Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სესხში დაკარგული სახლი

03 დეკემბერი 2015
ვადაგადაცილებული სესხები, მაღალი საპროცენტო განაკვეთები, გამოსახლება და ასობით გაყიდული საცხოვრებელი სახლი - სულ უფრო იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მძიმე სოციალური ფონის თუ სხვადასხვა პრობლემის გამო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მიმართავენ.

ხის ძველებურ სახლში, რომელიც სოფელ ფარცხანაყანებში დგას, ორი ოჯახი ცხოვრობს. ბექა ნუცუბიძემ მშობლებსა და ძმასთან ერთად მთელი ცხოვრება ამ სახლში გაატარა. ძმამ ცოლი შეირთო და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ისიც აქ დასახლდა. ოჯახის წევრებს მუდმივი სამსახური არ აქვთ, ხან რა გამოჩნდება, ხან რა. ძირითადად, სოფლის მეურნეობას ეწევიან, მიწას ამუშავებენ და სათბურებს უვლიან.

ყოველდღე, ჭიშკართან ვინმეს დაძახებისას თუ მანქანის ჩავლისას, ფანჯრიდან შიშით იხედებიან. ელოდებიან, რომ ერთ დღესაც „აღმასრულებელი”გამოჩნდება და სახლის დატოვებას მოსთხოვს. ვერსად წავლენ.

ცხრა თვის წინ ბექამ სესხი აიღო. 3000 დოლარის სანაცვლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტმა”იპოთეკური სესხის ხელშეკრულება გაუფორმა. სესხის გარანტიად ის სახლი ჩაიდო, სადაც ბექას ოჯახი ცხოვრობს, რადგან სხვა უძრავი ქონება არ გააჩნიათ. რამდენიმე თვის შემდეგ ოჯახმა სესხის გადახდა ვეღარ შეძლო. ბექა ქუთაისში წავიდა. ვალის რესტრუქტურიზაცია ითხოვა, მაგრამ „რიკო კრედიტის”ოფისში ვალის გადახდის ახალ გრაფიკზე უარი უთხრეს. უფრო მეტიც, მოსთხოვეს, გაცემული 3000 დოლარი სრულად დაეფარა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლს გაუყიდდნენ. ხელშეკრულებაში მითითებული იყო, რომ თუ სესხის დაფარვის ვადას გადააცილებდა, მიკროსაფინანსოს თანხის სრულად მოთხოვნის უფლება ჰქონდა.

„ბანკებთანაც მქონია გამოცდილება. დოლარის კურსის ცვლილების თუ სხვადასხვა პრობლემის გამო, როცა ვადაგადაცილება გვქონდა და თხოვნით მივმართავდით, ჩვენთან თანამშრომლობდნენ, ახალ გრაფიკს გვიდგენდნენ და ვიხდიდით. ასე არავინ გველაპარაკებოდა - ან სრულად შემოიტანე თანხა, ან სახლს წაგართმევთო. მაგალითად, „საქართველოს ბანკში”ოთხი თვე ვერ გადავიხადე, მაგრამ მომცეს საშუალება, გამეგრძელებინა და გადამეხადა. გადახდაზე უარი არასდროს გვითქვამს, უბრალოდ, ვითხოვდით, მოეცათ საშუალება, ნელ-ნელა გადაგვეხადა. პირდაპირ მითხრეს ოფისში, რომ „რიკო”ასეთ დათმობაზე არ მიდის. თუ გაქვთ სამიათასი დოლარი მთლიანად, მოდით, თუ არადა აზრი არ აქვს საუბარსო,”- გვიყვება ბექა ნუცუბიძე.

რამდენიმე თვეში უწყება მიიღეს. სახლი გაყიდულია. გააფრთხილეს, რომ ან ნებაყოფლობით დატოვებენ სახლს ან ძალას გამოიყენებენ.

