიზე, როგორც სხვა ბავშვებზე, მაგრამ “როცა არ იციან, როგორ დაეხმარონ”, ეუფლებათ შიში - შიში, რომ გაკვეთილი ჩაეშლებათ. ხშირად ამის გამო უარსაც კი ამბობენ, სასკოლო პროცესში ბავშვის ჩართვაზე. თამარმა მარი სასკოლო პროცესთან დაკავშირებულ წესებსა და ვალდებულებებს შეაგუა და კლასი დატოვა, მაგრამ ხედავდა, რომ ბავშვი კლასში უფუნქციოდ იჯდა, მის საკლასო პროცესში ჩართვაზე ზრუნვა მასწავლებლებს არ შეეძლოთ. ამიტომ თამარმა მარისთვის სპეციალური პედაგოგი დაიქირავა. პედაგოგი, რომელიც მარისთან ერთად კლასში იქნებოდა და მას სხვადასხვა აქტივობაში ჩართავდა.

“სპეციალური პედაგოგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. გამოსავალი ინდივიდუალური პედაგოგის აყვანა იყო. შედეგი მხოლოდ გვერდით ჯდომას მოაქვს. საგნის პედაგოგები სპეციალური პედაგოგების მითითებით იქცევიან. მერე ეს პედაგოგები მიხვდნენ, რომ მარისთან ურთიერთობა ტრაგედია არ ყოფილა. მარი მეხუთე კლასშია. მეტ-ნაკლებად მიჰყვება ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას. მრავლობითი რიცხვი, დროები - ყველაფერი იცის. ხსნის მათემატიკის ფორმულებს, იცის გამრავლების ტაბულა”, - ამბობს თამარ ხითარიშვილი.


“კლასის დამრიგებელიც და საგნის პედაგოგებიც კეთილგანწყობილნი არიან. ცდილობენ, რომ მაქსიმუმი გააკეთონ. უნდათ, მაგრამ არ იციან, როგორ გააკეთონ”, - ამბობს მარი კორკოტაძე, რომლის შვილი პირველ კლასშია. დათასთან სპეციალური პედაგოგი ინდივიდუალურად მუშაობს. ყველა გაკვეთილზე გვერდზე უზის და ეხმარება. მარი ამბობს, რომ არ უნდა მთელი ცხოვრება მის შვილს გვერდით “აჩრდილი” - მასწავლებელი დაჰყვებოდეს. “მინდა, რომ ჩემს შვილს კონტაქტი ჰქონდეს დამრიგებელთან. კარგი იქნება, თუ ტანტრუმის შემთხვევაში მასწავლებელს ეცოდინება, რაზე გადაატანინოს ბავშვს ყურადღება, რომ ის შეჩერდეს. ეს სპეცპედაგოგი ასეთ შემთხვევებში გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაეხმარება, მაგრამ ოდესმე მასწავლებლები ხომ უნდა დატრენინგდნენ და შეძლონ დამოუკიდებლად ბავშვებთან ურთიერთობა”, - ამბობს მარი. მარი ამბობს, რომ მას გაუმართლა. თუმცა იცნობს მშობლებს, რომლებიც ამბობენ, რომ პედაგოგებს მათი შვილების მიღება უჭირთ, სიის ამოკითხვისას არ ახსენებენ მათ სახელებს და არც დავალებებს უსწორებენ.

საბაც კლასში სპეციალურ პედაგოგთან ერთად ზის. ის 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა. ინდივიდუალური პედაგოგი დედამ დაიქირავა. თვეში 200 ლარს უხდის, რომ მის შვილს სასწავლო პროცესში მონაწილეობაში დაეხმაროს.

მშობლების აზრით, ბავშვისთვის ინდივიდუალური პედაგოგის დაქირავება საუკეთესო გამოსავალია, რომ მათი შვილები კლასში უფუნქციოდ არ ისხდნენ.

რას აკეთებს სახელმწიფო პედაგოგთა გადასამზადებლად?

სასწავლო პროცესში ბავშვის ჩართვაზე და მისი ინტეგრაციის პროცესზე პასუხისმგებელი პედაგოგია. ის ერთადერთი არაა, მაგრამ სკოლაში ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. პედაგოგთა კვალიფიკაციაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. პედაგოგმა უნდა იზრუნოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის განათლებაზე და იმაზე, რომ განსხვავებული შესაძლებლობებისა და უნარების გამო ბავშვი მისი თანატოლების დაცინვის ობიექტი არ გახდეს კლასში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, დაახლოებით 5000-მდე პედაგოგს გავლილი აქვს მასწავლებლის სახლის ტრენინგ-მოდულები, თუმცა საქართველოში სულ 64 ათასამდე პედაგოგია დასაქმებული ზოგადი განათლების სისტემაში. (“სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლის ინტეგრაცია ზოგადსაგანმანათლებლო კლასში“ „სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლის მასწავლებლის პორტფოლიო“; „რთული ქცევის მართვა“; „აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე მოსწავლეთა სწავლება“)

საგნის პედაგოგებთან ერთად სკოლაში მნიშვნელოვანი რგოლია სპეციალური პედაგოგი, რომელიც ქართული საგანმანათლებლო სისტემისთვის ახალი მოვლენაა.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს რეგულაციების შესაბამისად დღეს სპეციალურ პედაგოგად დასაქმება შეუძლია პირს,  რომელსაც აქვს პედაგოგიური ან ფსიქოლოგიური კვალიფიკაცია და სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილება.