როგორც ბექამ გაარკვია, „რიკო კრედიტის”მიერ აუქციონზე გატანილი მისი სახლი შპს „ჰოლდინგი - 1-მა”შეიძინა. ამ კომპანიის დამფუძნებელი კი „რიკო კრედიტის”დირექტორი და დამფუძნებელი ლაშა ნიკოლეიშვილია.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ბექას უთხრეს, რომ მისი სახლი უკვე შპს „ჰოლდინგი - 1-ის”საკუთრებაშია და „რიკო კრედიტთან”საქმე აღარ აქვს. აღმოჩნდა, რომ „ჰოლდინგი - 1”სახლს 12 000 დოლარად ყიდის. იურისტებმა ბექას უთხრეს, რომ კანონი არ დარღვეულა, აუქციონზე გატანილი სახლი კომპანიამ იყიდა და თავის ფასს ადებს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”იურისტ ნიკა სიმონიშვილის განმარტებით, იპოთეკური ხელშეკრულების არსი სწორედ იმაშია, რომ თუ მოვალემ ვერ გადაიხადა კონკრეტული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და სესხის თანხა ვერ დაფარა, ორგანიზაციას აქვს სრული უფლება, უძრავი ქონების რეალიზებით ამოიღოს ეს ვალი, „თუმცა ამ უფლების გამოყენება მართლზომიერად უნდა მოხდეს~.

იურისტის თქმით, თუკი მოვალის მხრიდან არსებობს მყარი გარანტია, რომ რესტრუქტურიზაციის პირობებში ამ თანხას დაფარავს, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულება უნდა იყოს: „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თანხის მიღებისკენ უნდა იყოს ორიენტირებული და არა იმისკენ, რომ ზიანი მიაყენოს მეორე მხარეს. ხელშეკრულების საწყისები თანასწორუფლებიანობას უნდა ეფუძნებოდეს და ორივე მხარის ინტერესი დაცული იყოს~.

ერთ თვის წინ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ერთ-ერთი მოვალის სარჩელი განიხილა. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბანკმა კეთილსინდისიერების პრინციპი დაარღვია და ქონების რეალიზების უფლება ბოროტად გამოიყენა. მოქალაქემ, რომელსაც ერთ-ერთ ბანკში ქონება იპოთეკით ჰქონდა დატვირთული, დროულად ვერ შეძლო თანხის დაფარვა, ამიტომ ამ ვალის რესტრუქტურიზაციის თხოვნით სხვა ბანკს მიმართა. ბანკი თანახმა იყო, მისთვის სესხი მიეცა, რომ პირველ ბანკთან არსებული დავალიანება დაეფარა. ამის შესახებ მან ბანკს წერილი მისწერა, რომ მზად იყო, მოვალის თანხა დაეფარა, თუმცა პასუხს დროულად ითხოვდა, რადგან მოვალის ქონების რეალიზაციის ვადა ახლოვდებოდა და სესხის გაცემა უნდა მოესწრო. ბანკმა პასუხი არ დაუბრუნა. ამასობაში დავალიანების გადახდის ვადაც ამოიწურა და მოქალაქის ქონება სარეალიზაციოდ აუქციონზე გაიტანა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ პასუხის გაუცემლობით ბანკი არაკეთილსინდისიერად მოიქცა, რადგან, რეალურად, მისი ინტერესი უნდა ყოფილიყო არა კონკრეტული ქონების ხელში ჩაგდება, არამედ ის, რომ მოვალეს მის წინაშე აღებული ვალდებულება შეესრულებინა.

საიას იურისტის თქმით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კარგი მაგალითია იმ თვალსაზრისით, რომ თუ მოვალე მყარ გარანტიას შესთავაზებს კრედიტორს და ვალის გადახდის ალტერნატიულ გზებს მოძებნის, არსებობს შესაძლებლობა, მას სახლი აღარ გაუყიდონ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ონლაინსესხებსა და მათთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს რამდენიმე თვეა „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი”იკვლევს. მოკვლევა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ზოგადი სურათით ჩანს, რომ მომხმარებლების უმეტესობა რთულ მდგომარეობაშია, ბევრ მათგანს აქვს დავალიანება და ვადაგადაცილება, ჯარიმებისა და მაღალი პროცენტის გამო კი გადახდას ვერ ახერხებენ.

„ხელშეკრულების ანალიზმა გვაჩვენა, რომ ისინი ერთმნიშვნელოვნად პრიორიტეტულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის. ანუ იჩაგრებიან ხელშეკრულების მეორე მხარეს მყოფი პირები. მოვალეთა 90% არ იცნობს ხელშეკრულებას, სანამ პრობლემა არ შეექმნება და არ გადაუგზავნიან სარჩელს ან საარბიტრაჟო საჩივარს. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია მაღალი საპროცენტო განაკვეთები, რაც ძალიან აფერხებს მოვალეებისთვის ვალდებულების შესრულებას„ - ამბობს „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის”წევრი შოთა როსტომაშვილი.

2013 წელს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლში შეტანილი ცვლილების მიხედვით, საპროცენტო განაკვეთების მაქსიმალური ზღვარი დაწესდა, თუმცა იქვე ჩაიწერა, რომ ეს დათქმა მხოლოდ ფიზიკურ პირებს შორის ხელშეკრულებებს ეხებოდა და არა კომერციულ ბანკებს ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების”მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის მიმოხილვამ აჩვენა, რომ წლიური საპროცენტო განაკვეთი სესხებზე 24-36%-ის ფარგლებში მერყეობს, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი 45%-ია. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში მომხმარებელი ფიქსირებულ პროცენტს იხდის და არა კლებადს, როგორც ეს კომერციულ ბანკებშია.

მოკვლევის მიხედვით, სასესხო პორტფელის ვადაგადაცილების მაჩვენებელზე არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება, თუმცა ცნობილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონების მაჩვენებელი: 2014 წლის მე-4 კვარტალის მონაცემებით, დასაკუთრებულია 6 მლნ ლარის უძრავი და მოძრავი ქონება. უცნობია, უმეტესი წილი რა სახის ქონებაზე მოდის. პარალელურად იზრდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივებიც, რომლის მოცულობამ 2014 წელს 1 მლრდ ლარს გადააჭარბა.

„ისინი სესხებზე ხისტი პირობებით გამოირჩევიან. მიკროსაფინანსოებთან პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში მოლაპარაკების წარმოება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, არ აკეთებენ სესხის რესტრუქტურიზაციას. შედეგად მომხმარებელს ვადაგადაცილების შემთხვევაში არანაირი გამოსავალი არ რჩება გარდა იმისა, რომ ქონება ან თავად გაყიდოს, ან არა და მას ორგანიზაცია სასამართლოს გზით იძულებით აღსრულების წესით აუქციონზე გაიტანს.

არსებობს ეჭვი, რომ მიკროსაფინანსოები დაინტერესებულნი არიან ქონების ჩამორთმევით, რის შემდეგაც მათ რჩებათ ორჯერ მეტი კაპიტალი. შესაბამისად, გასაკვირიც არ არის, რომ ეს სექტორი წლიდან წლამდე ვითარდება და მისი ფინანსური მდგომარეობა უმჯობესდება. 2014 წლის მონაცემებით, ამ სექტორის წმინდა მოგებამ 80 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წელზე 29%-ით მეტია - ნათქვამია „საზოგადოება და ბანკების”კვლევაში.

საქართველოს კანონმდებლობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ისევე როგორც ბანკებს, თითქმის ყველა ოპერაციის შესრულების უფლება აქვთ, გარდა დეპოზიტების მიღებისა. თუმცა, როგორც კვლევაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში შედარებით ცნობილმა ორგანიზაციებმა გამოსავალი იპოვეს და ე.წ. თამასუქების გაცემა დაიწყეს, რაც დეპოზიტების ნაირსახეობაა; „მიკროსაფინანსოების მუშაობის ასეთი პრინციპი გამომდინარეობს იქიდან, რომ მათი საქმიანობა არ რეგულირდება არც ეროვნული ბანკის და არც სხვა სტრუქტურის მიერ. მართალია, არსებობს კანონი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ, თუმცა ეს კანონი განსაზღვრავს ზოგად საქმიანობას, სამართლებრივ ფორმას და სხვა უმნიშვნელო ფაქტორებს~.