პედაგოგთა შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე, სკოლა, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე ირიცხება, აცხადებს ვაკანსიას სპეციალური მასწავლებლის, ინკლუზიური განათლების კოორდინატორის ან ფსიქოლოგის პოზიციაზე და ატარებს კონკურსს. მას შემდეგ, რაც ინკლუზიური განათლების სპეციალისტი სკოლასთან გააფორმებს ხელშეკრულება, ის ვალდებულია იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ინკლუზიური განათლების სპეციალისტებს სთავაზობს კურსს სპეციალურ პედაგოგიკაში, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 228 საათს, საიდანაც 122 საათი საკონტაქტოა (ტრენინგების და ინდივიდუალური კონსულტირების სახით).

კურსი ეფუძნება სპეციალური მასწავლებლის სტანდარტს და შეესაბამება სტანდარტის მინიმალურ და ძალიან ბაზისურ მოთხოვნებს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, დღესდღეობით კურსი 500-მდე სპეციალურ პედაგოგს აქვს გავლილი.

სულ სისტემაში 800-მდე სპეციალური პედაგოგია დასაქმებული. 2013 წლის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 3543 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლე დარეგისტრირდა, 471 სწავლობს სპეციალიზებული პროფილის საჯარო სკოლაში, ხოლო  უმრავლესობა – ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლაში.

საქართველოში ინკლუზიური განათლების სწავლება 2006 წლიდან დაიწყო. დასაწყისში პროექტში მხოლოდ 10 საპილოტე სკოლა იყო ჩართული, წლიდან წლამდე იზრდებოდა ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სკოლების სია, 2012 წლიდან კი ყველა საჯარო სკოლა ინკლუზიური გახდა.

სახელმწიფო თქმით, ის ზრუნავს, რომ საჯარო სკოლის პედაგოგებმა მიიღონ განათლება ინკლუზიური განათლების სწავლების მეთოდების შესახებ.  ამზადებს როგორც საგნის პედაგოგებს, ისე სკოლის ადმინისტრაციის წევრებს და სპეციალურ პედაგოგებს.

თუმცა აღიარებს, რომ ისეთი კვალიფიციური კადრით სკოლების უზრუნველყოფა, როგორიც განვითარებულ ქვეყნებშია, მხოლოდ შესაბამისი საუნივერსიტეტო განათლების მქონე ადამიანების დასაქმებითაა შესაძლებელი. ასეთი განათლების მქონე ადამიანები კი საქართველოში ცოტაა. აქ ჯერჯერობით სულ რამდენიმე უნივერსიტეტს აქვს სპეციალური პედაგოგიკის მაგისტრატურა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო თავის პოლიტიკაში არათანმიმდევრულია. ერთი მხრივ, აცხადებს, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლება მისთვის პრიორიტეტია, მეორე მხრივ, სპეციალური პედაგოგების მიმართ  მისი პოლიტიკა საწინააღმდეგოზე მეტყველებს, რადგან ისინი ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ნაკლებმნიშვნელოვან რგოლადაა წარმოდგენილი.

“ჩემთვის აშკარაა, რომ განათლების სისტემა სპეციალურ პედაგოგს ერთიანი სისტემის ნაწილად არ განიხილავს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ სპეციალური პედაგოგი არის განყენებული მოვლენა და იგი უმნიშვნელო რგოლია. ამას მიუთითებს მათი „ადმინისტრაციული მუშაკის“ სტატუსი და მასწავლებელზე დაბალი ხელფასი. ეს არის მიუღებელი. ვინაიდან სსსმ მოსწავლის განათლება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა ბავშვების, მათი წარმატებული ინკლუზიის აუცილებელი პირობის, ანუ სპეც პედაგოგის მნიშვნელობის დაკნინება, არღვევს სსსმ ბავშვის განათლების უფლებას”, - ამბობს ანა არგანაშვილი.

სპეციალური პედაგოგების თვიური ანაზღაურება 280 ლარია. ხელზე ისინი 230 ლარს იღებენ. ანა არგანაშვილი ფიქრობს, რომ არამიმზიდველი ხელფასის გამო, სავარაუდოდ, ამ პოზიციაზე დასაქმების სურვილი პროფესიონალებს არ ექნებათ და გამოდის, რომ სისტემაში საქმდებიან ადამიანები, რომელებიც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ და ირღვევა სსსმ ბავშვის ხარისხიანი განათლების უფლება. თუმცა აქვე აღნიშნავს რომ არსებობენ გამონაკლისები, როცა ანაზღაურებისა და სტატუსის მიუხედავად, ამ პოზიციაზე პროფესიონალები იწყებენ მუშაობას.

აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში სახელმწიფომ სპეციალური პედაგოგები ამ ეტაპზე არ ჩართო. შეგახსენებთ, რომ საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის სახელმწიფომ შეიმუშავა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის გეგმა და თითოეულ პედაგოგს სთხოვს, იზრუნოს თავის პროფესიულ ზრდაზე, რომელიც შესაბამისად აისახება მათ კარიერულ მიღწევებსა და სახელფასო სარგოზე. სპეციალური პედაგოგები კი ამ სქემაში არ მოხვდნენ, რაც ამ პოზიციაზე მომუშავე ადამიანთა უკმაყოფილების მიზეზია. მე-10 საჯარო სკოლაში მომუშავე სპეციალური პედაგოგი ამბობს, რომ მათ სპეციალურ პედაგოგთა ასოციაციის სახელით ამ მოთხოვნით უკვე მიმართეს სამინისტროს და ითხოვენ სქემაში ჩასმას. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ამბობს, რომ სქემა საპილოტეა და აუცილებლად მოხდება სპეციალურ პედაგოგთა ინტეგრირება არსებულ სქემაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^