ბექა ნუცუბიძე გამოსავალს ეძებს. 12 000 დოლარს ვერ გადაიხდის. რამდენჯერმე სცადა კომპანიასთან მოლაპარაკება ფასზე, გადახდის გრაფიკზე, მაგრამ ისევ უარით გამოისტუმრეს, ბოლოს უთხრეს, რომ სახლს საერთოდ აღარ ყიდიან. სახლი ოჯახს აღარ ეკუთვნის, საქმე კი აღსრულების ბიუროშია.

აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში საცხოვრებლიდან 246 ოჯახი გაასახლეს, 2015 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში - 147. აუქციონზე კი 2015 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით 880 საცხოვრებელი სახლი გაიყიდა.

მიკროსაფინანსო სექტორი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სექტორი ქართულ საფინანსო ბაზარზე 2006 წლიდან გამოჩნდა. „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ”კანონის მიხედვით, ის არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც მისი განაცხადის საფუძველზე რეგისტრირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას, ეროვნულო ბანკის ზედამხედველობით.

დღეს საქართველოში 71 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მოქმედებს. ორგანიზაციების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2010 წელს მათი რიცხვი მხოლოდ 49 იყო. ასევე იზრდება მიკროსაფინანსოების ფინანსური მაჩვენებლებიც. 2014 წლის დეკემბრის მონაცემებით, მიკროსაფინანსო სექტორის მთლიანი სასესხო კაპიტალი 853 მლნ ლარს შეადგენდა.

სტატისტიკა

აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2013 წლიდან 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით გამოსახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადებების საფუძველზე სულ 523 საქმე აღსრულდა, 2013 წელს - 130, 2014 წელს - 246, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში 147 საქმე.

აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2014 წლის ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით აუქციონზე რეალიზებულია 1053 ლოტი, საიდანაც, 694 ლოტი საცხოვრებელი ფართია, ხოლო 359 - სხვა ტიპის უძრავი ქონება. 2015 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით რეალიზებულია 1391 ლოტი, 880 ლოტი შეადგენდა საცხოვრებელ ფართს, ხოლო 511 - სხვა ტიპის უძრავ ქონებას.

რეკომენდაციები

„საზოგადოება და ბანკების”რეკომენდაციები მიკროსაფინანსო სექტორის რეგულირებაზე:

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხებზე დაწესდეს საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი; მიკროსაფინანსოების მიერ გაცემულ სესხებზე სავალდებულო წესით დაწესდეს ე.წ. ანუიტეტური გადახდის გრაფიკი, სადაც ყოველთვიურ შენატანში გათვალისწინებული იქნება როგორც საპროცენტო სარგებელი, ასევე სესხის ძირიც; მიკროსაფინანსოებისთვის სესხის მოცულობის ლიმიტი განისაზღვროს; დაწესდეს მკაცრი კონტროლი და გარკვეული შეზღუდვა მიკროსაფინანსოების მიერ გაცემულ თამასუქებზე; მოხდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ სესხის გაცემის დროს რისკების შეფასების სისტემის სრულყოფა და გამკაცრება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 სექტემბერი
25 სექტემბერი

პოლიტიკის წესები

დასავლური პოლიტოლოგიის ვერსია იმის შესახებ, თუ რატომ ხდებიან მმართველები დიქტატორები, კარგადაა აღწერილი ნიუ-იორკის უნივე ...
11 სექტემბერი
11 სექტემბერი

რას ვუყუროთ. კინორეკომენდაცია

დასვენების დღეებში, „ლიბერალი“ გთავაზობთ კინორეკომენდაციებს, მოკლე ანოტაციებით. თითო რეკომენდაციაში სულ ცოტა სამი ფილმია ...
04 სექტემბერი
04 სექტემბერი

გაველურდი! - ჩემი რჩევა ტექნოლოგიასთან ე ...

„რა თქმა უნდა, ყველა ვერ გავიქცევით და ტყეში ვერ ვიცხოვრებთ. მაგრამ თუკი უარს ვიტყვით სესხებზე, მოწყობილობებზე და ბუნება ...

მეტი

^